დედაჩემს არ უყვარდა ალერსი, მოფერება და მეგონა, არ ვუყვარდით შვილები. თურმე სასწაულად ვყვარებივართ - ტარიელ ხარხელაური

tarieli

ახლა ვზივარ ფანჯარასთან, ცეცხლი მინთია და ციდან ძალიან მსხვილი თოვლის ფანტელი ცვივა. ასეთი მსხვილი თოვლი თებერვალში იშვიათად იცის. ვიყურები და თან გესაუბრები, თან ამინდს ვათვალიერებ,- ასე იწყებს საუბარს ტარიელ ხარხელაური გაზეთ „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტთან და ამბობს რომ ეს მდგომარეობა ფიქრისტვის საუკეთესოა.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან:

ახლა ვზივარ ფანჯარასთან, ცეცხლი მინთია და ციდან ძალიან მსხვილი თოვლის ფანტელი ცვივა. ასეთი მსხვილი თოვლი თებერვალში იშვიათად იცის. ვიყურები და თან გესაუბრები, თან ამინდს ვათვალიერებ. ფიქრისთვის კარგი გარემოა...­ ამ ბოლო ხანებში დედაზე მეფიქრება ხშირად. ახლა ზუსტად იმ ფანჯარასთან ვზივარ და იმ სკამზე, სადაც დედა იჯდა ხოლმე. ყოველ დილით აქ შემოვდივარ, მის ოთახში. სამწუხაროდ, დედა ძალიან გვიან შევიცანი.­ დედაჩემს არ უყვარდა ალერსი, მოფერება და მეგონა, არ ვუყვარდით შვილები. თურმე სასწაულად ვყვარებივართ. წასვლის დღეს მახსოვს მისი ამ წუთისოფლიდან, როგორ არ მომცა უფლება, რომ მისი თვალსაწიერიდან გავმქრალიყავი... მაშინ მივხვდი, რამხელა სიყვარულს ატარებდა და როგორ იტანჯებოდა ამ სიყვარულის გაუმჟღავნებლად. ჩვენ კაცად გვზრდიდნენ და არ უნდოდა ზედმეტ ალერსსა და ფუფუნებას მივჩვეულიყავით. მაშინდელი თაობის შეხედულება იყო ასეთი. ასე ზრდიდნენ და დღევანდელი გადასახედიდან ზოგჯერ მეჩვენება, რომ მართალნიც იყვნენ.

- სიყვარული ნაკლებად უნდა გამოამჟღავნო

- ყველგან ზომიერება გვმართებს. მტრო­ბაშიც კი. სიძულვილსაც აქვს ზომი­ერება, ზიზღსაც, სადღაც ხომ უნდა შეჩერდეს. ჩვენ ამ ზომიერების ფარგლებიდან გასულები ვართ. რა მოგვაბრუნებს? - გამახსენდება ხოლმე ილია ჭავჭავაძის მოხევესთან საუბარი "მგზავრის წერილებიდან", როცა ჩვენი თავი ჩვენ გვეკუთვნება და ჩვენი საკუთრება იქნება, მაშინ უკვე მობრუნებულები ვიქნებით. არ ვეკუთვნით საკუთარ თავს... თითქოს რაღაც ნაბიჯების ხმა მესმის ამ მიმართულებით, რომელიც გახსენებს შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს, მაგრამ შორიდან... 77 წლის კაცი ვარ და ჯერ არასოდეს მომისმენია პოლიტიკოსისგან, ჯერ ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის ინტერესებიაო. მე არა ვარ არც ერთი ხელისუფლების გუნდრუკის მკმეველი, არც ერთი ხელისუფლების არც მტერი ვარ და არც მოყვარე. მე ჩემი ქვეყნის მოყვარე ვარ. ყველაზე წინ ჩემი ქვეყანაა, მერე დანარჩენი... ჩვენ უნდა შევიცნოთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენი საკუთრებაა, ჩვენ გვეკუთვნის.

...

იცი, შვილო, ცხოვრებაში რა არის მთავარი? - გწამდეს შენი თავის და შენი შინაგანი მუხტის, რომელიც გამოძრავებს. სიყვარულის გარეშე არც ტრადიცია ვარგა, არც ზნეობა. თუ სიყვარული არ გაგაჩნია, ვერც ერთის დამცველად ვერ გამოდგები. სიყვარულს, რომელიც ჩვენში არის, მივცეთ ლაპარაკის საშუალება, სიყვარული იყოს ჩვენ შორის მეგზური, ელჩი... არაფერმა არ გადაარჩინა სიცოცხლე დედამიწაზე, გარდა სიყვარულისა. წუთისოფელი ხარბია. გარკვეული დრო გაქვს სიცოცხლისთვის და შენმა სიხარბემ არ უნდა დაგძლიოს, გაგაბოროტოს, წაგაქეზოს შენი ქვეყნის დასანგრევად. ვამოციქულოთ ერთმანეთთან სიყვარული. მხარეებად დაყოფა უნდა დავამთავროთ. განაგრძეთ კითხვა