დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
„ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებას ყველა კარგად ვიცნობთ, ის მეტად სულში ჩამწვდომი და ამაღელვებელი ლექსებით გამოირჩევა. ამასთან, ის უაღრესად შეყვარებულია სამშობლოზე, ღმერთსა და ადამიანებზე და ამას ხალხთან ურთიერთობაში და პოეზიაში ჭარბად გამოხატავს.
რაც შეეხება მუსიკას, მსგავსად ლექსებისა, არის იდეით ეროვნული, იდუმალი და გულწრფელი ემოციების ფონზე შექმნილი და სწორედ ამიტომაც ქმნის ურთიერთჰარმონიულობას“... - ბეჟან წინწალაშვილი.
სტუდია „ქართველოს“ (Qartvelo studio) ხელმძღვანელი, 32 წლის მუსიკოსი ბეჟან წინწალაშვილი, რომელიც 50 -მდე სახეობის მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს, მუსიკის შექმნასთან ერთად, ძველი სიმღერების წარმომავლობასაც იკვლევს.
მისი შემოქმედებიდან, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, 14 მუსიკალური ინსტრუმენტის საშუალებით ჩაწერილ კლიპს – „ლეკური“, ფილმიდან – „ჯარისკაცის მამა“, სადაც გამოყენებულია სერგო ზაქარიაძის საკმაოდ ემოციური კადრი.
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, მუსიკოსის ახალი კლიპი გავრცელდა, რომელიც პოეტ ტარიელ ხარხელაურთან ერთად განახორციელა.
ახალ პროექტთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ მუსიკოსს დაუკავშირდა და კლიპის შექმნის შესახებ ინფორმაცია, ექსკლუზიურად ჩაწერა:
დიდი ხანია მესმის ბ-ნი ტარიელ ხარხელაურის სახელი და გვარი, ხშირად მხვდებოდა მისი ლექსები და აღფრთოვანებული ვიყავი მისი პოეზიით.
- როგორც ჩანს, მისი პოეზია, თქვენ მუსიკასთან ახლოს იყო...
ბევრჯერ ვცადე, მაგრამ ვერ მივუსადაგე ჩემ მუსიკას ბ-ნი ტარიელის ლექსები. ხშირად ვცდილობ, ჩემ საყვარელ ლექსზე, მუსიკის შექმნას. როცა ბ-ნი ტარიელის რამდენიმე ლექსზე მოვსინჯე, ძალიან გამიჭირდა. მხოლოდ ეს ორი ლექსი, ძალიან ახლოს იყო შინაარსობრივად, ჩემ შექმნილ მუსიკასთან
- რომელი ლექსებია, მკითხველს რომ გავაცნოთ...
ეს არის ტარიელ ხარხელაურის - „დახურეთ ზეცა“ ..და „დაგღალე გულო“. ორივე ლექსი, თავისი იდეით არის, როგორ პატრიოტული, ასევე რელიგიური, გულწრფელი, ემოციური და მისტიკური. ჩემ მუსიკას, ისე დავაკავშირე. ფრაზის გრძლიობები და მარცვლის რაოდენობაც კი, ზუსტად მოერგო მუსიკა და ლექსი ერთმანეთს.
მხოლოდ მუსიკას რომ ვუსმენდი, რაღაც მაკლდა. იმდენად კარგად მოერგო, ლექსის გარეშე, უკმარისობის გრძნობა დამრჩა. ბოლოს გადავწყვიტე, ბ-ნი ტარიელისთვის მიმემართა.
- და მაშინვე დაგთანხმდათ, თუ თავი შეიკავა?
როგორც ბერმუხა პოეტის, იმდენად დიდია ბ-ნი ტარიელის შემოქმედება, მერიდებოდა შემეწუხებინა. თავიდან, მის მეუღლეს, ქალბატონ მარინას დავუკავშირდი და ჩემი იდეა გავანდე.
პასუხი მაშინვე არ მიმიღია და ცოტა ვინერვიულე. რამდენიმე ხანი ველოდი, ვიფიქრე, მოერიდა უარის თქმა მეთქი. მაგრამ ბოლოს, თავად ქ-ნი მარინა დამეკონტაქტა.
საბედნიეროდ, თანხმობა მივიღე, მაგრამ სახლში რომ ვესტუმრეთ, ბ-ნმა ტარიელმა გამანდო, თავიდან არ დავთანხმდი, მაგრამ შენ შემოქმედებას რომ გავეცანი, გადაწყვეტილება მივიღეო.
- ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი ამბავი და დიდი წარმატებაა...
ეს ჩემთვის მართლაც დიდი პატივია, ორი თაობით უფროს ადამიანთან, თან ასეთ დიდ პიროვნებასთან ახლო ურთიერთობა და ჩვენი შემოქმედების დაკავშირება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ, როცა გაიცანით?
