ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება

ძალადობა

ფიზიკური შეურაცხყოფა, იძულება, მუქარა - 17 წლის მოზარდს მისივე ასაკის გოგო გაუსწორდა, მომხდარზე საუბარი კი სასტიკად აუკრძალა. დაშინებულმა ალაპარაკება მაინც შეძლო - მომხდარი ჯერ დედას უამბო, შემდეგ - პოლიციას.

"კურიერი P.S.-ი" ბათუმში მსხვერპლი მოზარდის ოჯახის თხოვნით ჩავიდა. გოგონამ, დედის თანხმობით და თანდასწრებით, მომხდარზე საჯაროდ საუბარიც გადაწყვიტა.

9 ნოემბერი, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია... ეს შემთხვევის ადგილია. 17 წლის გოგონა ნაცნობმა თანატოლმა სწორედ ამ ტერიტორიაზე მიიყვანა, უთხრა, რომ აქ სათვალთვალო კამერები არ არის და მოქმედებაზე გადავიდა.

შეშინებული მოზარდი მეთევზეებმა გადაარჩინეს, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ, თუმცა მოძალადე არასრულწლოვანმა ისინი ვერ შენიშნა.

სავარაუდო დამნაშავეს ბათუმში ყველა იცნობს. მის ანგარიშზე არაერთი დანაშაულია. მათ შორის, თბილისის ცენტრში, 13 წლის ბავშვის ცემის ფაქტი, რაც "კურიერი P.S.-მა" რამდენიმე თვის წინ გააშუქა. მაშინ ბათუმელმა არასრულწლოვანმა საპატიმრო სასჯელს თავი ასაკის გამო დააღწია.

ძალადობის ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მოძალადე არასრულწლოვანს ბათუმელ მოზარდებთან ურთიერთობა გაუფუჭდა. მისი საქციელი დაგმეს, ერთ-ერთი კი "კურიერი P.S.-ის" რესპონდენტია, რომელიც მისი მორიგი მსხვერპლი გახდა.

რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტზე აჭარის პოლიციამ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. დანაშაულში მხილებული არასრულწლოვანი უკვე გამოჰკითხეს. "კურიერი P.S.-მა" მასთან გასაუბრება სცადა, ვიყავით სახლში, სადაც არასრულწლოვანი მეგობართან ერთად ცხოვრობს, თუმცა კარი არავინ გააღო. თქვეს, რომ ის დიდ დროს ქუჩაში ატარებს - თუმცა სავარაუდოდ იცოდა, რომ ჟურნალისტი ამბის გასაშუქებლად ჩავიდა და "კურიერი P.S.-ის" კამერას ქუჩაშიც დაემალა.

"კურიერი P.S.-ის" ინფორმაციით, გამოკითხვის დროს, ძალადობაში მხილებულმა მოზარდმა თანატოლის ცემა და ბულინგი დაუდასტურა.

ექსპერტიზა ჩაუტარდა ნაცემ ბავშვს. მას დაზარალებულის სტატუსს, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მიანიჭებენ, რის შემდეგაც საქმეში სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგიც ჩაერთვებიან.

რა ბედი ელის ძალადობაში მხილებულ არასრულწლოვანს? - იურისტი განმეორებითი დანაშაულის შემთხვევებსა და მოსალოდნელ პროცესებს განმარტავს.

მსხვერპლი მოზარდის დედა ახლა მხოლოდ შვილის უსაფრთხოებას ითხოვს.