14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობისთვის „ქმარს“ უვადო პატიმრობა მიესაჯა

აითაჯ შახმაროვას საქმე

თელავის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელ მამაკაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამამტყუნებელი განაჩენი მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებული ასიმ სადიკოვი ოთხი მუხლით, მათ შორის, გაუპატიურების ბრალდებით გაასამართლეს.

იმის გამო, რომ საქმე სქესობრივ დანაშაულს ეხებოდა, სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ბოლო სხდომა 2 საათს გაგრძელდა.

საქმის მასალების მიხედვით, 14 წლის აითაჯ შახმაროვა მსჯავრდებულმა იძულებითი ქორწინების მიზნით მოიტაცა.

მოზარდის წინააღმდეგობისა და სახლიდან რამდენჯერმე გაქცევის მცდელობის შემდეგ კი , ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

აითაჯ შახმაროვას საქმეზე დაკავებულები არიან გოგონას დედა და ბიძაც, რომლებმაც ის იძულებით გაათხოვეს და მოზარდის სურვილის მიუხედავად, მას საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს.

შეგახსენებთ, მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს მოხდა.