მოძრაობა დროებით შეიზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1732303587
გურამ დოჩანაშვილი 27 მარტს 84 წლის გახდებოდა... მეორე წელია ამ დღემ უმისოდ ჩაიარა, უჩუმრად. თუმცა ხმაური სიცოცხლეშიც არ ჰყვარებია...
82 წელი კლინიკაში შეუსრულდა. 2 აპრილს მოძღვარმა აზიარა და რამდენიმე საათში (გულის უკმარისობით) აღესრულა.
პანთეონები და პომპეზურობა არასდროს ჰყვარებია. ამიტომ ანდერძის თანახმად, შვილის გვერდით დაიკრძალა; 22 წლის ვაჟის, რომლის გარდაცვალებამ მისი სიცოცხლე გააფერმკრთალა. კლასიკოსმა ეს დიდი ტკივილი, მთელი ცხოვრება ჩუმად ატარა.
მოვლენამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა მწერალს, სრულად შეიცვალა როგორც მისი ცხოვრება, ასევე მწერლობაც. საყვარელ საქმეზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული. თუმცა ირაკლის გარდაცვალებამ ღმერთთან დააახლოვა. ტრაგედიის "მონელებაში" სასულიერო პირები და ახლობლები დაეხმარნენ. გადარჩენასა და უფლისადმი მიქცევას კი, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს უმადლოდა. სწორედ უწმინდესის კურთხევით დაუბრუნდა მწერლობას.
გურამ დოჩანაშვილი: - შვილი რომ გარდამეცვალა, სამძიმრის დღეებში ბატონი ნიკო ჭავჭავაძე, იცით, რა დროს მოდიოდა ხოლმე? - ღამის 12 საათზე და მთელ ღამეს ჩემთან იჯდა. ბატონი რეზო ჩხეიძე კიდევ საღამოობით მოდიოდა და 6-დან 11 საათამდე ფეხზე იდგა. ამას განვიცდიდი და ორივეს ვეხვეწებოდი, რას არ ვეუბნებოდი, წაბრძანდით, ჩემი შვილი მაგლოვეთ-მეთქი, მაგრამ არაფრით მტოვებდნენ. ასეთები იყვნენ! მაშინდელი თანაგრძნობა და დღევანდელი რომ შევადარო, დღეს იმის ნატამალს ვერ ვხედავ.
თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები გურამ დოჩანაშვილმა სამების საკათედრო ტაძრის ლავრაში გაატარა, სადაც ბოლო ორი წელი მეუღლესთან ერთად იცხოვრა.
მსახიობი ედმონდ მინაშვილი "პრაიმტაიმთან" კლასიკოსს იხსენებს.
"სამების ეზოში უწმინდესმა ღვაწლმოსილ ადამიანებს გამოუყო ლავრები, სადაც ისინი ცხოვრობდნენ და საჭიროებისამებრ, მკურნალობდნენ. ბატონმა რეზო ჩხეიძემ ფეხი რომ მოიტეხა, სარეაბილიტაციო პერიოდს იქ გადიოდა. მივედი და მოვინახულე. კარგად რომ ვისაუბრეთ, მითხრა, ჩემს გვერდით ლავრაში გურამ დოჩანაშვილი ცხოვრობს, გადავიდეთ, მოვინახულოთო. წარუდგინა ჩემი თავი, ჩემი მოსწავლე, მსახიობი ედმონდიო.
ბატონმა გურამმა უთხრა, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. ორი კვირაა გაჩერებული ვიყავი, წერას ვერ ვაგრძელებდი. ღვთისმშობელი რაღაცისთვის უნდა შემედარებინა და ვერაფერს ვადარებ, მზე, მთვარე, ყველაფერი მებანალურაო. დღეს დილით კი მომივიდა იდეა და წერაც გავაგრძელეო, თქვა. რას შეადარეო, ჰკითხა ბატონმა რეზომ. დავწერე – “ღვთისმშობელი ლამაზი, როგორც თვითონ”. ეს ფრაზა შევიდა მის ნაწარმოებში “ბრმად ყოფილი და…” ამის აღსანიშნავად შავი ღვინის ბოთლი გახსნა, შეივსო სამი ჭიქა და ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობაც…
თავისი ცხოვრების დიდ ტკივილზე არასდროს საუბრობდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ერთხელაც არაფერი დასცდენია. არასდროს არ აფიშირებდა ამ თემით. პირად ტრაგედიაზე არ დაგელაპარაკებოდა. ამ დიდი ტკივილით იცხოვრა" - გვიყვება მსახიობი.
