"თავიდან ბოლომდე საქმეშია, ცდილობს ყოჩაღად იყოს... გულწრფელია და ვერავის იპოვით, ვინც იტყვის, რომ ნიკა წულუკიძე თამაშობს" - დოდოშკა ხურცილავა

tsulukidze

თეატრის საერთაშორისო დღეს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე აღინიშნა. პერფორმანსში - „ქართული თეატრის ამბავი ანუ“ ნიკოლოზ საბაშვილის რეჟისორობითა და ნიკოლოზ წულუკიძის შესრულებით (ასევე, ანსამბლ „სუხიშვილებთან“, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრსა და მაესტრო ნიკა ნიკვაშვილთან ერთად) გაცოცხლდა საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ქართული თეატრის იდუმალი ამბები და მოგონებები, რომლებიც ხშირად ფარდის მიღმა რჩება.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თეატრმცოდნეები, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობები და მომღერალი კატო კვარაცხელია.
პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

ლაშა ჩხარტიშვილი (თეატრის კრიტიკოსი): არ დამავიწყდება დეკემბრის ის საღამო, როცა ნიკა წულუკიძემ მინისტრს, თეა წულუკიანს გაანდო მისი ჩანაფიქრი თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნის თაობაზე… ისე ჰყვებოდა, რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო, რომ ის ადამიანიც კი მოიხიბლებოდა, ვისაც თეატრი საერთოდ არ იზიდავს და არ უყვარს. მინისტრმა მხარდაჭერა აღუთქვა და დაიწყო სამზადისი, დეკემბერშივე… წულუკიძემ მშვენივრად იცის, ვის მიანდოს ასეთი ტიპის საღამოს რეჟისურა და ვის უნდა გაეფორმებინა ის მუსიკალურად. ამიტომაც აარჩია ნიკა საბაშვილი და ნიკა ნიკვაშვილი, რომლებმაც ფაქტია, შესანიშნავი, შთამბეჭდავი და დაუვიწყარი საღამო, ქართული თეატრის ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს მაყურებელს და თავად ქართულ თეატრს.
მაშინ, როცა ეს საღამო დაიგეგმა, ვერც წარმოვიდგენდით ნიკას მეგობრები და კოლეგები, რომ ჩვენც აღმოვჩნდებოდით ამ დიდი დღესასწაულის მონაწილეები. ჩვენც, თავხედურად, ამ ავანწიურაზე დავთანხმდით და გამოვიდა ის, რაზედაც დიდხანს ილაპარაკებენ და ყოველთვის ემახსოვრებათ.
მადლობა სამივე ნიკას, გუნდის თითოეულ წევრს, რომლებმაც არაერთი ღამე გაათენეს იმისთვის, რომ ეს დღესასწაული შემდგარიყო.

წარმოდგენას იმხელა რეზონანსი მოჰყვა, რომ სოციალური ქსელი ამ საღამოს ამბებით აჭრელდა. 

"საქართველოს ჭეშმარიტი სიამაყე ნიკოლოზ წულუკიძე.  აი, ეს ხდებოდა დღეს რუსთაველის თეატრში" - წერს გიორგი კალანდია.

"ეს იმ საღამოების სიაში შევა, როდესაც გამოსვლისას ფიქრობ ხოლმე, რომ ცოტათი უკეთესი გახდი, უფრო კეთილი, უფრო მოსიყვარულე, უფრო დამთმობი. გაგვიგრძელა დრო ფიქრისთვის. მსგავსი მთხრობელი, მე არ ვიცი დღეს. ბრავო, ნიკა და მადლობა" - წერს კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი.

"იმდენი საინტერესო ამბავი გადმოსცა, ისეთი შემოქმედებითი საღამო გამოვიდა, რომ ახლაც შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ.
ამბები კი იყო ისეთი, "გუგლში" რომ არ იძებნება, მაგრამ კარგი იქნებოდა, ახლა უკვე იძებნებოდეს" - წერს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი.

რუსთაველის თეატრის სცენაზე თეატრმცოდნეებმა გააცოცხლეს ფიგურები, რომლებმაც აღადგინეს ქართული თეატრი, მათ შორის - ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ლადო მესხიშვილი, ნატო გაბუნია, მაკო საფაროვა, ვასო აბაშიძე, კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, თამარ წულუკიძე, დოდო ალექსიძე, მიხეილ თუმანიშვილი. პერფომანსის ბოლოს გავიდა რობერტ სტურუას ინტერვიუს ჩანაწერი. 

"პრაიმტაიმის" მკითხველს საღამოზე უყვება თეატრმცოდნე დოდოშკა ხურცილავა, რომელიც წარმოდგენის მონაწილე გახლავთ. 

