„მივუჯდები, ვექაქანები, რომ რაღაც წამოვაცდენინო. ჯემალისნაირად ჩუმია. მაგრამ თუ ნასვამია..." - ლეო ანთაძე 90 წლის გახდა

leo

12 ნოემბერს ლეო ანთაძე 90 წლის ხდება. ვაჟას "ბახტრიონს" სცენიდან ზეპირად ამბობს. შესაშურ მეხსიერებასთან ერთად, მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია. არც ზედმეტი კილოგრამები აწუხებს, არც რაიმეს უჩივის. წლებია ყოველდღიურად ვარჯიშობს როგორც ფიზიკურად, ასევე - გონებით. ჰოდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 90 წლის ლეო ანთაძე ძალიან კარგ ფორმაშია.

"პრაიმტაიმთან" ამბობს, ამ საიუბილეო თარიღს რესტორანში აღნიშნავს. გულის სწყდება, რომ ბევრი მისი კოლეგა და მეგობარი ცოცხალი აღარ არის.

შეკითხვაზე - როგორ ხართ-მეთქი, მიპასუხა: ცუდად (პაუზა...) არა ვარო. პაუზის მერე, რომ თვალები გავაფართოვე, მიხვდა, რომ "ჩანაფიქრი" გამოუვიდა... იუმორი აქვს და ესეც ძალიან ეხმარება, რომ ასე მხნედ არის. ეს ნიჭი ადამიანს კურნავს, ამხნევებს, შედარებით მსუბუქად აყურებინებს ამ წუთისოფლისთვის.

ლეო ანთაძე: - მიყვარს იუმორი, ცეკვა, თუმცა ძველებურად ვეღარ ვმოძრაობ. ცოტა წავქანდები ხოლმე, მაბარბაცებს. კორონამ დამიტოვა. 

ვერ ვიტყვი, რომ ცუდი სიბერე მაქვს. მყავს შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები. დღემდე სცენაზე ვდგავარ. ამ ასაკს, მოქმედმა მამაკაცმა მსახიობმა, ვერავინ მიაღწია. 

არ ვიცი, ეს რისგან არის. ჯიში არ მაქვს. მშობლები ადრე გარდაიცვალნენ. 

სიგარეტს არ ვეწევი და ვვარჯიშობ. ალბათ, ეგაა მიზეზი, რომ მხნედ ვარ. 41 წლის ვიყავი პირველად რომ მოვწიე და ოთხი წელი ვეწეოდი. თითოს დარდის გასაქარვებლად, მაგრამ სიგარეტი რომ ამის წამალი იყოს... თავს იტყუებს ყველა, ვისაც ჰგონია, რომ დარდს იქარვებენ. იმაზე მეცინება, სერიოზული სახით რომ ეწევიან და ფილტვებში და მთელ სხეულში შხამს უშვებენ. რა ძალა გადგას, შე ოხერო, რომ თავს იწამლავ. 

მსახიობობა იმით არის კარგი, რომ მსახიობისთვის სიამოვნების მომნიჭებელია. ვშრომობ და თან სიამოვნებას ვიღებ. მარლონ ბრანდოს აქვს ნათქვამი: გენიალური პროფესია მაქვს, შრომაში დიდ სიამოვნებას ვიღებ და ამაში კიდევ, დამატებით, ფულსაც მიხდიანო. მართლა ასეა. ჩემთვის შრომა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. არის პროფესიები, მძიმე შრომა უწევთ და არ აქვთ შესაბამისი ანაზღაურება. მაგრამ როცა გიყვარს პროფესია და საქმე, ძალიან კარგია. 

"ყვავილი თოვლზე" ჩემი პირველი ფილმია და ახლა რომ ვუყურებ, მაინცდამაინც კმაყოფილი არ ვარ. შეცდომებს ვამჩნევ. არის ადგილები, სადაც ზედმეტად ტკბილად, "პავიდლოსავით" ვთამაშობ და ამას გამოვასწორებდი, შევარბილებდი. თეატრში შეცდომის გამოსწორება შემდეგ სპექტაკლზე შეგიძლია, კინოში - არა. 

ცოტათი ახალგაზრდა რომ ვიყო "ვენეციელ ვაჭარში" სიამოვნებით ვითამაშებდი. 

