ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
უკვე წლებია ეს საოცარი წყვილი შვილის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილთან ერთად ცხოვრობს. ბატონ ტარიელს არაერთხელ უთქვამს, რომ ურთულესი წლები ძლიერმა მეორე ნახევარმა გადაატანინა, გვერდში ამოუდგა და ოჯახის საზრუნავი თავზე იტვირთა... ის პოეტის ერთადერთი და უცვლელი მუზაა. ცისფერ თვალებს მიღმა "ქალამნებიანი" ძლიერი ქალი იმალება.
ფეისბუქზე ხარხელაურების წყვილის ფოტოს გადავეყარე. მათი სიყვარულის ისტორიის მოსასმენად მარინა ხარხელაურს დავურეკე. პრესას დღესაც გაურბის. თუმცა მე ჩემს არქივში ხევსური პოეტის საოცარი ინტერვიუ ვიპოვე. აი, რა მიამბო მან თავის მუზაზე, რომელსაც, თურმე თავიდან, ტარიელი, როგორც პოეტი არ აინტერსებდა...
ტარიელ ხარხელაური: "შენ ჩემო დიდო ტკივილო" ერთ-ერთი პირველი ლექსია, რომელიც მეუღლეს მივუძღვენი. სვანეთში იყო, ფოლკლორულ ექსპედიციაზე, მე ნახირში, მწყემსად. უცებ მომეძალა სევდა, მომენატრა და გონებაში ეს ლექსი დავწერე.
თეონა ქუმსიაშვილმა მომიბოდიშა, ტარიელ ძია, გავბედე და ამ ლექსზე სიმღერა დავწერეო. რომ მოვუსმინე, შემძრა. სულის მძიმე განწყობა დამანახა. პირველი შემთხვევაა, როდესაც სიმღერა და ლექსი ასე ჰარმონიულად მოქმედებს და მიდის მსმენელის გულთან. თითქოს წინათგრძნობა ჰქონდა. ამ სიმღერით დაგვემშვიდობა და წავიდა...
საერთოდ ლექსებს ნაგლეჯებზე ვწერდი. კომპოზიტორ იაკობ ბობოხიძეს აგარაკი ჰქონდა სიმონიანთხევში, სწორედ მისი და ჩემი ცოლის, მარინა ხარხელაურის წყალობით, რომელიც ნაგლეჯებზე მიწერილ გადაყრილ ლექსებს აგროვებდა, გავხდი პოეტი. ასე შემიყვანეს პოეზიაში. იქნებ დანაშაულიც ჩაიდინეს. მიჭირს იმასთან შეგუება, რომ პოეტი ვარ. ზოგჯერ, რომ გადავხედავ ლექსს, ვაცნობიერებ, რომ ჩემი შესაძლებლობის და პოტენციალის გათვალისწინებით ამის დაწერა არ შემიძლია. "დახურეთ ზეცა, ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ" - ჩემი გონება ამის შემქმნელი არ არის. ხშირად გავუოცებივარ სტრიქონებს - "წუხელ მუხლებზე მეწვა სიკვდილი, და მე და ქარი ვჭირისუფლობდით". ამას ადამიანის გონება ვერ შექნის. ასეთი გაბედული ნათქვამი არ შემიძლია. უფალი გაძლევს ნიჭს და არ გაქვს უფლება თავი მოიწონო, რა მაგარი ლექსი შევქმენიო. უბრალოდ, მე შექმნის პროცესში ახლოს ვარ ლექსთან. მერე მეც ჩვეულებრივი მკითხველი ვარ, როგორც სხვა. ვსწავლობ მის დინამიკას, რა არის მასში ფასეული. ლექსების რაოდენობა არ მაინტერესებს. ამით რომ დაინტერესდები, ის ლექსი შენზე წინ მოკვდება. არ მინდა ლექსმა გამასწროს. ჭირისუფალი ხომ მინდა რომ დამიტიროს? ლექსები ჩემი ჭირისუფლებია. მათზე უკეთ არავინ დამიტირებს.
ლექსის წერის დროს გარემოს მნიშვნელობა არ აქვს. ისეთ ადგილებში დამიწერია ლექსი, კაცი სიცილით მოკვდება. უხერხულ მდგომარეობაში მყოფსაც, თავი მიმინებებია და ლექსთან წავსულვარ. ვარაზის ხევზე ჩამოვდიოდი და ჭადრის ფოთოლმა ჩამომიფრინა - "შენ საით წახვალ ხმელო ფოთოლო" - ამეკვიატა სტრიქონი. ამ ლექსს ადევნებულმა ტრანსპორტით თავი საბადურებში ამოვყავი. ასე გაგიტაცებს ლექსი. ხშირად მინდორში ამკვიატებია სტრიქონები, ამ დროს გარემოს ათვალიერებ, რომ ლექსის ხმამაღლა წასაკითხად სიმყუდროვე იყოს. რამდენჯერმე ვკითხულობ, რომ არ დამავიწყდეს. მთაში რომ დაინახონ მარტო თავისთვის მოლაპარაკე კაცი, არანორმალურიაო იტყვიან. ამიტომ ვათვალიერებ გარემოს, რომ არ შემრცხვეს.
