„მოხუცი მოტრიალდა, ჩემს წინ მუხლებზე დადგა და გულზე მაკოცა...“ - რას იხსენებს პოეტი ლექსო კაკიაშვილი

poeti

ლექსო კაკიაშვილი უკვე რამდენიმე წელია ლექსებს წერს. მის პოეზიას გასდევს სევდა და ნაღველი. გარდა ამისა, ის მოყვარული მსახიობია. თეატრის პარალელურად, ხაშურში ავტოგასამართ სადგურზე მუშაობს. 

პოეტი „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუში ბავშვობის შთამბეჭდავ ისტორიას იხსენებს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მთელი ცხოვრების განმსაზღვრელია.

გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ „გზის“ ინტერვიუდან:

„მახსოვს, აპრილი იდგა. მამამ სასეირნოდ გამიყვანა იქვე, პარკში, სადაც ჩვენი გასართობი, ძველი რკინის კარუსელი იყო. გზად „ბუტკასთან“ უნდა გაგვევლო, დედამ კვერცხი და ცოტაოდენი შაქარი დაგვაბარა. მენაყინე შემოგვხვდა. გაჰყვიროდა, „ნაყინიიიი, ნაყიიინიიი!“ მამას ფეხებზე შემოვეხვიე მუდარით: გთხოვ, ნაყინი მიყიდე, გთხოვ... მამამ ცივი უარით ჩამომიშორა. ახლა ვხვდები, რომ თუ ნაყინს მიყიდდა, დედას დანაბარებზე ფული აღარ ეყოფოდა, მაგრამ მაშინ, რა თქმა უნდა, გავიბუტე. მამას ჩამოვშორდი და ფეხის თრევით, გაბრაზებულ-გაბუსხული უკან გავყევი. მამა უცებ შეჩერდა, ჯიბიდან ფული ამოიღო და მითხრა: მიდი, მაღაზიაში გაიქეცი და ერთი ძეხვი იყიდეო. ცრემლები მახრჩობდა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა, წავედი.

მალე ძეხვით ხელში დავბრუნდი. შვილო, ხედავ იმ ურნასთან მოხუც კაცს?.. მიდი და ეს ძეხვი მიუტანე. არ გამოგართმევს, მაგრამ ჩემკენ გამოახედე, უთხარი, მამას მე ვთხოვე და ისე მოვედი შენთან-თქო... მაშინ ვერ წარმომედგინა, რატომ უნდა გვეყიდა ძეხვი უცნობი მოხუცი კაცისთვის იმ ფულით, რომელიც გათვლილი გვქონდა იმისთვის, რაც უნდა გვეყიდა. წასვლა რომ დავაპირე, მამამ შემაჩერა და მითხრა, - რომ მიხვალ, შეეცადე, მის თვალებში სამყარო შეიმეცნოო. ვერც იმას მივხვდი, რატომ უნდა ჰქონოდა იმ მოხუცს თვალებში სამყარო. ამ ფიქრებში გართული მოხუცს მივუახლოვდი. გამარჯობა, ეს ძეხვია, მამას მე ვთხოვე, რომ თქვენთვის მომეცა, მამაც აქაა, იცის და აჰა, აიღეთ-მეთქი, - ერთი ამოსუნთქვით მივაყარე. თან შევეცადე, მის თვალებში სამყარო აღმომეჩინა.

მოხუცი მოტრიალდა, ჯერ მამას გახედა, მერე ჩემ წინ მუხლებზე დადგა და გულზე მაკოცა... როდესაც ლურჯ თვალებში ჩამდგარი ბობოქარი ზღვის მღელვარებით შემომხედა, მყისვე ადგილზე გავიყინე. ღმერთო, ვერ წარმოიდგენთ, მაშინ როგორ უცებ დავთმე ჩემი ბავშვობაც, ნაყინიც და როგორ შევიმეცნე პირველად ადამიანური სევდით გაჯერებული ბედნიერების ამოფრქვევა სულის სიღრმიდან... მაშინ მოვედი გონს, როდესაც მამამ დამიძახა და მოხუცმა მითხრა, - გაიქეცი, პატარა ღვთის საჩუქარო, მამა გეძახისო. მამამ დამარიგა, - დედას ვუთხრათ, რომ წაიქეცი და როდესაც გაყენებდი, ფული მაშინ დავკარგეთო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. იმ ღამით ძილი არ გამეკარა, სულ იმ სევდისფერ ზღვაზე მეფიქრებოდა, მოხუცის უპეებიდან გადმოსვლას რომ ლამობდა სამყაროს ყველა სატკივრის წასალეკად... იმ ღამეს მამასაც არ სძინებია...“ - იხსენებს ლექსო კაკიაშვილი.

სხვა სიახლეები