კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
მზია ურუშაძე რამდენიმე თვეა ემიგრანტთა სიაში ირიცხება. ამბობს, რომ იტალიაში ცოტა ხნით ჩავიდა და მალე ისევ დაუბრუნდება სამშობლოს.
ქალბატონმა მზიამ ჩვენი ყურადღება სხვა კუთხით მიიქცია. გარდა იმისა, რომ გმირი დედაა და სამშობლოს შვიდი შვილი დაუზარდა, "პრაიმტაიმზე" გამოქვეყნებული ქეთი მელუას "ნიუსს", ქვემოთ მიაწერა, რომ მისი მადლიერია, რადგან ქეთიმ მას სახლი შეუძინა. ბუნებრივია, კომენტარს გულგრილად ვერ ავუვლიდით.
დანარჩენს "პრაიმტაიმის" მკითხველს თავად უამბობს.
მზია ურუშაძე: ლაჩხუთის რაიონიდან ვარ, შვიდი შვილის დედა. 2007 წელს ჩვენი სახლი ავარიულ მდგომარეობაში იყო, არ გვქონდა შესაბამისი პირობები, რომ ბავშვები გაგვეზარდა. დავუკავშირდი საქველმოქმედო ფონდ "იავნანას", მივმართე წერილით და მალევე გამოგვეხმაურნენ; ჩამოვიდნენ ჩვენთან სოფელ ჩიბათში, შეამოწმეს სახლი და გადაწყვიტეს, რომ ნამდვილად გვჭირდებოდა სახლის შეძენა, რომ ჩემ შვიდ შვილს ნორმალურ პირობებში ეცხოვრათ.
საქველმოქმედო კონცერტზე ქეთი მელუა მღეროდა. ეს იყო ქეთის სოლო კონცერტი, რომელიც აგვისტოში ბათუმში ჩატარდა. კონცერტი ღია ცის ქვეშ იყო და ბატონმა პაატამ ქეთისთან ერთად "ყვითელი ფოთლები" შეასრულა. ძალიან ემოციური იყო.
გახსოვთ, ალბათ "იავნანას" კონცერტები. ეს იყო ტელემარათონი, ზარებით ირიცხებოდა თანხა. მახსოვს, 52 ათასი ლარი შემოვიდა. შემოსული თანხა გადაეცათ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელიც ასევე ესწრებოდნენ კონცერტს, ხოლო ჩემს ოჯახს ქეთი მელუამ გადასცა სახლის ფული.
ახლაც მეტირება, როდესაც პაატა ბურჭულაძის მიერ გამოცხადებულ ფრაზას ვიხსენებ, სარჯველაძეების მრავალშვილიანი ოჯახისთვის სახლს ყიდულობს ქეთი მელუა! ეს იყო უზომოდ ემოციური წუთები ჩემთვის. შოკში ვიყავი. იქვე მადლობა გადავუხადე, ბუნებრივია, მაგრამ შემდეგ საჯაროდ მისთვის არსად გადამიხდია მადლობა. ეს სიტყვა ბოლომდე ვერ გამოხატვას ჩემს სათქმელს.
როგორც მე გამილამაზა ცხოვრება, ისეთი მშვენიერი და უზრუნველი ცხოვრება ჰქონდეს თავის პატარასთან ერთად. მე ამ სიკეთის შესაფერის მადლობას ვერ გადავუხდი. მას უფალი გადაუხდის ამ სიკეთისთვის. თუმცა მე შვიდი შვილის დედა და შვიდი შვილიშვილის ბებია ვლოცავ, ყოველივე საუკეთესო ჰქონდეს ცხოვრებაში. მისი შვილით ეამაყოს. კეთილშობილი და გულიანი გოგოა. წარმოიდგინეთ, აბსოლუტურად მარტომ, თავისი ჯიბიდან გაიღო თანხა ჩემი სახლის შესაძენად. უდიდესი სიხარულის მომტანი იყო ეს ფაქტი.
კულისებში მოვიდა ბევრი ადამიანი და მილოცავდნენ. ქეთიმ მითხრა, თქვენ ხართ გმირი დედა, ბევრი კარგი გეკუთვნით თქვენ და ყველა ქართველ დედას, რომელიც ერს ამრავლებსო. ძალიან კარგად მახსოვს ქეთის ეს სიტყვები. ჩემი უფროსი შვილი მაშინ 16 წლის იყო, უმცროსი საბა - ორი წლის. ქეთიმ მას გადასცა სახლის გასაღები. საბა უკვე 17 წლის ხდება.
ბატონი პაატა თავისი ფონდით უამრავ ადამიანს დაეხმარა... მე მისი კმაყოფილი და ბედნიერი სახე არ დამავიწყდება.
და ასე შევიძინეთ ლანჩხუთში სახლი. დავზარდე შვილები. დღეს შვიდი შვილიშვილი მყავს. ჩემი ვაჟი ოთხი შვილის მამაა, უფროსი გოგონა სამი შვილის დედა. ჩემი ქმარი სოფელში მცირე მეურნეობას ეწევა. მე რამდენიმე თვეა იტალიაში ვარ. დიდ ხანს ვერ დავრჩები. განვიცდი იმას, რომ ქართველი ქალები ბევრ წელს ატარებენ ემიგრაციაში. ერთი წელიც ბევრია ჩემთვის, ათი ხომ წარმოუდგენელია ოჯახიდან მოწყვეტილმა იცხოვრო. ეს ქალები გმირები არიან ნამდვილად.
ყოველთვის მინდოდა, რომ ქეთისთვის ხმამაღლა გადამეხადა მადლობა და დიდი მადლობა "პრაიმტაიმს", რომ ამის საშუალება მომცა.