დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
სიღნაღის ისტორიულ ციხე-გალავანს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, მიმდინარე წელს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე მუშავდება საპროექტო დოკუმენტაციის ტექნიკური ნაწილი, რომელიც ციხე-გალავნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო კვლევებს, პროექტირებას და შესაბამის მომზადებას გულისხმობს. ისტორიული ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაცია, 2022-2023 წლებში განხორციელდება.
ცნობისთვის, ქალაქ სიღნაღის ისტორიული ციხე-გალავანი აგებულია XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მრავალი წელია რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
სიღნაღის ციხე-გალავანი რომელიც ფართობით ევროპაში პირველი და მსოფლიოში მეორეა ჩინეთის დიდი კედლის შემდეგ, ორმოცი ჰექტარი უჭირავს, საიდანაც ხელისგულზე მოჩანს ალაზნის ველი და კავკასიონი. გალავნის სიგრძე 4 კილომეტრამდეა. მას ჰქონია 23 კოშკი და 6 თაღოვანი კარიბჭე.
სიღნაღის ციხე-გალავანი, საქართველოში, ქალაქ სიღნაღში ისტორიკოს პლატონ იოსელიანის ცნობით, აგებულია 1762 წელს, ერეკლე მეფის მიერ. მსგავს ცნობას იძლევა ვახტანგ ბატონიშვილიც
„მეფემან ირაკლი აღაშენა მრავალნი სოფელნი და ციხენიცა და ორნი უჩინებულესნი ციხენი დიდნი, ესე იგი ციხე ბოჭორმისა, რომელიცა ყოფილარს უწინარესსა, გარნა მცირე და ციხე იგი ქიზიყისა უწოდებენ სიღნაღს, რომლისაცა მიზეზით მრავალგზის ისარგებლეს ხალხთა ქიზიყისა და სხვათა მახლობელთა სოფელთა მისთათა მშვიდობით დაცვითა მტერთაგან“. ხოლო, მემატიანე ომან ხერხეულიძე მხოლოდ ციხის განახლების შესახებ წერს. „მეფემ ირაკლიმ განაახლა ციხე გორისა, გალავანი სიღნაღისა, თელავისა...“
სიღნაღის ციხეს თავდაპირველი სახით ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა მის შესახებ წარმოდგენის შექმნა შესაძლებელია XIX საუკუნის დასაწყისში შესრულებული გეგმის მიხედვით.
XVIII საუკუნის შუა საუკუნესა და მეორე ნახევარში ძირითადად აგებდნენ დიდი ტევადობის ციხეებს, რადგან ციხეებში თავის შეფარება ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ახლომახლო სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასაც შეძლებოდა.
სიღნაღის ციხის გეგმაზე არსებული ჩანაწერების მიხედვით, ირკვევა რომ ცალკეულ სოფლებს ცალკე ჭიშკრები და კოშკები ეკუთვნოდა. მაგალითად: „მაღაროს“, „ბოდბის“, „ვაშნარის“. „მაღარო“ ორი ცილინდრული კოშკითაა გამაგრებული, იგი მთავარ შესასვლელს წარმოადგენს, რადგან ქალაქისა და ციხის მაკავშირებელია.
სხვა დანარჩენი შესასვლელები ციხის კედლებშია გაჭრილი. უმრავლესობა განიერია და წარმოადგენს ნამდვილ ჭიშკარს, ზოგი ვიწროა და მათი დანიშნულება სათადარიგო კარია.
გალავნის მთელ სიგრძეზე განლაგებულია ცილინდრული კოშკები, ხოლო მათ შორის - კონტრფორსები. სულ 23 კოშკია, რომელთა შორის მანძილი არათანაბარია.
XIX საუკუნეში შესრულებულ ციხის გეგმაზე შესასვლელ სახელებთან ერთად, კოშკების სახელებიცაა აღნიშნული. არსებული 23 კოშკიდან, მხოლოდ ორს არა აქვს სახელი (ორივე ჩრდილოეთით მდებარეობს), დანარჩენებს ჰქვია ახლო მდებარე სოფლების სახელები:
1. „მეფისა, ანუ ჯუღაანისა“, 2. „კახეთის პირველი“, 3. „კახეთის მეორე“, 4. “შილდის“, 5. „ნარიყალა“, 6. „ზირბ ხოველინისა“, 7. „ვაქირის“, 8. „კარდანასის“, 9. „ბაკურციხის“, 10. „ვაშნარის პირველი“, 11. „ვაშნარის მეორე“, 12. „ანაგის“, 13. „საქობო“, 14. „მაჩხაანის პირვვლი“, 15. „მაჩხაანის მეორე“, 16. „ქიზიყის, ანუ გორის ბურჯი“, 17. „ველისციხის“, 18. „ბოდბის“, 19. „მაღაროს პირველი“, 20. „მაღაროს მეორე“ და 21. „მირზაანის“.
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში სიღნაღის ციხე კახეთში ერთ-ერთ საიმედო და დასაყრდენ პუნქტად ითვლებოდა. მას, როგორც სიმაგრეს, არც XIX საუკუნის პირველ ხანებში დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა.
სიღნაღის ციხე-გალავანი ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია, არამარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოში. გადმოცემის თანახმად, სიღნაღის გალავანში ცოცხლად დაუტანებიათ ადამიანი.
ლეგენდა გვამცნობს, ოსტატებმა სწრაფად მიატოვეს ცოდვიანი ადგილი, ხოლო, იმ კედლის ძირში, სადაც კაცი დაატანეს წყარო გადმოდისო.
23 კოშკი და 6 თაღოვანი კარიბჭედან, ყველა თავის სახელს ატარებდა სოფლების მიხედვით: მაღაროს ჭიშკარი და მისი ორი კოშკი, სამეფო ანუ ჯუგაანის კოშკი, კახეთის კოშკი პირველი და კახეთის კოშკი მეორე, შილდის კოშკი, და შილდის ჭიშკარი. ,,ნარინგკალეს“ კოშკი.ზიარ-ფხოველი კოშკი, კოშკი ვაქირის ჭიშკართან, ვაქირის ჭიშკარი, კარდანახის კოშკი, ბაკურციხის კოშკი, მაშნაარის ჭიშკარი, მისი მცველი ორი კოშკი, ანაგის კოშკი, საქობოს კოშკი, მაჩხაანის კოშკი, ბოდბის კოშკი.
მტრის შემოსევის დროს ციხე-გალავნის ამშენებელი სოფლების მთელი მოსახლეობა თავისი სარჩო-საბადებლით აქ აფარებდა თავს. კოშკების და გალავნის დაცვა მათ ევალებოდათ. ციხის კედლები ორიარუსიანია, ქვედა იარუსის კედლის სისქე 1,5 მეტრია, ზედა იარუსისა 70-80 სმ.ამ კედლების სისქეთა განსხვავება შიგნიდან ქმნის საბრძოლო ბილიკს, რომლის სიგანე საკმარისი იყო მებრძოლთა სამოძრაოდ.
ბილიკზე ასასვლელად კოშკების გვერდებსა და ციხის რამდენიმე სხვა ადგილზე მოწყობილი იყო ქვის კიბეები. კოშკების უმრავლესობას ჰქონია ორსართულიანი საბრძოლო ბანი. ციხე გალავანში, ჩაშენებულია, წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესია.
სიღნაღის ციხე-გალავანი ნაგებია რიყის ქვით, ხოლო უმნიშვნელო რაოდენობითაა გამოყენებული აგური.