„პირადი პრობლემების მოგვარებაში დამეხმარა. როგორც არ უნდა ვიმატრაკვეცო და დავმალო, ეს ფაქტებია...“ - რას გვიმხელს პაატა გულიაშვილი რობერტ სტურუაზე

robiko

პაატა გულიაშვილი თავისი კარიერის ამგვარად წარმართვას რობერტ სტურუას უმადლის. რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის მსახიობის რეპერტუარი მრავალფეროვანია. წლებია ტელეწამყვანის ამპლუაშიც გაწაფულია, იუმორის ჟანრში. თორმეტი წელია ქალაქ თელავის, ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს. ცოტა დრო და ენერგია არც ამ გამოცდილებას წაუღია... მისი თხოვნით, რობერტ სტურუამ, სწორედ თელავში დადგა "ვენეციელი ვაჭარი", სადაც პაატას დრამატული - შეილოკის როლი მისცა და მოულოდნელი შედეგით კმაყოფილი დარჩა. რეზულტატს ჯილდოს გარეშე არ ჩაუვლია. გულიაშვილმა აიღო პრიზი - "თეატრალური სეზონის საუკეთესო მამაკაცის როლი", აკაკი ხორავას სახელობის პრემია.

"ვენეციელი ვაჭრის" შეილოკმა პაატას ამპლუა გაამდიდრა. აღმოჩნდა, რომ დრამატულ როლშიც "გაისროლა".

"პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ მაესტროსთან მეგობრულმა ურთიერთობამ ბევრი რამ ასწავლა. 

პაატა გულიაშვილი: რობერტ სტურუას გვერდით რომ ხარ, რეპეტიციის მერე, დღე და ღამე რომ დალევაა, თან ისეთ  თეატრში, როგორიც რუსთაველის ეროვნული თეატრია, ფეხს რომ ახლად იდგამ, არ გინდა მოშორდე იმ გენიოს კაცს. ასე გრძელდებოდა წლები.

მე მისი მადლობელი ვარ, ბევრი რამ ვისწავლე. რაც ვარ, რობიკოს დამსახურებაა. მან რომ რუსთაველის თეატრში წამიყვანა, მერე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი. როდესაც ვამბობდი, სტურუას მსახიობი ვარ-მეთქი, სხვანაირად მეპყრობოდნენ. სხვა სიმაღლეა, გამორჩეული ნიშაა და ეს საგრძნობია ყველგან. 

78 წლის ასაკში გამომყვა თელავის თეატრში, რეგიონში სპექტაკლი არასდროს დაუდგამს და ჩემი თხოვნით წამოვიდა და დადგა. დამეხმარა პირადი პრობლემების მოგვარებაში. ყველანაირად მპატრონობდა. 

"ვენეციელი ვაჭარი" საქართველოში არც დაუდგამს, თელავში გიორგი შალუტაშვილთან ერთად დადგა და მე შეილოკი მათამაშა. ხორავას პრემია მომცეს "საუკეთესო მამაკაცის როლის" შესრულებისთვის. ჩვენთან, მამაკაც მსახიობებში, ხორავას პრიზი უმაღლესი ჯილდოა. ამდენად ის საპასუხისმგებლოა. აი, ასეთი ვერდიქტი გამოიტანეს თეატრმცოდნეებმა. სტურუასთან შექსპირი და თან შეილოკი, როგორც მსახიობს, მაესტრომ ნიშა მომანიჭა. მენდო და როცა ასეთი კაცი გენდობა, როგორც არ უნდა ვიმატრაკვეცო და დავმალო, ეს ფაქტებია.

მაგრად მინდოდა შეილოკის როლის თამაში, მაგრამ გამოგიტყდებით, ტრაგედიაა და მეშინოდა. ნუ ითამაშებო, მითხრა თავიდან, რთულიაო. მერე კი თქვა მთავარი, ამ ამპლუაში ვერ გხედავდი, არ მეგონა ამას თუ შეძლებდი. ტრაგიკული მიმართულება მალე შეითვისეო.  

ცოტას  აქვს ეს როლი ნათამაშები, კალიაგინთან იმუშავა, კინოში ალ პაჩინოს აქვს შესრულებული, ადრე გოგი ქავთარაძეს და მერაბ ნინიძეს აქვთ ნათამაშები... 

ინგლისში ფესტივალზე ვაპირებთ  "ვენეციელი ვაჭრის" წაღებას. მაინტერესებს, იქაური კრიტიკოსების შეფასება. მართლა მნიშვნელოვანი ამ ასაკის რობერტ სტურუას გამოძერწილი შეილოკი. 

რას ვუმადლი რობიკოს და ყველაფერს. ტელევიზიაშიც მან გამომიშვა სამუშაოდ. იცით, რომ არ უყვართ რეჟისორებს ტელევიზიებში მსახიობების გაშვება. დღეს რომ თეატრის შემოსავალზე ვერ იცხოვრებ, ამას გრძნობს, იცის. თანამედროვე ტიპია. ამიტომ არ არის მკაცრი ამ მხრივ. მთავარია, რეპეტიცია არ გააცდინო. 

თელავში სერიოზული პროექტისთვის ვემზადებით. ერეკლე მეფეზე გვინდა სპექტაკლის დადგმა. ნიკა საბაშვილი დადგამს. ერეკლე მეფეზე სპექტაკლი, თელავში, ძალიან საპასუხისმგებლოა. მინდა სანახაობრივი სახე ჰქონდეს. იმედი მაქვს, ამ სეზონის წარმატებული სპექტაკლი გამოვა. 

მაგისტრატურაზე სარეჟისოროზე ვსწავლობ და ერთ წელში სადიპლომოდ სპექტაკლის დადგმა მომიწევს. ევროპაში სხვადასხვა თეატრებთან ურთიერთობა მაქვს და მქონდა შემოთავაზება, იქნებ რამე დადგაო. რახან გამოცდილება არ მქონდა, ჩემი პედაგოგი - გიორგი შალუტაშვილის რეკომენდაციით ჩავაბარე და ვეუფლები რეჟისურას. ყველაფერი კი მაინც გამოცდილებაა. ვნახოთ...

 

ასევე დაგაინტერესებთ: "გადაცემის გასვლის შემდეგ ვთხოვ, ე ბიჭო, რაღაცა მითხარი, როგორი იყო-მეთქი? ფანოღი არ მოსწონს და..." - რას უწუნებს პაატა გულიაშვილს ვაჟი

,,მსგავსად სიყვარულის გამცემი ადამიანი, არ ვიცი... უკანასკნელი 15 წელი ვიცხოვრე მასთან..." - კახი კავსაძე 88 წლის გახდებოდა

"თურმე, ლექსზე მკვეთრად რეაგირებს გული და არა - ტვინი" - გერმანელი მეცნიერების კვლევა ლანა ღოღობერიძის წიგნში