იტალიაში, ტოსკანას რეგიონში სახლის შეძენის მსურველებს 30 000 ევროს გადაუხდიან - ნახეთ, პირობები

ტოსკანა

იტალიაში, კერძოდ ტოსკანაში, სახლის შეძენა უამრავი ადამიანისთვის სურვილების სიაში მოწინავე ადგილს იკავებს, თუმცა რეგიონში უძრავი ქონების ყიდვა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. იტალიის რეგიონული მთავრობის გადაწყვეტილება კი ამ ოცნების ახდენის შესაძლებლობას აჩენს.

ტოსკანას რეგიონული ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 30 ათასამდე ევროს გადაუხდიან ყველას, ვინც მოსახლეობისგან დაცლილ მაღალმთიან ქალაქებში სახლის შეძენას გადაწყვეტს. პირობები კი შემდეგნაირია:

იტალიის მასშტაბით, განაპირა სოფლები და ქალაქები მოსახლეობის კრიზისს განიცდიან - რეზიდენტები უკეთესი სამსახურების ძებნაში საცხოვრებელს ტოვებენ და საცხოვრებლად დიდ ქალაქებში გადადიან, სანაცვლოდ კი მცირე დასახლებები მიტოვებული სახლების ამარა რჩებიან. ამ პრობლემის გადასაჭრელად იტალიის ზოგიერთ რეგიონში სახლები აუქციონზე ერთ ევროდ იყიდება, თუმცა ტოსკანას ხელისუფლებამ მათგან განსხვავებული სქემა მოიფიქრა.

“დასახლება მთებში 2024”-ის პროექტის ფარგლებში, დარეგისტრირებული კანდიდატები ტოსკანაში უძრავი ქონების შესაძენად 10-დან 30 ათასამდე ევროს მიიღებენ. მთავარი პირობაა, რომ სახლი იმ მაღალმთიან სოფლებსა და ქალაქებში მდებარეობდეს, რომელთა მოსახლეობაც 5000-ზე ნაკლებია - ასეთი დასახლება ტოსკანაში 119-ია.

გარდა ამისა, მთავრობის ფინანსური კონტრიბუცია არ უნდა აღემატებოდეს სახლის შეძენისა და რემონტისთვის საჭირო თანხების 50%-ს.

გრანტის მისაღებად რეგისტრაციისთვის მკაცრი მოთხოვნების დაცვაა საჭირო - აპლიკანტები იტალიის, ან ევროკავშირის წევრი რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეები უნდა იყვნენ, ან არა-EU ქვეყნებიდან ევროკავშირში ცხოვრების, მინიმუმ, 10-წლიანი ნებართვა ჰქონდეთ.

გარდა ამისა, კანდიდატები იტალიის რომელიმე ქალაქის ან სოფლის რეგისტრირებული რეზიდენტი უნდა იყოს, თუმცა არ უნდა ცხოვრობდეს მაღალმთიან რეგიონში.