„თქვენით ვამაყობ“ - რა კადრებს აქვეყნებს ავარიაში დაშავებული დების დედა
1732259677
"უცებ დაბნელდა... გავითიშე. გონს რომ მოვედი, ვიწექი და თავს მსახიობები, ჩემი მეგობრები დამტრიალებდნენ. მალე გორის სამხედრო ჰოსპიტალში აღმოვჩნდი" - მაკა შალიკაშვილი "პრაიმტაიმთან" იხსენებს ინციდენტს, რომელიც გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ახლახან გადახდა.
ლიტერატურული ფანტაზიის - "მე მოვალ - სიზმარი" - სანახავად სხვადასხვა ქალაქიდან თუ კუთხიდან გორში ჩასული მაყურებლის წინაშე იდგა მაკა შალიკაშვილი და დარბაზში არავინ იცოდა, რომ ერთი საათის წინ, საგრიმიოროში ისე დავარდა, რომ შეიძლებოდა კუდუსუნის ძვალი გაეტეხა.
რახან მოტეხილობა არ ჰქონდა, დანარჩენი არ უნაღვლია.
მაკა შალიკაშვილი: გიორგი ლობჟანიძის ინსცენირებაზე ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ (გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა) დადგა სპექტაკლი. ეს არის გალაკტიონის ლექსებსა და წერილებზე აგებული ლიტერატურული ფანტაზია, რომელიც ჩვენი პოეზიის მეფის პორტრეტს ხატავს. ვერ ვიტყვი, რომ მე ცალსახად ოლია ოკუჯავა ვარ და დათო დარჩია გალაკტიონი. არის მომენტები, მეც გალას წარმოვადგენ. ხან ქალი ვარ, ხან კაცი, ოლია, გალა...
მოკლედ, 13 მაისია, გორის დრამატულ თეატრში მაყურებელი ჩამოსულია, სავსეა დარბაზი. მე კაბის გამოსაცვლელად შევედი საგრიმიოროში. ექვსი საათია. შვიდზე ვიწყებთ! მოწყვეტით დავჯექი და... დაბნელდა! გული წამსვლია. მეგობრები გარს მახვევია. წელს ქვევით ვერაფერს ვგრძნობ, ვარ ატროფირებული, ფეხებს ვერ ვამოძრავებ. გამაყუჩებელი გამიკეთეს. თეატრის დირექტორი, თამარ თოხაძე მეუბნება, არ იდარდო, მთავარია, შენ იყო კარგად, ნიკა შველიძეს ველაპარაკე და იმავეს ამბობს, სპექტაკლს მოვხსნითო.
თუ გატეხილი არ მაქვს კუდუსუნი, ვითამაშებ-მეთქი... წამიყვანეს. მოტეხილობა არ აღმომაჩნდა, სხვა არაფერი მაინტერესებდა. დავბრუნდი და ყველას ვუთხარი, რომ მზად ვარ, ვითამაშებ-მეთქი!
ათი წუთი ვალოდინეთ დარბაზს. დავდექი ფარდასთან, მგონია, რომ "ხოდზე" ვარ. რაღაც ჩოჩქოლია, განათებასთან დაკავშირებით პრობლემააო, გავიგე. ვაა, ვფიქრობ: მაკა, ეს უკვე ნიშანია, დავარდი, ახლა განათებას აქვს პრობლემა, ეტყობა, შენ დღეს არ უნდა ითამაშო, ეტყობა, შენ მაყურებლის წინაშე უნდა შერცხვე, ღმერთმა რაღაც უბედურებას უნდა აგაცილოს, მორჩი, აღარ გინდა ამ სპექტაკლის თამაში-მეთქი.
და უცებ მეწყება ფეხების საშინელი კანკალი, პანიკა-ატაკა, რომელიც დამმართვია და ვიცი, რა უბედურებაც არის. აგონია და უბედურებაა. საშინლად შემეშინდა. სოფო, ცუდად ვარ მიშველე-მეთქი, ტექნიკურ რეჟისორს მივმართავ. მსახიობები ჩემს საგულშემატკივროდ არიან დარბაზში მოფენილი. ველოდები კორსიზს, რომელიც სოფომ დამპირდა, მოგიტანო და ამ დროს სპექტაკლის მუსიკა ირთვება და ნათდება ჩაბნელებული სცენა.
ასე იწყება სპექტაკლი, განათებული პატარა ჰოლი უნდა გავიარო. რეჟისორი ასე მიხსნიდა, სხვა პლანეტიდან შედიხარ, შუქზე ხალხს ხედავ, შეეხე, თავიც გეუცხოება, მეხუთე ელემენტის მაგვარი განცდით ხარ და იწყებ ლექსსო.
ვგრძნობ, რომ ნიკამ რაც ამიხსნა, იმავეს განვიცდი, უკან დასახევი გზაც არ მაქვს. მსახიობს, ყველას აქვს მაყურებლის შიში. მე ეს გრძნობა იმ მომენტში გამინულდა. მივხვდი, რომ გალაკტიონის ლექსებით იმ ადამიანების წინ, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ, გარდავიცლებოდი. რომ უკანასკნელად, რასაც ვიტყოდი იყო: "მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა, მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა..."
ხომ იცით, რამხელა დრამაა გალას ლექსებში. თან ჩვენ მსახიობებს გამძაფრებული გვაქვს ემოციები, სენსიტიურები ვართ, ასჯერ მეტად განვიცდით...
მიუხედავად იმისა, რომ არავინ დამძრახავდა ჩემს მდგომარეობაში რომ არ მეთამაშა, მე მაინც ვითამაშე. სცენიდან, უკანასკნელ აღსარებასავით ვამბობდი ლექსებს...
შეიძლება ეს ვიღაცისთვის არაფერი ისტორია არ იყოს, მაგრამ ჩემთვის, 45 წლის მაკა შალიკაშვილისთვის ცხოვრება ორად გაიყო, ამ ფაქტამდე და ამ ფაქტის შემდეგ.
ასევე დაგაინტერესებთ: