„ოსკარის“ ნომინაციაზე საქართველოს კანდიდატ ფილმად თინათინ ყაჯრიშვილის „მოქალაქე წმინდანი“ დასახელდა

ყაჯრიშვილი

კინოთეატრ „ამირანში“ გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 2024 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოავლინა.

2024 წელს ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატ ფილმად „მოქალაქე წმინდანი“ (თინათინ ყაჯრიშვილი) დაასახელეს.

ფილმი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითაა გადაღებული. საქართველოს კანდიდატი ფილმი სპეციალური კომისიის ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა.

კომისიის წევრები იყვნენ: გიორგი ხარებავა, კონსტანტინე ესაძე, ედმონდ მინაშვილი, ზაზა შათირიშვილი, ვალერიან კირკიტაძე, ოთარ ბუბაშვილი, ნიკოლოზ შენგელაია, მარიამ ხაჭვანი, რუსუდან გლურჯიძე,  ლევან გიგინეიშვილი, ბაჩანა ოდიშარია, გიორგი ცხვედიანი.

წელს საქართველოს საკონკურსო ფილმის სტატუსის მოპოვებას ცდილობდა ოთხი ქართული ფილმი: „გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლო“ (რეჟისორი – ლელა წიფურია), „მოქალაქე წმინდანი“ (რეჟისორი – თინათინ ყაჯრიშვილი), „მშვენიერი ელენე“ (რეჟისორი – გიორგი ოვაშვილი), „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ (რეჟისორი – ელენე ნავერიანი).

ამერიკის კინოაკადემიის 2024 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს საკონკურსო ფილმის შერჩევის პროცედურა საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა 12 აგვისტოს დაიწყო. ქართველ კინემატოგრაფისტებს განცხადების შეტანა პირველი სექტემბრის (18:00 საათამდე) ჩათვლით შეეძლოთ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ამერიკის კინოაკადემიას კონკურსში გამარჯვებულ ქართულ ფილმს უახლოეს მომავალში წარუდგენს.