"ბეწვზე გადავრჩით, უფალმა დაგვიფარა... ეთერო 112-ში რეკავდა" - ამირან არაბული ავარიის დეტალებს იხსენებს

ამირან არაბული და ეთერო

ამირან არაბული ცოტა ხნის წინ თავს გადამხდარ უსიამოვნო შემთხვევას იხსენებს. ფოლკლორისტი სოციალურ ქსელში ავარიის შესახებ წერს, რომელიც მას, ქალიშვილსა და შვილიშვილს შეემთხვათ.

ამირან არაბული: - ბეწვზე გადავრჩით, თუ შეიძლება ასეც ითქვას, - ბეწვის ბეწვზე! და საბოლოოდ ვირწმუნე ბედისა და ბედისწერის არსებობა.

ერთი სიტყვით, დილას ავტომანქანის აკუმულატორი "დამჯდარი" დამიხვდა. ეზოში დავტოვე და ახმეტაში მინდიას "სუბარუ"-თი წავედი.

საბეროს სიმყუდროვე და "ვარსკვლავის" (სახელწოდება ადგილისა და შენობისა, რომელიც ახმეტის თავზე მდებარეობს) ნაძვნარი მალამოდ დაეფინა დედაქალაქის ხმაურით წალეკილ ყურთასმენას და პანდემიისგან საგრძნობად შეშფოთებულ ფილტვებს...

ერთ დღესაც ახმეტიდან "ვარსკვლავზე ასულმა განვიზრახე, მანქანა უკუსვლით მიმეყენებინა "ბუხრის დარბაზის" რკინა-მინის ჭიშკართან და საბარგული ამომეტვირთა... ფეხი, ნაცვლად მუხრუჭისა, გაზის პედალს დავადგი და... მახსოვს, რა სიჩქარით ვუახლოვდებოდი (თან სარკეში ვიხედებოდი) აგურის კაპიტალურ კედელში მყარად ჩასმულ ჭიშკარს. გვერდით ანანო და ლუკა - შვილი და შვილიშვილი - მესხდნენ... ორმოცამდე ნაბიჯის დაფარვას დაახლოებით ოთხი წამი მოვანდომე... დაჯახების მჭახე ხმა და დარბაზში აღმოვჩნდით.

ყურძნის გადასატანი პლასტმასის შავი ყუთები, კაკლის ახალთახალი მაგიდა, უჟანგავი მეტალის ნახევარტონიანი კასრი და ორი დიდი მაცივარი უკან მიიხვეტა და, რასაკვირველია, ბევრი რამ დაზიანდა, დაილეწა). ხოლო ჭიშკარი ცალი ანჯამით ჩარჩოს ზედა ნაწილზე დაეკიდა (ფოტოსურათებს, ელდა რომ აგარიდოთ, შეგნებულად არ ვდებ)...
ყველაფერი სუნთქვის შემკვრელ მღვრიე სიზმარს ჰგავდა.

მეორე სართულზე პატარა ანემ გაიღვიძა და დაფეთებული ავად ატირდა.
ამ დროს ეთერი მობილურს დაეძებდა, 112-ში დავრეკო, მგონი გვაფეთქებენო...
სამივენი უვნებლად და უჭირველად გადავრჩით! არცერთს განაკაწრი და თუნდაც ნეკა თითის ტკივილი!
და გაოცება: ზუსტად ხუთი სანტიმეტრით ფართო აღმოჩნდა ჭიშკარი ავტომანქანაზე!

ჯუთიდან ახალდაბრუნებულ ზურა ოტიაშვილს დიდი აუჩქარებლობა დასჭირდა, შიგნიდან გარეთ რომ გამოეყვანა "სტოპ-ნათურებ" ჩამტვრეული და კარებდეფორმირებული "სუბარუ".

და პირველი, რაც "ვარსკვლავის" ეზოდან თელავის მხარეს მოხვდა თვალს, ეს იყო მზის არილში მოლივლივე ალავერდის ტაძარი და ჩვენს გასწვრივ ტყეში ჩაკარგული ლომისის სამლოცველოს უზარმაზარი ცაცხვის ხმელი კენწერო...

***
სამხრობის ხანს მსუბუქად წამოწვიმა.
მალევე გადაიღო და კახეთის ცაზე შვიდფეროვანი ცისარტყელა მოირკალა (და ახლა ტარიელ ჭანტურიას ლექსიც მახსენდება: "წეღან საამურად წამოთქეშა, სიოც ზარმაცივით ქროდა, ცისარტყელას თავი სამოთხეში, ბოლო ჩვენს ეზოში ჰქონდა...").

*** გადავრჩით. უფალმა დაგვიფარა. მაგრამ საკაცობრიო გამოცდილება იმასაც შეგვახსენებს, რომ კოკა წყალს ყოველთვის ვერ მოიტანს!.. და რჩევა: ვიდრე კარგად არ მოირგებთ, ბოლომდე ნუ ენდობით სხვის (თუნდაც ის ოჯახის წევრი იყოს) ავტომანქანას და ყოველი წინსვლისა თუ უკუსვლისას გასამმაგებული ყურადღება გამოიჩინეთ!..