მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დაჯგუფება „ჰამასის“ წევრებს რეგიონის დატოვებისკენ მოუწოდებს.
„როიტერი“ წერს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმას ომის დასრულების შესახებ, რომელიც „ჰამასის“ მებრძოლებს ამნისტიას სთავაზობს.
როგორც გამოცემა წერს, გაერო-ში კენჭისყრის შემდეგ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გეგმა მშვიდობასა და კეთილდღეობას მოიტანს. ამავდროულად, ის „ჰამასისგან“ ღაზის სექტორიის სრულ დემილიტარიზაციას, განიარაღებას და დერადიკალიზაციას ითხოვს.
„როიტერის“ ინფორმაციით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციამ მხარი დაუჭირა მრავალეროვნული ძალის შექმნას, რომელიც, ტრამპის გეგმის თანახმად, დროებით განლაგდება ღაზაში ტერიტორიის სტაბილიზაციისთვის.
რეზოლუციის ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, შეუერთდნენ „მშვიდობის საბჭოს“, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს რეკონსტრუქციას და ეკონომიკურ აღდგენას ღაზის სექტორში.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 10 ოქტომბერს შევიდა ძალაში, როგორც ომის დასრულების მრავალეტაპიანი გეგმის ნაწილი. ისრაელმა ნაწილობრივ გაიყვანა თავისი ძალები, მაგრამ კვლავ აკონტროლებს ღაზას ტერიტორიის 53%-ს.