"ექიმი ბალუზის როლმა, მერაბ ნინიძე გერმანიაში ძალიან პოპულარული გახადა. მაყურებელმა სერიალის გაგრძელება მოითხოვა" - "ექიმი ბალუზი" მალე "რუსთავი 2-ზე"

ninidze

"მერაბ ნინიძეს მრავალმილიონიანი გერმანული (და არა მხოლოდ) აუდიტორია ჰყავს", - მეუბნება გერმანიაში მცხოვრები ქართველი ლიზა ჰაკენბროიხი და უხარია, რომ მალე ჩვენც ვიხილავთ გერმანულ სერიალს - "ექიმი ბალუზი". 

ჭეშმარიტი ექიმის გულშემატკივრობას "რუსთავი 2-ის" მაყურებელი მალე დაიწყებს. აღსანიშნავია ის, რომ ქართულად ადაპტირებულ ვერსიაში, თავის გმირს, მერაბი თავად ახმოვანებს.

ერთი შეხედვით ძველმოდური ბალუზი, რომელსაც ძველმოდურად აცვია და მანქანის მარკაც შესაბამისი ჰყავს, მისადმი თანაგრძნობითა და ცოტა კომიკურადაც განგაწყობთ. მისი მსგავსი ექიმები დღეს ან ცოტანი არიან, ან საერთოდაც აღარ არსებობენ.  

თავად ვარსკვლავი თავის გმირზე ასე ჰყვება:

მერაბ ნინიძე: ბალუზს მართლა ჰყავს პროტოტიპი, წარმოშობით ლიბანელი ექიმი, რომელიც ჩრდილოეთ გერმანიაში ცხოვრობს. ასეთივე მანქანა დაჰყავს. პაციენტებთან შინ მისვლისას, თავისი ფეხსაცმელები აქვს, ჩაის სვამს, ესაუბრება. ომის დროს გამოიქცა თავისი სამშობლოდან. მეც ასევე, ომის მიზეზით მომიწია საქართველოდან წამოსვლა. ჩვენი ბედი თითქოს დაემთხვა. შარშან რომ შევხვდით, თვალებზე ცრემლი ჰქონდა და ისეთი კომპლიმენტი მითხრა - შენი ყველაფერი მჯერა! შენ ბალუზის გესმისო. მე ვუთხარი, მეც წამართვეს სამშობლო თავის დროზე-მეთქი. უცებ გავუგეთ ერთმანეთს.

ამ როლზე რომ დამამტკიცეს, გამიხარდა. მანამდე ერთფეროვან, განგსტერების და აგენტების როლებს ვთამაშობდი და უცებ ექიმი, რომელსაც გული სხვა ადამიანებისთვის უძგერს, პაციენტებზე გადამკვდარია. რეჟისორი მეუბნებოდა, მერაბ, ასე მკაცრად, ასე დაძაბულად ნუ უყურებო. 

მიხარია ამ კოსტიუმში შეძრომა. მესამე წელია ამ როლზე ვმუშაობ. მას უყურებენ, როგორც სამაგალითო ადამიანს. ამ კაცს თავისი სტილი აქვს. მოწესრიგებულ ადამიანს თამაშობს, მაგრამ კონტრასტია - შინაგანად ისეთი მოწესრიგებული ვერ არის. ძველისძველი მანქანა ჰყავს, თითქოს დროს ჩამორჩა... 

ქართველმა ემიგრანტებმა გერმანიაში ეს სერიალი ისე აიტაცეს, როგორც რაღაც მოვლენა.

ეს როლი ჩემთვის თერაპიასავით არის. საბოლოოდ, მაინც ერთი ადამიანი მეორისთვის არსებობს. ერთმანეთის გარეშე ადამიანებს, არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ეს სერიალია ამაზეა. 

გერმანიაში მცხოვრები ლიზა ჰაკენბროიხი კი სპეციალურად "პრაიმტაიმის" მკითხველისთვის ექიმ ბალუზზე საუბრობს.

ლიზა ჰაკენბროიხი: - ეს სერიალი რომ იწყება, ყველა ეკრანებთან ვსხდებით და ვუყურებთ. ჩემს გარშემო აბსოლუტურად ყველა უყურებს. ჩემი გერმანელი მეუღლე აღნიშნავს ხოლმე, გერმანიაში როგორი პოპულარულია ეს ქართველი მსახიობიო. მერაბი დეტექტიურ სერიალშიც წამყვან როლს ასრულებს. თუმცა ის სულ სხვა როლია...

