დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„ნოემბრის თვეში, როდესაც ხეზე თავს ვეღარ იჭერს ხმელი ფოთოლი, მე დავიბადე“ - ბესიკ ხარანაული 83 წლის გახდა. მოწყენილი ვარ, თუმცა სად მაქვს მაგის უფლებაო, „პრაიმტაიმთან“ დაიჩივლა.
ხან თიანეთშია, თავის სოფელ ლეშაში, ხან - დედაქალაქში. ჩივის იმაზეც, რომ უკვე ძველებურად დაუღალავი აღარ არის მისთვის ესოდენ საყვარელი საქმიანობა. სამი-ოთხი გვერდის წერა მღლის და ვბრაზობო.
ბესიკ ხარანაული: როგორც ნათქვამია, თუ გინდა დიდხანს იცოცხლო, მწარეც უნდა ჭამოო. ყველას უნდა სიცოცხლე, მათ შორის - მეც.
- ასაკში ტკბება სიცოცხლე?
- გააჩნია რაკურსს, საიდან უყურებ სიბერეს. ახალგაზრდის რაკურსიდან ტკბილად ჩანს, ჩემგან სხვაგვარია.
- „ნოემბრის თვეში, როდესაც ხეზე თავს ვეღარ იჭერს ხმელი ფოთოლი, მე დავიბადე...“
- მხოლოდ ეგ ერთი სიმართლე მაქვს ნათქვამი. ვერავინ შემედავება.
რა გითხრათ ჩემს განწყობაზე? ჩვენ ჩვენი ქვეყნის შვილები ვართ, როგორც არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენც ისე ვართ. გავერთობით ხოლმე და ზოგად პრობლემებზე ვლაპარაკობთ. აბა, ნახე კონკრეტულ ხალხს როგორ უჭირს? არ არის საშუალება, რომ კონკრეტული სიკეთე გააკეთო.
როცა ქვეყნის სატკივარი გტკივა, უფრო უმწეო ხარ, ვიდრე მხოლოდ საკუთარი წუხილისას. ადრე ქუჩაში რომ მივდიოდი, ადამიანები უბრალოდ დადიოდნენ. ახლა ჩემში გადიან და სადღაც აგრძელებენ გზას. ასაკთან ერთად შეიცვალა დამოკიდებულებები. სადარდებელი, რომელიც შეიძლება არ გეხებოდეს, ყველგანაა, თბილისშიც და სოფლადაც. შენ შეიძლება კარგად ხარ, მაგრამ შენი კარგად ყოფნა სად წაიღო, არ იცი. მე თუ არ მარგია, შენი კარგად ყოფნა რა არის?
- წერთ?
- თვითონაც არ ვიცი, სადა ვარ, ხან იქ ვარ, ხან - აქ. პროზასაც ვწერ, ლექსებსაც. წერის დროს არაფერი მახსოვს და კიდევ კარგი, ეს თვისება აქვს წერას, ყველაფერს გავიწყებს. მაგრამ იმდენ ხანს რომ ვეღარ ვმუშაობ, ეგ მაღიზიანებს. მთელ დროს თითქმის წერას ვუთმობ, მაგრამ მალე ვიღლები. წინათ ორი-სამი გვერდის წერა არ მღლიდა, ახლა მღლის.
- არტ-გომურის საქმე როგორაა? (გიორგი კეკელიძის ინიციატივით, სოფელ ლიშოში, ბესიკ ხარანაულის ეზოში მდებარე გომურში უნდა მოწყობილიყო სივრცე, სადაც გაიმართებოდა ლიტერატურული შეკრებები, ფოლკლორული საღამოები...)
- სახურავი ჩამომექცა. ქარი ამოვარდა და... მე კი ვიცოდი ის საიდუმლო, სადაც ძალიან უჭირდა გომურს, წკიპზე რომ იყო, მაგრამ ვერ მოვასწარი. არ ვიცი, რა როგორ იქნება. შარშანწინდელთან შედარებით ხომ ყველაფერი გართულებულია. შეიცვალა რაღაცები. სამაგიეროდ, მე მივხვდი, რომ მოლოდინი ცუდი რამეა. იმას, რისი გაკეთებაც შეგიძლია, არ უნდა დაუწყო მოლოდინი, მაშინვე უნდა გააკეთო. იმედი და მოლოდინი შეგიტყუებს და დროს ისე წაგართმევს, ვერც გაიგებ. უნდა დაივიწყო რომ არსებობს სიტყვები - ხვალ, მერე... ახლა საცა დგახარ, იქვე უნდა გააკეთო.
გიორგი კარგა ხანია არ მინახავს. რაღაც ვერ იყო კარგად. მინდოდა შევხმიანებოდი და მეთქვა, ისევ ისეთივე მეგობარი ხარ ჩემთვის და ისევ ძველებურად მიყვარხარ-მეთქი. საყვარელი, კეთილშობილი, ნათელი ბიჭია. ბევრი კარგი რამ გააკეთა. მის მეგობრობას ვუფრთხილდები. იმედი მაქვს, რომ თავის პრობლემას მოაგვარებს და გამოჩნდება. დრო უნდა. ნერვები ყველაზე ვერაგია. რასაც უნდა იმას მოგაჩვენებს, უნდა თავს აგატკივებს, ხან წელს, უნდა - ფეხს... ფსიქიკას უტევს. ფსიქიკა კიდევ ყველაზე ფაქიზია. იმდენ წამლებს სვამენ.
ვწუხვარ იმ დროს, რომელიც უგიორგოდ გავატარე.