ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
მერაბ სეფაშვილი 61 წლის გახდა. ამბობს, რომ შინაგანად ასაკის მატებას ვერ გრძნობს, ვერც - ფიზიკურად. ამისთვის განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს. ახლა შვილიშვილებითაა დაკავებული, მათთან ურთიერთობა, არსებული სტრესული გარემოდან იზოლაციას უკეთებს და ბედნიერია.
"პრაიმტაიმის" მკითხველს კი თავის ახლანდელ განწყობაზე უყვება.
მერაბ სეფაშვილი: ჯერჯერობით, თავს ვერც შინაგან ცვლილებას ვატყობ და ვერც - გარეგნულს. თვალი არ მეცეს, გადავაფურთხებ. ამისთვის კი, არაფერსაც არ ვაკეთებ.
ახლა კარგად ვარ. კოვიდის შემდეგ, ივნისში, რა ცუდად ვიყავი... თან უცებ! არც გაციებული ვიყავი, არც ვირუსი იყო. ღამე მაღალი სიცხე მომცა და ორივე ფილტვზე ანთება! ლევან რატიანმა მიშველა. ხომ იცით, ყველას სასწრაფო დახმარებაა.
არ შემშინებია. ცუდად ყოფნის დროს, ვცდილობ კარგზე ვიფიქრო. როცა ნერვიულობ და განიცდი, იმუნიტეტს ითრგუნავ და ორგანიზმის თვითლიკვიდაციას ახდენს. ძალა არ მქონდა. ჩემი განწყობით მალევე მოვყოჩაღდი. მერე აბასთუმანში ვიყავი.
რა გითხრათ?! ახალ სიმღერებზე ვმუშაობ, ძველებს ახლებური არანჟირებით ვაახლებ. სხვა არაფერი ახალი, უღიმღამო ცხოვრება, საგიჟეთი... ტელევიზორს ვერ ჩართავ, ლანძღვაა, ქუჩაში - ლანძღვაა, ყველაფერი გაძვირდა, ფული არ არის... შეიძლება გაგიჟდე. ეს ყველას გვეხება. სტრესს რომ გავუმკლავდე, სახლში ყოფნისას ხმამაღლა ვიგინები და ასე ვუშვებ ნეგატივს გარეთ. მგონი, კარგი მეთოდია.
საგიჟეთისგან გამოსათიშად და სტრესთან გამკლავებაში შვილიშვილები მეხმარებიან. ნიკუშას შვილები - ნინა 13 წლისაა, ალექსანდრე 6 წლის. დავდივართ ერთად, ვერთობით. ორივე გადასარევად მღერის. ისე ჩემი შვილებიც მღერიან, მაგრამ არც ერთმა არ მოინდომა მუსიკაზე სიარული და პროფესიონალურად სიმღერა. ძალით კიდევ არაფერი არ უნდა გააკეთებინო ბავშვს.
ბაბუობამ უფრო მხიარული გამხადა. ალექსანდრე მგავს. სახელს მეძახის, მერაბო. სახელებით მივმართავთ ერთმანეთს. მოსწონს სიმღერა, მაგრამ ვატყობ, ერიდება. სცხვენია.
უმცროსი ვაჟი, სანდრო 28 წლისაა, ცოლი ჯერ არ შეურთავს. დროა-მეთქი, ვახსენებ, ფრთხილად.
შვილები არასდროს არაფერში არ შემიზღუდავს. ორიანისთვის რომ სჯიან მშობლები, არასდროს დამისჯია. ჩემგან სიყვარულს გრძნობენ და მათგანაც სულ ვგრძნობ პატივისცემას.
ხასიათით ორივე მგავს. დედამისიც ეუბნებათ, მამათქვენივით როდის მოხვალთ, როდის წახვალთ, არავინ იცისო.
ასეთი დაუგეგმავი ვარ. დაგეგმილი შეიძლება იყოს გასტროლი, კონცერტი, გადაცემა. მაგრამ ცხოვრებას ვერ დაგეგმავ. მე არ მიყვარს დაგეგმილი ცხოვრება. შეიძლება ეს ცუდია, მაგრამ ასეთი ვარ.
- და მაინც გაგვიმხილეთ თქვენი ასეთი ფორმის საიდუმლო?
- ხშირად მეუბნებიან, ამ ხნის კაცი ხარ და თავს ასე კარგად როგორ ინახავო. სპირტი! დეზინფექციას აკეთებს (იცინის). ხუმრობა იქით იყოს და დალიეთ, დრო გაატარეთ, ყველაფერი კარგად იქნება.
რაც მეტად პოზიტიურად იფიქრებთ, მით მეტად კარგად წაგივათ საქმე. გიჟიც არ ხარ, როცა ირგვლივ ცუდი ხდება და შენ კარგზე იფიქრო, მაგრამ ადაპტაცია უნდა შეძლო. ამ ყველაფერს რომ აჰყვე, შეიძლება მართლა გაგიჟდე. მეგობრები ვიკრიბებით, რომელიმესთან სახლში და განტვირთვა მიდის. ეს მთავარი საქმეა. რესტორანში იდილიის შექმნა არ გამოდის - მოდი, ფოტო გადავიღოთ, ჩემთან დალიეო... მიდის გადაპატიჟება. ამიტომ ოჯახში მშვიდად ზიხარ, საუბრობ...
- მერაბ სეფაშვილობა ხელს რაში გიშლით?
- მიშლის, რაღაცებს, ვერიდები. იცი, რომ საჯარო ტიპი ხარ, გიცნობენ და ვერ მოიქცევი როგორც გინდა. თუმცა ხანდახან, სწორად მიმაჩნია ადამიანს მიუთითო, კარგია, მაგრამ არ გამოდის. ვერიდები. ნერვები კი მეშლება, ვთქვათ, იგივე საცობში, მაგრამ თავს ვაკონტროლებ, ათასი კაცი მიყურებს.