თუმცა იყო ხალისიანი, სევდიან-იუმორიანი. ურთიერთობისას მის მიმართ საოცარი მოკრძალება გქონდა. ხომ თავმდაბალი იყო და მოკრძალებული, ამავდროულად ბუნებრივ დისტანცირებას ახდენდა საზოგადოებისგან. ჰქონდა საოცარი სიდიადე. ამ სიდიადეს კი არასდროს გაგრძნობინებდა, ამას თვითონ გრძნობდი მასთან ურთიერთობისას.
სამების ლავრაში მწერალს დაუახლოვდა არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი, რომელსაც აღსარებას აბარებდა.
არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი: მანამდე რომ მხოლოდ წიგნით და ტელევიზიით ვიცნობდი და უცებ, ამ ბუმბერაზ ადამიანთან ერთად, ერთ შენობაში აღმოვჩნდი. ყოველ კვირას უწმინდესთან წირვას ესწრებოდა. დღესასწაულებზე ტაძარში ესწრებოდა მსახურებას, ეზიარებოდა...
მიჭირს თქმა, რომ ჩემი სულიერი შვილი იყო, ეს თვითონ იყო მთელი საქართველოს სულიერი მამა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ვისაც აღსარებას აბარებდა, მათ ჩამოთვლიდა, მათ შორის მეც მასახელებდა. ყოველდღიურად ვნახულობდი. ახლო ადამიანი იყო, როგორც ბუმბერაზი მწერალი, მამა, ბაბუა, ყველაფერი იყო ჩემთვის...
სამტომეულზე - "ბრმად ყოფილი და" სწორედ ლავრაში დაიწყო მუშაობა. პატრიარქს შეჰპირდა, ორ წელში დავასრულებო, თუმცა მის დასრულებას შვიდი წელი მოანდომა. ამ სამ ტომეულის დაწერა რომ დაასრულა, წერტილი დასვა, დაამთავრა მწერლობა, თქვა წავედიო და წავიდა... გამოემშვიდობა უწმინდესს, გახდა ავად და გარდაიცვალა...
ყოველი წლის აგვისტოს იმ რიცხვებს, როცა ირაკლიმ საავადმყოფოში გაატარა, ბატონი გურამი გოლგოლთას გზასავით გადიოდა.
გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე უწმინდესი სატელეფონოდ ესაუბრა, გაამხნევა. სულ ეზიარებოდა. პანდემიის დროს მუხაწყაროში მე ავდიოდი და ვაზიარებდი.
როგორც ადამიანი და ქრისტიანი, იყო გამორჩეული. სიკეთის გამკეთებელი. არ ჰქონდა დიდი ჰონორარი, მაგრამ რასაც იღებდა, რამდენიმე ოჯახი ჰქონდა გამორჩეული, რომელსაც ყოველთვიურად ეხმარებოდა. თუ ვერ ეხმარებოდა, ძალიან განიცდიდა. ბევრი სიკეთის თანამონაწილე იყო, მათ შორის, მახათას ტაძრის ქტიტორი გახლდათ...
ედმონდ მინაშვილი: “სამოსელი პირველი”, ჩემი აზრით, ჩვენს ენაზე დაწერილი ბიბლიაა. გვასწავლის ამ წუთისოფელში როგორ უნდა ვიცხოვროთ. არასდროს არ ჰქონია მისთვის რაიმე ფასი ამქვეყნიურ მატერიალურს. მისთვის იყო მხოლოდ წიგნები, საბეჭდი მანქანა, ფურცლები, კალამი… და ადამიანები!
მის სახლში ვიყავი, ფოტოები გადავუღე მის ნივთებს, სამუშაო ოთახს და უნდა გითხრათ, იქ ისეთი სევდაა…
საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840