ლექსის წერისას ყველა კომპონენტი უნდა მონაწილეობდეს, გული, გონება, ყნოსვაც კი.
- რისი სუნი აქვს თქვენს ლექსებს?
- იმ სამყაროსი, რაშიც ვცხოვრობ. თივის, წვირის, ყვავილის, მიწის, ქალის სურნელიც აქვს...
- მეუღლე მუზაა თქვენი?
- გეტყვით: ჩემს გარშემო სუსტი სქესის ცვენა იყო. იცოდნენ რომელ აუდიტორიაში მქონდა ლექცია და კართან გროვდებოდნენ. იშვიათი ეგზემპლარივით მათვალიერებდნენ. მინდოდა იმაზე მეტი გამოვჩენილიყავი, ვიდრე ქალაქელები იყვნენ. მარინა ერთადერთი გოგო იყო, რომელიც ჩემით არ დაინტერესებულა. გოგოები რომ მეხვეოდნენ, ის ჩემ სიახლოვეს არ მოდიოდა. ახლა მივხვდი, მგლის პრინციპი ჰქონდა არჩეული. სადაც თვითონ ბინადრობს, იქ არ ნადირობს. მივხვდი, რომ როგორც პოეტი, არ ვაინტერესებდი. ოჯახი, რომელიც ლექსის გამო შეიქმნება, გავა დრო და დაინგრევა. ოჯახი ჭეშმარიტმა სიყვარულმა უნდა შეკრას. გულწრფელად ვამბობ, რაც ჩემთვის ჩემმა ცოლმა გააკეთა, ვერც ერთი ქალი ამას ვერ გააკეთებდა. გამათავისუფლა ყველაფრისგან, რაც ოჯახს სჭირდება. საზრუნავი თავის თავზე აიღო. როცა უფლის გზაზე ხარ, გიმართლებს.
ჩემი მუზა მხოლოდ ჩემი მეუღლეა. ცვალებადი არ უნდა იყო. მარადიულ სახედ ერთი ქალი უნდა შექმნა. ყველა ლირიკული ლექსი მისადმი მაქვს მიძღვნილი.
მარინა ხარხელაური: უნივერსიტეტის გაზეთში ტარიელის ლექსები რომ დაიბეჭდა, სახლში მივიტანე. დედამ წაიკითხა და თქვა - "ნეტა, მის დედას, ვინ არის, რა კარგი შვილი გაუზრდიაო. ეს "კარგი შვილი" ერთ წელიწადში მისი სიძე გახდა.
აღსარება მეუღლეს
მარინა!
ბორგვა და შფოთვა მოაქვთ ქარებს, მთებში არწივების ყივილია,
ცისფერი სიკვდილი მოამთქნარებს - ცისფერი სიკვდილი სულში ტკივილია.
ჩემო წუხილო და სალოცავო, ჭერი ვერ დაგხურე ვარსკვლავების,
მუხაზე მიამბობდი - ჩამოწვაო, ჩემი საწამებლით გაწამებდი. ვწუხვარ - ტკივილისთვის გაგიმეტე,
დიდი უსაშველო ტკივილისთვის, იქნებ დავიხარჯე უფრო მეტად,
ობლად ამოზრდილი გვირილისთვის.
მარინა!
საწუთრო როგორ მეიოლა, ახლა ნისლებს ვუფენ ამ იარებს,
ბევრჯერ დავმარცხდი და დავთმე ბრძოლა, ბევრჯერ ხანჯლის პირზე გავიარე...
დავთმე, რაც არ იყო დასათმობი, ბევრჯერ სამშობლოსაც ვუღალატე.
ახლა ჯავრი მშლის და ჯავრი მამტვრევს, ვერ შევძელ დამხობა დასამხობის.
მარინა!
დაღლილი და დაშაშრული ისევ შენს ჩეროს შემაფარე, ისევ მომანატრე გაზაფხული
სიცოცხლე ისევ შემაყვარე, თორემ ძაანა ვარ დაბინდული,
მზე ჩემს ბნელ სხეულს ვეღარ ანთებს,
მე ვარ მამულივით გაყიდული და ჩამოღვენთილს ვგავარ სანთელს.
მარინა! ბორგვა და შფოთვა მოაქვთ ქარებს, მთებში არწივების ყივილია,
ცისფერი სიკვდილი მოამთქნარებს, ცისფერი სიკვდილი - სულში ტკივილია.