სერიალი "ექიმი ბალუზი" რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული. მასში დამაჯერებელია ყველაფერი, სცენარიდან დაწყებული, მსახიობების თამაშით დამთავრებული.

მერაბ ნინიძის თამაში ყველას მოსწონს. ძალიან ბუნებრივია. ექიმ ბალუზში პირდაპირ ჩანს შემსრულებლის ადამიანურობა. ექიმის ტიპაჟიდანაც გამომდინარე ყველა დადებითად იმუხტება ამ გმირის მიმართ. მისგან სიმშვიდე, პოზიტიურობა და ჰუმანურობა მოდის. ხშირად ექიმის სახეს და თვალებს აჩვენებენ და ხომ იცით, თვალები არ იტყუებიან. სულ სითბო იღვრება მერაბის თვალებიდან... ძალზე ადამიანურია.

ბევრმა არც იცოდა, რომ მერაბ ნინიძე ქართველი მსახიობია. ექიმი ბალუზის როლის შემდეგ, ის გერმანიაში ძალიან პოპულარული გახდა.

თავიდან რუსი აგენტების როლებს ასრულებდა, თითქოს ასეთი ამპლუაც მოარგეს, თუმცა მერე და მერე დეტექტივებში უცხოელების როლებიც განასახიერა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანულად კარგად საუბრობს, ჯერჯერობით მაინც უცხოელების როლებში ანაწილებენ.

მერაბს ისეთ პროექტებში ნახავთ, წლობით რომ გადის, პრესტიჟულ, ბრენდად ქცეულ პროექტებში იწვევენ სათამაშოდ. თანაც მთავარ როლებში. ყოველთვის სერიოზულ და ღრმა როლებს თამაშობს. მაღალი კლასის მსახიობია და მისი თამაში ყოველთვის გამახსოვრდება. ღრმად შედის როლში და რაც არ უნდა, ერთი შეხედვით უბრალო და ეპიზოდური როლი ჰქონდეს, გმირის ხასიათის შრეებს წარმოაჩენს. ზედაპირულად არასდროს თამაშობს. 

"ექიმ ბალუზში" წინა როლებისგან განსხვავებით, სულ სხვა სახე შექმნა. სერიოზული როლია. ამ ექიმის როლი ზუსტად მერაბისნაირ სახასიათო და მაღალი რანგის მსახიობს უნდა შეესრულებინა. ისეთი დეტალები აქვს ამ როლს, რომ მას მერაბი სჭირდებოდა. ის ზუსტად არის შერჩეული. 

რომ დაიწყებთ ყურებას, მოგინდებათ მისი ყურება და ახალ-ახალ სეზონებში მერაბის ხილვა. სერიალი გადის გერმანულ არხზე ZDF-ი და ახლა მესამე სეზონს ველოდებით მოუთმენლად.

ახალი სერია რომ გავა, მის ფეისბუქგვერდზე კომენტარებს ვკითხულობ, სულ დადებით კონტექსტში იწერება მერაბზე.

მერაბი თავისი ნიჭიერებით აქ დაბადებული არტისტების გვერდით თავისუფლად დგას, ცნობენ, იწვევენ. ეს ადვილი მისაღწევი არ არის. პროფესიაში რომ გაღიარონ, დიდი შრომა გჭირდება. მერაბმა ეს შეძლო.

მერაბ ნინიძე მიიღეს და მისი ნიჭი აღიარეს. ექიმმა ბალუზმა უფრო და უფრო პოპულარული გახადა. 

 ყველა ასაკის ადამიანი უყურებს ამ სერიალს. ერთი ჩემი ნაცნობი გერმანელი ფილოლოგი მეუბნება, როგორ ღრმად და მელანქოლიურად თამაშობს ეს ქართველი მსახიობიო. მელანქოლიურია იმდენად, რამდენად მარტოხელაა, სულ სამსახურშია, ადამიანურია, ძველმოდური და ძალიან დადებითია. სერიებს არ ვტოვებთ და ეს მერაბის თამაშის დამსახურებაა...

მეორე ნაცნობმა მითხრა, დამაჯერებლად ასრულებს როლს, მრავალმხრივი მსახიობიაო. ისეთ მაღალ ხარისხში ითამაშა, რომ მაყურებელმა მოითხოვა სერიალის გაგრძელება და უკვე მესამე სეზონიც გადაიღეს...

მაშ ასე, სანამ გერმანიაში მესამე სეზონის ყურებას დაიწყებდნენ, ჩვენ "რუსთავი 2-ის" ეთერში მალე "ექიმი ბალუზის" პირველ ორ სეზონს ჩავუსხდებით...