ახლა ჩემი კლასელი და მეგობარი ელდარ შენგელაია დამპირდა, რომ ფილმში უნდა გადამიღოს. სამი თვით ვარ ელდარზე უფროსი. საბავშვო ბაღშიც ერთად ვიყავით და ბაღამდეც. ნიკოლოზ შენგელაია რომ ფილმს იღებდა, მამაჩემი მეორე რეჟისორი იყო. ხუთი წლის არც ვიქნებოდი, ქობულეთში იყვნენ გადაღებაზე და ჩვენც, ბავშვებიც მათთან ერთად ვიყავით. კარგი მეხსიერება მაქვს. შთაბეჭდილებების კაცი ვარ. თითქოს გუშინ მოხდაო, ისე მახსოვს ძველი ამბები. მე და ელდარი ერთ მერხზე ვისხედით ბოლო კლასამდე. მოვდივართ ასე დღემდე. ვნახოთ, ახლა როგორ ვითანამშრომლებთ. ჯერ არ უთქვამს, რა როლს მაძლევს. აპრილში იქნება გადაღება. 

- ბატონო ლეო, შიგნიდან, გულის რაკურსიდან გრძნობთ, რომ 90 წლის ხართ?

- (იცინის) მე ვერ ვგრძნობ. ერთი პერიოდი დავდიოდი ერთ-ერთ გასახდომ პროგრამაზე. იქ აქვთ მოწყობლობა, რომელიც უჯრედით აფასებს, სხეული რა ასაკისაა. ერთხელ მითხრეს, ათი წლით უმცროსის სხეული გაქვთო. ერთი კვირის შემდეგ კიდევ მითხრეს, კიდევ ოთხი წელი მოიკელითო, გავიდა დრო - კიდევ სამი, კიდევ ოთხიო და ბოლოს ვუთხარი, აქედან ისე არ წავალ, სანამ "აღუს" არ დავიძახებ და "სოსკას" არ ჩამიდებთ პირში-მეთქი.

კარგა ხანია დაბადების დღე არ გადამიხდია. ადამიანი ერთხელ ხდება 90 წლის და რესტორანში უნდა გადავიხადო. ცეკვა? არ ვიცი, ვნახოთ რა ხასიათზე ვიქნები, ვიცეკვებ თუ არა. ჩემი ასაკის კოლეგები აღარ არიან ცოცხალი. თენგიზ არჩვაძეს არ შეუძლია რესტორანში მოსვლა. თამარ სხირტლაძე მოვა. მოვლენ სხვები. ალბათ, მოვილხენთ.

მედეა ლორთქიფანიძე: - 12-ში ვიქეიფებთ, ლეოსთან. იცით, როგორი მეგობრები ვართ?! ერთხელ ჩემს სახლში გვქონდა რეპეტიციები და იქ გავიცანი კარგად. დილას რომ არ ივარჯიშოს ნახევარი საათი, არ არსებობს. კიბეებზე ამორბის ჩიტივით. ცეკვავს, უკრავს, მღერის. რა ხმა აქვს იცით? არაჩვეულებრივი ადამიანია. გადასარევი სამეგობროა, მაგრამ ნამეტანი ჩუმია. ჯემალისნაირია. თუ არ მიუჯექი და არ შეაფხიზლე - ე ბიჭო, გამოცოცხლდი პატარა, რა მკვდარივითა ხარ-მეთქი. საჭმელი  მე მიმაქვს მასთან, თვითონ მორიდებულია. მივუჯდები და ვექაქანები. სულ ველაპარაკები, რომ რაღაცას წამოვაცდენინებ, ვათქმევინებ. გისმენს, არ ლაპარაკობს. თუ ცოტა ნასვამია, იცოცხლე. მაშინ კარგი მოსაუბრე ხდება. 12 შვილთაშვილი ჰყავს. იხაროს და იდღეგრძელოს. 

- ასაკს რა მოაქვს, ბატონო ლეო?

ლეო: ასაკს მოაქვს გამოცდილება და დიდი სევდა. ოჯახის წევრები და მეგობრები ცოცხლები აღარ არიან. 

მენატრებიან მშობლები, მესიზმრებიან. სტუდენტი ვიყავი ორივე რომ გარდამეცვალა. დედა თრომბით, ორი წლის შემდეგ კი მამა, ინსულტით. ჯაზ ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ მე და ირაკლი უჩანეიშვილმა. მე კლავიშზე ვუკრავდი. მეგობები ასე დამეხმარნენ, რომ გადამეტანა ეს მწუხარება... სამწუხაროა, რადგანაც დედას და მამას ვერ ვაჩვენე, ჩემგან რა გამოვიდა... გული მწყდება.