"სიმღერა რომ მომასმენინა, შემძრა! წინათგრძნობა ჰქონდა. ამ სიმღერით დაგვემშვიდობა და წავიდა..." - რა ისტორია აქვს ლექსს, რომელიც თეონამ აამღერა

tariel

"მთაში ცხოვრება მძიმე ტვირთიაო, ამბობენ. არა, ქალაქია ტვირთი. მძიმე ტვირთია, ათასგვარი საცდურით დახუნძლული. მთა კი სუფთაა, გიცავს, გულში გიხუტებს, საზრდოს გაძლევს. თუმცა, განსაცდელსაც გივლენს, რომ არ მოდუნდე, რომ მუდამ გახსოვდეს ღმერთი" -  ეს თეონა ქუმსიაშვილის სიტყვებია.

27 იანვარს 41 წლის გახდებოდა... 

"41-ე დაბადების დღეს გილოცავ იმიერში ჩემი დარდის, ფიქრის და ტკივილის მიზეზო... ჩემი არსების ნაწილო... უფალმა დაგიმკვიდროს ადგილი სასუფეველში, სადაც მართალნი განისვენებენ..." - წერს გელა დაიაური ფეისბუქზე. და იქვე ამატებს: "მადლობა, ჩემო ადამიანებო... უბრალოდ, მინდა, ახსოვდეს სამშობლოს თეო, როგორც კარგი კომპოზიტორი, მომღერალი, შვილი, დედა, მეუღლე , მართლმადიდებელი... ახსოვდეს და იცნობდეს..."

მახსოვს, ტარიელ ხარხელაურმა პირველად "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში გაიხსენა, თუ რა ისტორია აქვს ლექსს, რომელზედაც მთის ბულბულმა (ასე ეძახდნენ თეონას) მუსიკა შექმნა. "შენ ჩემო დიდო ტკივილო" - ამ ფრაზის ხსენებაზე მისი სულში ჩამწვდომი ხმით ნამღერი გაგონდება და მაშინვე სევდიანდები. სიმღერა ტრაგიკული თეონას სავიზიტო ბარათადაც იქცა. გედის სიმღერასავით ჟღერს, საბედისწეროდ შესრულებული და საკრალური...

ტარიელ ხარხელაური: "შენ ჩემო დიდო ტკივილო" ერთ-ერთი პირველი ლექსია, რომელიც მეუღლეს მივუძღვენი. მარინა სვანეთში იყო, ფოლკლორულ ექსპედიციაზე, მე ნახირში, მწყემსად. უცებ მომეძალა სევდა, მომენატრა და გონებაში ეს ლექსი დავწერე.

ერთხელაც თეონამ მომიბოდიშა, ტარიელ ძია, გავბედე და ამ ლექსზე სიმღერა დავწერეო. სიმღერას რომ მოვუსმინე, შემძრა! სულის მძიმე განწყობა დამანახა. ვფიქრობ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სიმღერა და ლექსი ასე ჰარმონიულად მოქმედებს და მიდის მსმენელის გულთან. თითქოს თეონას წინათგრძნობა ჰქონდა. ამ სიმღერით დაგვემშვიდობა და წავიდა...