"როგორც დედა ამბობს, მის გვერდით ყოველი დღე გამორჩეული იყო" - "ოძელა" 50 წლის გახდებოდა

odzela

ფლეიტისტი დათო ოძელაშვილი, რომელსაც ყველა მეტსახელით - "ოძელათი" მოიხსენიებდა, 30 ივნისს 50 წლის გახდებოდა. არადა, 28 წლის იყო, როდესაც მოულოდნელად გარდაიცვალა...

90-იანების ბოლოსა და 2000-იანების პირველ ორ წელს, "ოძელა", ბევრ თბილისურ მუსიკალურ საღამოსთან ასოცირდება. 1999 წლიდან ჯაზ-კვარტეტის წევრი იყო. მონაწილეობდა ჯაზ-ფესტივალებში. რაც ყველას კარგად ახსოვს, არის ფლეიტაზე შეყვარებული ბიჭი თავისი მომხიბვლელი ღიმილითა და დიდი კეთილი თვალებით. არანაკლებ გატაცებით უკრავდა ტამტამზე. უყვარდა ნაცნობსა და უცნობს.

2002 წელს მოულოდნელად, ვენაში გასტროლის დროს, გულის შეტევით გარდაიცვალა. 28 წლის დათო სხვა ხელოვანებთან ერთად ავსტრიაში საქართველოს კულტურის დღეებში მონაწილეობდა.

ამ ქვეყნიდან მალე წავალო, უთქვამს ახლობლებისთვის, თითქოს გრძნობდა, რომ ადრეულ ასაკში გარდაიცვლებოდა.

მუსიკოსს ორი შვილი ჰყავს, ანი და ლაზარე. ანა შვიდი წლის იყო, მამა რომ გარდაიცვალა. მან ოთხი წლის წინ, "პრაიმტაიმთან", ასე მოიგონა მოსიყვარულე მამა.

ანი ოძელაშვილი: – მადლობა, რომ გახსოვთ და აფასებთ მამას. ვგრძნობ და მიხარია, რომ ვინც კი იცნობდა, ყველას მხოლოდ დადებითი ემოციები აკავშირებს მასთან.

სამწუხაროდ, არც ისე დიდი დრო გავატარეთ ერთად. 7 წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდაიცვალა. საკმაოდ გადატვირთული რეჟიმიც ჰქონდა, გასტროლებზე იყო ხშირად. რაღაცები კადრებად მახსოვს. რაც მახსოვს, არის ემოციებთან დაკავშირებული, ის, რაც დაილექა ჩემში. უთბილესი მამა იყო, სითბოს გამოხატვის საოცარი უნარი ჰქონდა. ზოგადადაც, ძალიან თბილი და მხიარული ადამიანი იყო. იყო მზრუნველი ოჯახისა და მეგობრების მიმართ. ვინც კი იცნობდა, ყველა იმას აღნიშნავს, რომ სავსე იყო სიცოცხლის ხალისით და მხოლოდ დადებითი ენერგია მოდიოდა მისგან. ეს არის, რაც შეიძლება აღვნიშნო მის ვირტუოზულ ნიჭთან ერთად.

როგორც დედა ამბობს, მის გვერდით ყოველი დღე გამორჩეული იყო. უყვარდა სიურპრიზების მოწყობა. ცდილობდა, რაღაცით გავეხარებინეთ.

"ოძელა" მამაჩემი რომ არ იყოს, მის მუსიკას ზუსტად იმავენაირად დავაფასებდი, როგორც ახლა ვაფასებ. განსხვავებული და ემოციურია მისი კომპოზიციები, თან ყველა განსხვავდება ერთმანეთისგან; ზღვა ემოცია მოაქვს.

ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უნდოდა შეექმნა მუსიკა, რომელიც ახლოს იქნებოდა ბუნებასთან, რადგან ადამიანები, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე, დღითი დღე ვშორდებით მას. ვფიქრობ, მან ეს შეძლო და მამას მუსიკა ნამდვილად გამორჩეულია.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

დათო ხუჯაძემ ვაჟს მამის სახელი დაარქვა

როგორ მიულოცა გიორგი ქოჩორაშვილს ბრაზილიელმა შეყვარებულმა დაბადების დღე

როგორ მიულოცეს ნაკრების ბიჭებმა გიორგი ქოჩორაშვილს დაბადების დღე