"თემურს დედას თვალები ჰქონდა. სითბო გამოსჭვიოდა. ის იყო რაინდი, შუქი ფანჯარაში..." - თემურ ჩხეიძე 81 წლის გახდებოდა

maka

18 ნოემბერს თემურ ჩხეიძე 81 წლის გახდებოდა. რეჟისორი ორი წლის წინ, ზაფხულში, მოულოდნელად   გარდაიცვალა. ანევრიზმის ოპერაციის შემდეგ, შუნტირების გაკეთება გახდა საჭირო. მეორე ოპერაციას გართულება მოჰყვა... მაესტროს გადარჩენა ვეღარ მოხერხდა...

"სულ ცოტა ხნის წინ გადავეჩვიე ამ მექანიკურ ფიქრს: “ჰო-ჰო, ეს თემურთან უნდა გადავამოწმო!” - ერთხელ ხმამაღლა წამომცდა, მერე ცოტა ვიტირე. არა უშავს. მის "არ ყოფნას" ყოველ დღე ვაწყდები, ვცდილობ ვისწავლო უმისობა, მაგრამ თან არ მინდა. ძალიან ცოტა ადამიანისგან მიგრძნია იმხელა ნდობა, რაც მისგან - ეს მაძლიერებდა, ახლაც მაძლიერებს, ამ ბრძოლაშიც..." - წერს რეჟისორის დის შვილიშვილი, დათა თავაძე.

ამ ვარსკვლავურ ოჯახში ყველა წარმატებულია, ყველა საზოგადოდ ცნობილი - ცალკე სახელითა და გვარით.

ძმას "პრაიმტაიმთან" მაკა მახარაძე იხსენებს.

მაკა მახარაძე: გუშინ მამას დაბადების დღე იყო, დღეს თემურის, ხვალ ბიძაჩემის, მედიკოს ძმის დაბადების დღეა... ნოემბერი, რომელიც ასე მიყოლებით სიხარული იყო, ახლა მიყოლებით ცრემლებია...

საკუთარ დაბადების დღეზე სევდიანი იყო ყოველთვის... 

დრო არ კურნავს, ეჩვევი. რადგან ჩვენ ერთად არ ვცხოვრობდით, მგონია, რომ თავის სახლშია. 

თემური მთელი ოჯახისთვის მაგალითი იყო. და არა მხოლოდ ოჯახისთვის, ყველასთვის.

ერთხელ დამესიზმრა. ქვევიდან მიყურებდა. სევდიანი იყო. დილით სანთელი დავანთე...

თემურთან დაკავშირებით მახსენდება მხოლოდ სიკეთე. იყო რაინდი. სარეპეტიციოში შესვლისას, არ არსებობდა, გოგონა სტუდენტების მასზე წინ არ გაეტარებინა. სულ წინ უშვებდა, მერე შედიოდა თვითონ. თემური ჩემთვის იყო შუქი ფანჯარაში.

კლინიკაში, სანამ დამძიმდებოდა, ვნახე და აჟიტირებული საუბრობდა, იუმორი ჰქონდა საოცარი. შენ ცუდად არ ხარ-მეთქი, ვუთხარი. არ ვიმჩნევდი. ფერმკრთალი კი იყო...

ბოლო საუბარი ვერ მოვახერხე, ვერ შევედი მასთან... რამდენიმე წლის წინ მითხრა, ჩემი წასვლის დღე რომ დადგება, ჩემს გვერდით იყავიო. ვერ ვიყავი..

საფლავზე მარტო მისვლა არასდროს მიყვარდა. ახლა მარტო მირჩევნია მივიდე და ველაპარაკო. 

ყურადღებიანი, მზრუნველი, თბილი იყო ყოველთვის. მამაჩემთან, კოტე მახარაძესთან საოცარი მამაშვილური ურთიერთობა ჰქონდა. თემური ხაზს უსვამდა, კოტემ ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშაო. მართლა ასე იყო, არ იპრანჭებოდა. კოტე თემურისთვის ზე მამა იყო. მართლაც განსაკუთრებულად ექცეოდა, რომ დედაჩემისთვის სიყვარული დაემტკიცებინა.

ჩვენ შვილი გვყავს და კიდე რად გვინდაო, მედიკოს ეუბნებოდა მამა. მიუხედავად იმისა, რომ თემურს მამის მხრიდან არაჩვეულებრივი ოჯახი ჰქონდა და მუდმივად კონტაქტში იყვნენ. თემურის მამა არაჩვეულებრივი მსახიობი და პედაგოგი ნოდარ ჩხეიძე გახლდათ, ბაბუა – გიორგი ქუჩიშვილი.

მე რომ დავიბადე, თემური ექვს წლის იყო. მე და ჩემი უმცროსი ძმა კოტეს ირონიულად ვეუბნებოდით, თემურს რომ გადაჰყევი, ჩვენ ისე არ გადაგვყოლიხარო. მართლა გადაჰყვა, დიდი სიყვარული ჰქონდათ. შემოქმედებითი კამათიც მოსდიოდათ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი რამაა.

დედაჩვენი ისეთი იყო, ვერც ერთი ვერ ვგავართ მას. თემურს დედას თვალები ჰქონდა, თვალებიდან სითბო გამოსჭვიოდა. მედიკოს მიმტევებლობის საოცარი თვისება ჰქონდა, აი, ეს ჰქონდა თემურს მისგან. მე არ გამიგია ჩემს ძმას ვინმეს მისამართით საყვედური ეთქვას. ყოველთვის თავის თავზე იბრალებდა, ჩემი ბრალია, არ უნდა მექნაო...