VIDEO: ჰიმნად ქცეული „დინამოს“ ავტორი იუბილარია - „ბავშვობიდან ფეხბურთის დიდი მოყვარული ვარ... ალბომები მაქვს, გაზეთებიდან ამოჭრილი სტატიებით“

azaraSvili

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი იუბილარია, მუსიკოსს 86 წელი შეუსრულდა.  

ლეგენდარული სიმღერების ავტორი, დაიბადა 1936 წლის 13 ივლისს  ქ. თბილისში, ხალხური მუსიკის დიდი მოყვარულის ოჯახში.

მუსიკალური განათლება IV სამუსიკო სასწავლებელსა (პროფ. ალექსანდრე შავერზაშვილის კომპოზიციის კლასი) და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, კომპოზიციის კლასით (პროფ. იონა ტუსკია) მიიღო.

 1964 წელს დაამთავრა კონსერვატორიის ასპირანტურა იონა ტუსკიას და შემდეგ, პროფ. ანდრია ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით. 1961 წლიდან, ვაჟა აზარაშვილი შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, 1998-2007 წლებში საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს თავმჯდომარეობდა.

ვაჟა აზარაშვილი არაერთი პრემიისა, თუ ჯილდოს მფლობელია. ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის, მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია, ზაქარია ფალიაშვილისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიები, არის საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის მფლობელი და სხვა.

ყველასათვის საყვარელი სიმღერების მუსიკის ავტორი, „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ ახალი სიმღერის ჩაწერას ვერ ახერხებს (მაგის ფული მე არ მაქვს) და ამიტომ სიმფონიურ კამერულ მუსიკაზე მუშაობს: 

„... ცოტა სახსრები მაწუხებს და სიარული მიჭირს. თუ ვინმე მომაკითხავს და მანქანით წამიყვანს, თორემ ძირითადად, სახლში ვარ.

- უამრავი ცნობილი სიმღერის ავტორი ბრძანდებით…

რა მარტო სიმღერების, ძირითადად სიმფონიურ კამერულ ორკესტრთან ერთად ვმუშაობ, ჩემი ბალეტი – „ხევისბერი“, რომელიც ქუთაისის საოპერო თეატრში დაიდგა. 7 ოპერა კი, მუსკომედიაში.

ბევრს ემახსოვრება ჩემი სიმღერა, ქართული მხატვრული ფილმიდან „მზე შემოდგომისა“ - გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო, „პატარა გოგო “, „მუსიკა”, „დღეები მიდიან”, „მზე ჩემი მეგობარია”, „ისევ წვიმს”, „სიმღერაა ჩემი მთელი ქონება”, „დინამო, დინამო” და სხვ;

რომელსაც ასრულებდნენ ისეთი ცნობილი მომღერლები, როგორებიც არიან – ნ. ბრეგვაძე, გ. ჩოხელი, ვ. კიკაბიძე, ე. კაკულია, თ. გვერდწითელი, ანსამბლები: “ორერა”, “რერო”, “ივერია”, “თეატრონი” და სხვა.

რომელს გამოარჩევდით თქვენი რეპერტუარიდან?

ძალიან ბევრს, მაგრამ უფრო მეტად, იმ სიმღერებს, რომელიც ჩემ ბუნებასთან ახლოს არის, მაგ.- „სიმღერაა ჩემი მთელი ქონება“ , მაგრამ მე ვარ – „ისევ წვიმს, ისევ თოვს“, უფრო ლირიკოსი ვარ, მაგრამ სახასიათო სიმღერებიც მიყვარს.

ხშირად დავდივართ და ვაწყობთ კონცერტებს, რას იზამ, ოჯახს შენახვა უნდა. როცა სიმღერებს ვწერ, ჩაწერას ვერ ვახერხებ, 500 დოლარი ღირს ფონოგრამა, ალბათ 500 – სტუდიის დაქირავებას დასჭირდება. მაგის ფული მე არ მაქვს, ამიტომ სიმფონიურ კამერულ მუსიკას ვწერ. სახელმწიფო ვერ გვეხმარება, მაგრამ დღემდე ბ. ივანიშვილი გვიდგას მხარში.

ოჯახზე მოგვიყევით…

ჩემი მეუღლე – მანანა დანგაძე, ძალიან კარგი პოეტია, ბევრი სიმღერა დაიწერა მის ლექსებზე. ამ ეტაპზე, ცოტა შეუძლოდ არის, ჰემატომა ჰქონდა და ფაქტობრივად, მწოლიარეა, უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება. 

მყავს ქალიშვილი ნათია, რომელიც კონსერვა­ტორიაში ასწავლის და ოპერის ერთ-ერთი წამყვანი კონცერტ მაისტე­რია. საქმის სიყვარულსა და პროფესიონალიზმში მამას ჰგავს. ორი შვილი ჰყავს: თეკლა და ლევანიკო.

პოპულარული სიმღერებიდან, არ შემიძლია არ გავიხსენო „დინამო, დინამო“…

ბავშვობიდან ფეხბურთის დიდი მოყვარული ვარ, დიდი ლიტერატურა მაქვს. ალბომები მაქვს გაზეთებიდან ამოჭრილი სტატიებით. 

ქ-ნ ნანი ბრეგვაძესთან დღემდე მეგობრობთ…

რა თქმა უნდა, ნანი ჩემი კურსელი იყო, რამდენიმე დღეში, 85 წლის ხდება. ადრე არ ამხელდა, მაგრამ უკვე აღარ მალავს ასაკს. ბევრ ჩემ სიმღერას ასრულებს – „ისევ წვიმს“, დღეები მიდიან“, გზები, გზები“, „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“ და ა. შ.

რას მიმართავთ საზოგადოებას?

პოლიტიკა არ გვინდა, გაუმარჯოს ხელოვნებას!

„პრაიმტაიმი“ ულოცავს ლეგენდარულ კომპოზიტორს საიუბილეო თარიღს!