რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
იმედა კახიანი 85 წლისაა და ფიზიკურად მშვენიერ ფორმაშია. 90-ს მიტანებულმა ელდარ შენგელაიამ მეგობარი ფილმში გადაიღო. ბატონი იმედა მღვდლის როლს თამაშობს.
ფიზიკურ სიჯანსაღეს გენეტიკას მიაწერს და „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ამისთვის განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს.
იმედა კახიანი: - მე მაინც მგონია, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის, თუ როგორ გამოიყურება ასაკში, გენის დამსახურებაა. განსაკუთრებული ხელშეწყობა არასდროს მქონია. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემი ფორმაში ყოფნა გენეტიკის ბრალია. 12 წლიდან ვეწეოდი მანამ, სანამ ბოლო წლებში გულის ინფარქტი ორჯერ არ შემემთხვა და სტენდები არ ჩამიდგეს. რა საკვირველია სიგარეტს თავი დავანებე.
სუფრებთან ვსვამდი, მაგრამ წაქცევამდე - არასდროს. მიწევდა დალევა, თამადობაც, მაგრამ სუფრის მთვრალ წევრებს ჩავისვამდი მანქანაში და ვარიგებდი სახლებში. ვცდილობდი უგონოდ არ დავმთვრალიყავი. ამის გაკონტროლება ღვინის სმისას შეიძლება, არაყზე და სპირტიან სასმელებზე - ნაკლებად.
არ მივარჯიშია. როცა თბილისში ვარ, ფეხით დავდივარ. მცხეთაში ეზოში, დიდი სამუშაოები არ მაქვს, მაგრამ იქ შეუძლებელია ყვავილთან, ხესთან არ მივიდე, რამე არ გავაკეთო. თავისთავად ვარჯიშია.
შვილთაშვილები - ნინის და ანასტასიას შვილები, ელენე და ირაკლი დილით, მანქანამდე მე მიმყავს (კლასელები არიან), შემდეგ რახან გარეთ ვარ, ვსარგებლობ მომენტით და ვაკის პარკში შევდივარ სასეირნოდ. სიმართლე გითხრათ, მარიტას ტრაგედიის შემდეგ ვაკის პარკში შესვლა არ მსიამოვნებს. აღარ შემიძლია, ჯერჯერობით, ვერ ვახერხებ, რომ იქ, იმ შადრევნის გარშემო, ხელდაწყობილმა ვისეირნო და დავტკბე სილამაზით. ორჯერ მივედი იმ ადგილას, პირჯვარი გადავისახე და დავლოცე ეს ანგელოზი გოგონა. რამხელა გული ჰქონია და როგორი ადამიანი ყოფილა ეს პატარა გოგო. წარმოუდგენელი სიმამაცე ჩაიდინა, ღმერთმა ნათელში ამყოფოს.
მოკლედ, ეტყობა ჯანმრთელმა გენმა გადამარჩინა. თორემ ბავშვობაში საჭმელიც მაკლდა და სასმელიც. გარდა იმისა, რომ საერთო გაჭირვება იყო, თბილისში 12 წლის ასაკში მარტო ვცხოვრობდი. რეპრესირებული მამა გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, როგორც პოლიტიკურად "არასაიმედო ადამიანს", ქალაქის ტიპის დასახლებაში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა. ამიტომ დედაჩემი, მამაჩემი და ორი უმცროსი ძმა, სოფლად ცხოვრობდნენ.
პლეხანოვზე ვცხოვრობდი. ეზოში სომხები, რუსები, ქურთები ცხოვრობდნენ... ეროვნებას ვინ არჩევდა მაშინ. ყველას უჭირდა, მაგრამ ჩემზე ყველა ზრუნავდა. საჭმელს მიყოფდნენ.
დედა სკოლის მასწავლებელი იყო და თავისი ხელფასით გვარჩენდა. ჩემს გვერდით, კარის მეზობლად ვერა ალექსანდროვნა ცხოვრობდა და დედა მას უგზავნიდა ფულს. ქალბატონი ვერა კი მაჭმევდა საჭმელს, ოღონდ - დღეში ერთხელ...
ის დრო ყველას მერჩივნა. სხვა ურთიერთობები იყო, სულ სხვანაირი ადამიანები ცხოვრობდნენ. მე ბედნიერი ვარ, რომ ყველა ასაკში გადასარევ ადამიანებს გადავეყარე ცხოვრების გზაზე. 18 წლის ვიყავი პირველად კინოში რომ გადამიღეს, მას შემდეგ დღემდე ვმუშაობ. ახლა ელდარ შენგელაიამ გადამიღო თავის ფილმში. ასევე ახალგაზრდა რეჟისორმა, გიორგი ჯაფარიძემ. ჩვენი პროფესია ასეთია, თუ ვინმეს გავახსენდებით, რომ ცოცხლები ვართ, გვეძახიან.