ყველა ადამიანის მშობელი, პაპა და ძალიან მოსიყვარულე ადამიანია. დიდი სიყვარულით მიგვიღო და ძალიან თბილად გაგვიმასპინძლდა. სანამ მანქანიდან ჩვენი ტექნიკა გადმოვზიდეთ, სახლში შეგვიპატიჟა და ფშავური ხინკლითაც კი გაგვიმასპინძლდა.
- რამდენი ინსტრუმენტი გამოიყენეთ ჩაწერის დროს..
ამ მუსიკის ფონზე, ერთი ინსტრუმენტი დამჭირდა, მეტი გადატვირთვა, არ იყო საჭირო. თვითონ მუსიკაში დაახლოებით 15 -მდეა, ცოცხალი ინსტრუმენტებთან ერთად, ვირტუალური ხმებია.
- რამდენიმე წლის წინ, ინტერვიუში ამბობთ, რომ 50 -მდე მუსიკალურ ინსტრუმენტს ფლობთ, ყველა ინსტრუმენტზე პროფესიონალურად უკრავთ?
არა რა თქმა უნდა, პროფესიონალურად, მხოლოდ ფანდურზე ვუკრავ. ზოგადად, ინსტრუმენტების მიმართ, გამოკვეთილი ინტერესი მაქვს, და ჩემ ახალ მუსიკაში, ყოველთვის ვცდილობ, ახალი ინსტრუმენტი გამოვიყენო.
ფორტეპიანოზეც ვუკრავ, მაგრამ ბავშვობიდან, ჩემთან უფრო ახლოს, ხალხური ინსტრუმენტები იყო, მაგრამ რაც ჩემ ძალებს აღემატება, მეგობრების დახმარებით ვახერხებ.
- ყველაზე მეტად რომელ კლიპს გამოარჩევდით?
რთული კითხვაა, თითოეულ მუსიკაზე იმდენი მაქვს ნაფიქრი და ნაშრომი, როგორც იდეაზე და შემდეგ სტუდიურად დამუშავებაზე და ვიდეოს გადაღებაზე, ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, ამიტომ გამიჭირდება გამორჩევა.
საყვარელი და წარმატებული პროექტებიდან ბევრს გამოვარჩევდი - „ოსური”, „ჩემი მე”, „ჯარისკაცის მამა”, „რა ყოფილა გურია”, „სენტიმენტალური ტანგო”, „შერეკილები”, „ჰარირა”, „ლიბერტანგო”, „ლაზური”, „ჰიდაინანო”, „ჩვენ დავბრუნდებით”, „კაცია ადამიანი“.
„შატილის ასულო“, ფატიმა წიტოიძესთან ერთად, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, „დაუკარით“ - ლელა ვეფხვაძესთან ერთად, „აფხაზური“, ძალიან საინტერესო კლიპია და ჩემი ბოლო ნამუშევარი, ბ-ნ ტარიელ ხარხელაურთან ერთად, ამ ეტაპზე, ყველაზე გამორჩეულია.
- ოჯახზე მოგვიყევით...
მყავს მეუღლე - ია მანგოშვილი და ორი შვილი, 5 წლის ქალიშვილი თაია და 3 წლის ვაჟი - ნოა. ვცდილობთ, ბავშვებს არ მოვაკლოთ მზრუნველობა და ყურადღება, ორივე შვილი ძალიან მუსიკალური ბავშვები არიან, თაია კარგად მღერის, მაგრამ არ ვაძალებ, ნოა უფრო მუსიკალურ ინსტრუმენტებს ითხოვს, თითქმის ყველა ინსტრუმენტი მოსწონს.
- რას მიმართავდით ბ-ნ ტარიელს?
კლიპის გადაღების შემდეგ, ბევრი ვისაუბრეთ და ისეთი რჩევა-დარიგება მომცა, მინდა მადლობა გადავუხადო. ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდა - „უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ თაობებმა, მამებმა შვილებთან, პაპებმა შვილიშვილებთან, თაობათა შორის წყვეტა არ უნდა დავუშვათ, უფრო მეტად უნდა გავიცნოთ ერთმანეთი.
თაობებს შორის, საერთო ენა უნდა გამოვძებნოთ. მინდა, რომ ყველა თაობის წარმომადგენელმა, ეს კარგად გავაანალიზოთ და გავითვალისწინოთ.
სხვადასხვა შეხედულებების მიუხედავად, აუცილებელია საერთო ენა გამოვნახოთ და მომავალ თაობას იმაზე მეტად გავუგოთ, ვიდრე ვფიქრობთ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია“.
უდიდესი პიროვნებაა, მასთან საუბრის შემდეგ, ბევრ რამეზე დავფიქრდი, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბ-ნ ტარიელს, დიდხანს სიცოცხლე და წარმატება ვუსურვო შემოქმედებით საქმიანობაში.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
ორი ახალი პროექტი მაქვს, ძალიან საინტერესო კლიპია, არ მინდა წინასწარ გავაჟღერო. სავარაუდოდ, ზაფხულში მზად იქნება და პირველს თქვენ გაგანდობთ.