"შენი მიწა ედემია, როგორც ბაღი მსხმოიარე, მაგრამ დამკრეფი არა ყავს..." - ბესიკ ხარანაულის საოცრად ემოციური ლექსი ემიგრანტებზე

xaranauli

პოეტი ბესიკ ხარანაული ემიგრანტებს საოცრად ემოციურ ლექსს უძღვნის...

 

ემიგრანტის მთვარე

- მთვარევ, მთვარევ, წუთით დადექ,

ქვეყანა რომ მოიარე,

როგორ იყო ჩემი მიწა,

როგორ დაგხვდა ჩემი მხარე?

- შენი მიწა ედემია,

როგორც ბაღი მსხმოიარე,

მაგრამ დამკრეფი არა ყავს,

ცოდვით ფეხი გავაჩქარე!

- მთვარევ, მთვარევ, არა მჯერა,

დაევიწყოთ ყურძნის კრეფა?

- სადაური ძაღლი სად ხარ,

სადაური სადა ყეფავ,

ნისლი იდო მთელ მიწაზე,

თითქოს გაეჭიმათ სეფა!

- მთვარევ, მთვარევ, რომ იჩქარე,

როგორ ნახე ჩემი სახლი?

- ჯაჭვი ხეზე ჟღრიალებდა,

მაგრამ ზედ არ ება ძაღლი!

- მთვარევ, მთვარევ, ერთსაც გკითხავ,

ვინა ნახე, რომ იარე?

- მამაშენი მკვდარი არის,

დედაშენი მგლოვიარე,

შენი ძმები ლოთებია,

შენი დები მითუარე!