1732211784
ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაცვლილი ნახეს
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაცვლილი ნახეს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ცხედარი ხობში, სპორტსმენის სახლში იპოვეს.
ახლობლების ინფორმაციით, 27 წლის სპორტსმენის გარდაცვალება, სავარაუდოდ, სუიციდს უკავშირდება.
ცნობილი ქართველი მოჭიდავე 1997 წელს დაიბადა. მისი სპორტული კარიერა არაერთ გამარჯვებას ითვლის. 2019 წელს 55 კგ წონით კატეგორიაში მან მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, 2022 წელს კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. არის მსოფლიოს პირველობის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი.
ქართველმა მოჭიდავემ 2022 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა; 2018, 2020 და 2023 წელს კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა.
ახალგაზრდა სპორტსმენი 23-წლამდელებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის კი მსოფლიოს პირველობის ვიცე-ჩემპიონი, ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი და ბრინჯაოს მედლის მფლობელია. ნუგზარ წურწუმია არაერთი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი იყო. 2019 წელს ის ძალოსან ლაშა ტალახაძესთან, ძიუდოისტ ლუხუმ ჩხვიმიანთან, მოჭიდავეებთან - გენო პეტრიაშვილთან, ბექა ლომთაძესა და ლაშა გობაძესთან ერთად საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.