დოდოშკა ხურცილავა: ოთხი თეატრმცოდნე ვკითხულობდით ტექსტებს, რომლებმაც იმ დროს, როცა ეს რეცენზიები დაიწერა, ცუდი შთაბეჭდილება მოახდინეს საზოგადოების ნაწილზე. უარყოფითი რეცენზია იყო დაწერილი მიშა თუმანიშვილზე თეატრზე მისი ახალი შეხედულებების გამო. ჩვენ არ დავასახელეთ ამ თეატრმცოდნეების ვინაობა, უბრალოდ იმ უარყოფითი კონტექსტის მქონე სტატიებიდან ნაწყვეტები წავიკითხეთ. ის ახალგაზრდა კრიტიკოსი თვლიდა, რომ თუმანიშვილი შეეცადა თეატრისთვის გმირულ-რომანტიკული სული წაეშალა. მერე მან ბოდიში მოიხადა. 

ჩვენ არ ვყვებოდით ისტორიებს, ეს იყო განცდების გადმოცემა, რაც საზოგადოებას და მისი სახით, ნიკა წულუკიძეს გაუჩნდა იმ ადამიანების მიმართ, ვინც კარგი ან ცუდი ცხოვრება განვლეს ქართული თეატრის ისტორიაში. ამიტომ დატოვა პერფომანსმა ასეთი კარგი შთაბეჭდილება მაყურებელზე. ეს იყო გულიდან წამოსული ამბავი და შესანიშნავი სანახაობა - როგორ აქცია ნაფლეთებად ეს ადამიანები ცხოვრებამ. ზოგი ვარსკვლავად იქცა, ზოგი აჩრდილად გადაიქცა. ვაჩვენეთ, ცხოვრებამ რა ტკივილები მიაყენა ადამიანებს. რაც უფრო კარგი შემოქმედი ხარ, მით უფრო მეტად ცდილობენ შენს დაჩაგვრას და სულელური იარლიყების მოკერებას. ის ფაშისტურ-ბოლშევიკური დამოკიდებულება, როგორც მაშინ იყო, ასეა სამწუხაროდ დღესაც. დასმენები იყო მაშინაც და დღესაც ასეა. 

რადგან გვსურდა, რომ ამ ადამიანების იდენტიფიცირება არ მომხდარიყო, რეჟისორმა ნიკა საბაშვილმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ თეატრალური კოსტიუმები ჩაგვეცვა. სხვადასხვა ტიპის პერსონაჟები მოვირგეთ. მე დედოფალს ვგავდი, მაკა ვასაძე სწავლული ქალის ტიპაჟი იყო, გია ცქიტიშვილი მაღალი თანამდებობის პირის სახით წარდგა, ლაშა ჩხარტიშვილი - ცნობილი კაცები რომ არიან, ყველაფერი რომ იციან, ყველას რომ იცნობენ და მოდებულნი არიან ყველაფერს, ეგ ტიპაჟი იყო. პატარა კარიკატურები გამოგვივიდა. ცოტა გადავაჭარბეთ და გადავამლაშეთ. თუმცა საზოგადოებამ გულთბილად მიიღო. არ გაგვაკრიტიკეს და იმ მშვენიერ საღამოში ჩაჯდა.

- და მაინც როგორ ფიქრობთ, რატომ გამოიწვია პერფომანსმა მაყურებელში ასეთი რეზონანსი?

- გეტყვით: რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი ძალიან კრეატიულად მოაზროვნე ადამიანია. დიდი როლი ჰქონდა მუსიკას, მუსიკალურ მხარეს ნიკა ნიკვაშვილი ხელმძღვანელობდა. და მთავარი გმირი - ნიკა წულუკიძე. ანუ სამმა ნიკამ ერთად შეძლეს ის, რომ ეს სანახაობა ასეთი რეზონანსული გამოვიდა.

ნიკა წულუკიძეს აქვს მომხიბვლელობა. სცენაზე დგას და ყურადღებას იპყრობს. აქვს შესანიშნავი ალღო, ზუსტად იცის, საით უნდა მიმართოს ემოცია იმისთვის, რომ მაყურებელი მოხიბლოს. რა თქვას, როგორ თქვას, როგორ მონუსხოს მაყურებელი... 

ძალიან კარგად იცის ქართული თეატრის ისტორია და ზუსტად იცის, სად რა აქცენტები დასვას. 

თავიდან ბოლომდე საქმეშია, ცდილობს ყოჩაღად იყოს და თავის ვარამს საქმეში კლავს. ძალიან ნიჭიერი და თბილი ადამიანია.

უყვარს ხანში შესული ადამიანები. თანადგომით ექცევა მათ. გამოხატავს სიყვარულს. ეს აღზრდის "ბრალია". ნიკას არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს, რომლებმაც ის კაცთმოყვარედ გაზარდეს. ეს ჩანს. ჰუმანურობას და სიყვარულს ვერ დამალავ. ის გულწრფელია და არ თამაშობს. ვერავის იპოვით, ვინც იტყვის, რომ ნიკა წულუკიძე თამაშობს. როგორც ბავშვის დანახვაზე, ისე მოხუცის დანახვაზეც უბრწყინავს თვალები. და მაინც კაცთმოყვარეობა მნიშვნელოვანი თვისებაა.