გუდაურში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება
1734195314
ეთერ თათარაიძე იუბილარია. ქართული ფოლკლორის უერთგულესი მკვლევარი, ქომაგი, გამორჩეული ფოლკლორისტი 67 წლის გახდა. მიუხედავად მიღწევებისა, დიდი ღვაწლისა და მსუყე ბიოგრაფიისა, საუბრისას ისეთი უშუალოა, გეგონება, რომ მისი თანასწორი ხარ. ისეთი მთხრობელია, საათობით შეგიძლია გაყურსულმა უსმინო და არ მოგწყინდეს. ჩვენი თვალ-მარგალიტი ეთერო მართლა გამორჩეული მადლის მატარებელია. უჩუმრად აკეთებს თავის საყვარელ საქმეს და არასდროს ხმაურობს. ერთი კვირის წინ მისი მეუღლე, ფოლკლორისტი ამირან არაბული გახდა 67 წლის. უთქმელი კაცია, მიყვარხარ არასდროს უთქვამსო, ჩვენთან თქვა ეთერომ.
ტარიელ ხარხელაურს მათ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. როდესაც ამირანი ეთეროს ხელის სათხოვნელად სასიმამროსთან ზამთრის საძოვრებზე გაეშურა, თან ტარიელი ახლდა.
"პრაიმტაიმთან" ამბავს პოეტი იხსენებს.
ტარიელ ხარხელაური: მე და ამირან არაბული 1976 წლიდან მოვდივართ ერთად. როგორც ხევსური ხევსურთან, ვმეგობრობთ... ეთეროს ხელის სათხოვნელად მამამისთან მე, ამირანი და ლელა ვიყავით ჩასული სამუხში, ცხვარში, ზამთრის საძოვარზე. ექვსი საათი ვიარეთ. თუ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი გაქვთ, აქ რა მოგარბენინებდათო, გვითხრა და იქვე პატარა გორაზე სუფრა გაგვიშალა, ცხვრის ხორცი და ყველი ჰქონდა...და უზარმაზარი თუშის გულით დაგვხვდა. სასიამოვნო ოჯახი აქვთ თათარაიძეებს... და ჩემს ამირანს. ეთეროს ოჯახისნაირი ოჯახების სიმრავლეს ვუსურვებ საქართველოს.
ამ ამბავს ეთერო "პრაიმტაიმთან" ასე იხსენებს.
ეთერ თათარაიძე: მოვიდა ტარიელი და მეუბნება, ახლა მე და ამირანი მამაშენთან მივდივართო. რატო-მეთქი, გამიკვირდა. შენი ხელის სათხოვნელადო. მე ხუმრობა მეგონა. მე კი ვხვდებოდი, რომ ამირანს მოვწონდი, მაგრამ არც ისე იყო საქმე, რომ ხელის სათხოვნელად მისულიყო მამაჩემთან.
მართლა წასულან. ორ დღეში უკან მობრუნდნენ და ამბავი მომიტანეს. მამას შირაქში ჩააკითხეს, ცხვარში. მამას უკითხავს, ამხელა გზაზე გატარათ ეთერომ, იცისო? ტარიელს უთქვამს, იცისო. მე ჩემს შვილს ვენდობი, თანახმა ვარო. ბიჭებს რაღაც საგზალი ჩაუტანიათ და სად გავშალოთო, უკითხავთ მამაჩემისთვის. იქვე მინდორში ყვავილები ბიბინებდაო, ჰყვებოდნენ. მამა პოეტური კაცი იყო. ნახეთ, რომელი სუფრაც მოგეწონებათ, იქ გაშალეთო, უთქვამს.
ტარიელ ხარხელაური: ეთეროს საოცარი იუმორის განცდა აქვს. არ შეიძლება ასეთი იუმორის მატარებელი ადამიანი ცუდი იყოს. უყვარს ხუმრობა. შეუძლია უზომოდ დაიხარჯოს სხვისთვის, არ დააკლოს სიყვარული, სითბოს არავისთვის იშურებს.
სამწუხაროა, მაგრამ ბოლო დროს იშვიათად ვნახულობ. მე ქალაქში ყოფნა მიჭირს. თუმცა უნდა გითხრათ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ხშირად შეხვედრას, მთავარია, სულიერი კავშირის ქონა. ეს კი ჩვენს შორის მუდმივად არის.
ჩემი თბილი ეთერო... საუკეთესო მეგობარი. მინდა, დიდხანს იყოს, რომ მე მშვიდად ვიყო.
ძალიან მიხარია, რომ ეთეროსთვის მილოცვის საშუალება მომეცი, შვილო. გაიხარე.