ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
თუკი ვინმესთვის რაღაცით მნიშვნელოვანი იყო ეს წელი, მათ შორის ერთ-ერთი გიორგი კეკელიძეა, რომელმაც წელს ვერაგი დეპრესია დაამარცხა და ამით ბევრს იმედის სხივი ჩაუსახა.
ცოტა ხნის წინ, მე და პოეტმა ბესიკ ხარანაულმა, ინტერვიუს დროს, გიორგი ვახსენეთ. აი, რა მითხრა მან.
ბესიკ ხარანაული: გიორგი კარგა ხანია არ მინახავს. რაღაც ვერ იყო კარგად. მინდოდა შევხმიანებოდი და მეთქვა, ისევ ისეთივე მეგობარი ხარ ჩემთვის და ისევ ძველებურად მიყვარხარ-მეთქი. საყვარელი, კეთილშობილი, ნათელი ბიჭია. ბევრი კარგი რამ გააკეთა. მის მეგობრობას ვუფრთხილდები. იმედი მაქვს, რომ თავის პრობლემას მოაგვარებს და გამოჩნდება. დრო უნდა. ნერვები ყველაზე ვერაგია. რასაც უნდა იმას მოგაჩვენებს, უნდა თავს აგატკივებს, ხან წელს, უნდა - ფეხს... ფსიქიკას უტევს. ფსიქიკა კიდევ ყველაზე ფაქიზია. იმდენ წამლებს სვამენ.
ვწუხვარ იმ დროს, რომელიც უგიორგოდ გავატარე.
უფროსი მეგობრის ეს ინტერვიუ გიორგის უნახავს... ისევ ძველებურად თავისი უამრავი საქმით არის გართული, წლის ბოლოს "მოსავალს იღებს" და "პრაიმტაიმთან" წელს აჯამებს.
გიორგი კეკელიძე: "გურული დღიურების" მოტივებზე აგებულმა კინოსცენარმა, ჯერ ქართული კინოცენტრის კონკურსში გაიმარჯვა, შემდეგ კი შვეიცარიის, ლუქსემბურგის და ბულგარეთის ნაციონალური ფონდების კონკურსი მოიგო. სასცენარო მიმართულებით, ეს ჩემი დებიუტია და ძალიან მიხარია, რომ ასეთი წარმატებული აღმოჩნდა. ფილმი, რომელიც გაისად, სექტემბერში ლევან კოღუაშვილმა უნდა გადაიღოს, გასული საუკუნის 90-იან წლებში ადამიანის გადარჩენის ისტორიას ასახავს.
"თომას ზღაპრები" ახლახან გამოვიდა კანადაში, მალე ამერიკაშიც გამოვა. ეს წიგნი გამოცემულია საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, თურქეთსა და ჩინეთში.
ზოგადად ვფიქრობ, რომ ამ ტექსტს ძალიან გაუმართლა, რადგან რაც მთავარია, საქართველოშიც ბესთსელერად იქცა და დღემდე პოპულარულია.
ბიბლიოთეკაში ბევრი პროექტი გვაქვს, მალე პრესის მუზეუმს გავხსნით და დამწერლობის მუზეუმზე მუშაობას დავიწყებთ. ვაპირებთ სვანეთის ყველა სოფლის ბიბლიოთეკების წიგნებით მომარაგებას და ქართული წიგნის კუთხეების გახსნას ნეაპოლში, რომში და დუბლინში.
- მიხარია, რომ ისევ ძველებურად პროდუქტიული ხარ. ახლა მინდა გვითხრა იმ მთავარზე, რა დაგიტოვა ამ წელმა, რა გამოცდილებით გაგამდიდრა და რით გაამხნევებ მათ, ვინც შენს სიტყვას იმედით ეჭიდება?
- ჩემთვის ეს წელი დეპრესიასთან ბრძოლის და მასზე გამარჯვების იყო. ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვებაა. კარგად მივხვდი, რა განუსაზღვრელი ძალა აქვს სიტყვას. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ; ხალხს, ვინც ქუჩაში მხვდებოდა ან აქ, სოციალურ ქსელში მიცვლიდა ორიოდ სიტყვას. მე ამხელა მხარდაჭერა მართლა არ დამიმსახურებია, მაგრამ გპირდებით, რომ გაცილებით ძლიერი დაგიბრუნდებით და თქვენთან ერთად დიდ საქმეებს გავაკეთებ.
ადამიანებს კი თავისუფლებას, მშვიდობასა და ჯანმრთელობას ვუსურვებ.