"მთელი საქართველო რეკავს. ძალიან მიყვარს... ეს შინაგანად პატარა ბიჭი" - ტარიელ ხარხელაური 79 წლის გახდა

tariel

ტარიელ ხარხელაური იუბილარია. პოეტი 79 წლისაა! 

რა ხანია ტელეფონი მეუღლეს გადასცა და სოფელში განაგრძო ცხოვრება. როგორც ქალბატონმა მარინამ "პრაიმტაიმს" უთხრა, იუბილარმა პოეტმა დღევანდელი დღეც სიმონიანთხევში გაატარა.

მარინა ხარხელაური: მე მაქვს ტარიელის ტელეფონი და მთელი საქართველო რეკავს, საიდან აღარ მიულოცეს. მთელი დღეა ვიღებ მილოცვებს, ვიწერ და აუცილებლად გადავცემ. ყველას უყვარს და ეს მას ძალიან აბედნიერებს. 

მამა ანტონ კანდელაკი ესტუმრა, საფრანგეთში მოღვაწე სასულიერო პირი. წითელი ჯვარიც მიიღო. მაინცდამაინც არ უყვარს თავისი დაბადების დღე. ამ ამბავში ერთმანეთს ვგავართ.

ზოგადად მძიმე განწყობა აქვს ახლა. ეს მის ლექსებშიც აისახება. ახლა სხვანაირად შეუძლებელიც არის. თვითონ იძლევა მითითებას, მის ფეისბუქზე რომელი ლექსი დაიდოს. 

ძალიან მიყვარს ეს ღვთისნიერი ადამიანი; პატარა ბიჭია შინაგანად. ბოლომდე ბავშვად დარჩა. არის მიმტევებელი და კაცთმოყვარე. 

დიდი მადლობა მოლოცვისთვის!

***

ეს კაცთმოყვარე ადამიანი თიანეთის რაიონის სოფელ სიმონიანთხევში დაიბადა, სკოლაც იქ დაამთავრა. იყო მეცხვარე. დაამთავრა ფილოლოგიის ფაკულტეტი. აბა, მთაში და ივრის ხეობაში დაბადებულ ფილოლოგს რომ ენა ასე უჭრის, რა გასაკვირია?!

"შენი პოეზია დღესაც ისეთივე წრფელი და მართალია, როგორიც იყო ამ ოთხი ათეული წლის წინათ. შენს სანდო სიტყვაში ისევ ისმის ხმები ივრის ხიბლიანი ხეობისა. ეს ხომ შენი ცხადსიზმრიანი ხილვების, მხატვრული წარმოსახვისა და მოზღვავებული სათქმელის უსუფთავესი პირველსათავეა!.." - ეს ამირან არაბულის სიტყვებია, მეგობარს რომ უძღვნა.

ეთეროს ხელის სათხოვნელად თუშეთში წასულ ამირანს გულს და მხარს სწორედ ტარიელ ხარხელაური უმაგრებდა.

ეთერ თათარაიძე: მოვიდა ტარიელი და მეუბნება, ახლა მე და ამირანი მამაშენთან მივდივართო. რატო-მეთქი, გამიკვირდა. შენი ხელის სათხოვნელადო. მე ხუმრობა მეგონა. მე კი ვხვდებოდი, რომ ამირანს მოვწონდი, მაგრამ არც ისე იყო საქმე, რომ ხელის სათხოვნელად მისულიყო მამაჩემთან.

მართლა წასულან. ორ დღეში უკან მობრუნდნენ და ამბავი მომიტანეს. მამას შირაქში ჩააკითხეს, ცხვარში. მე ჩემს შვილს ვენდობი, თანახმა ვარო, უთქვამს მამას. ბიჭებს რაღაც საგზალი ჩაუტანიათ და სად გავშალოთო, უკითხავთ. იქვე მინდორში ყვავილები ბიბინებდაო, ჰყვებოდნენ. მამა პოეტური კაცი იყო. ნახეთ, რომელი სუფრაც მოგეწონებათ, იქ გაშალეთო, უთქვამს.

***

ცხოვრებამ მსუბუქი ჯვარი არ არგუნა. ტრაგედიით უწევს ცხოვრება. თუმცა არ გაბოროტებულა. ან როგორ შეიძლება იმ ლექსების ავტორი რაიმეთი გაბოროტებულიყო და დამძიმებულიყო, ჩვენ რომ ხარხელაურის სახელით გვიყვარს.

ტარიელ ხარხელაური: მიჭირს იმასთან შეგუება, რომ პოეტი ვარ. ზოგჯერ, რომ გადავხედავ ლექსს, ვაცნობიერებ, რომ ჩემი შესაძლებლობის და პოტენციალის გათვალისწინებით, ამის დაწერა არ შემიძლია.

"დახურეთ ზეცა, ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ" - ჩემი გონება ამის შემქმნელი არ არის. ხშირად გავუოცებივარ სტრიქონებს - "წუხელ მუხლებზე მეწვა სიკვდილი, და მე და ქარი ვჭირისუფლობდით". ამას ადამიანის გონება ვერ შექმნის. ასეთი გაბედული ნათქვამი არ შემიძლია. ნიჭს უფალი გაძლევს და არ გაქვს უფლება თავი მოიწონო, რა მაგარი ლექსი შევქმენიო. უბრალოდ, მე შექმნის პროცესში ახლოს ვარ ლექსთან. მერე მეც ჩვეულებრივი მკითხველი ვარ, როგორც სხვა. ვსწავლობ მის დინამიკას, რა არის მასში ფასეული.

 პოეტი თავის მუზასა და მეუღლეს ემადლიერება და ამბობს: რომ არა მარინა, ასე ძლიერი ვერ ვიქნებოდიო...

"გულწრფელად ვამბობ, რაც ჩემთვის ჩემმა ცოლმა გააკეთა, ვერც ერთი ქალი ამას ვერ გააკეთებდა. გამათავისუფლა ყველაფრისგან, რაც ოჯახს სჭირდება. საზრუნავი თავის თავზე აიღო. როცა უფლის გზაზე ხარ, გიმართლებს.

ჩემი მუზა მხოლოდ ჩემი მეუღლეა. ცვალებადი არ უნდა იყო. მარადიულ სახედ ერთი ქალი უნდა შექმნა. ყველა ლირიკული ლექსი მისადმი მაქვს მიძღვნილი" - ამბობს პოეტი.