„აიძულებდა, სექსუალური მომსახურება გაეწია სხვა პირებისთვის, ხოლო გამომუშავებული თანხა მისთვის ჩაერიცხა" - დაკავებულს 7 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუქარით, ძალადობით და შანტაჟით გადაიბირა დაზარალებული და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა. აიძულებდა მას, სექსუალური მომსახურება გაეწია სხვა პირებისთვის, ხოლო გამომუშავებული თანხა მისთვის სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი დაზარალებულს შეურაცხყოფას აყენებდა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.