დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ბებიის სიმბოლოდ ქცეულმა ბევრი ბებიის სახე შექმნა და ყველა ერთმანეთისგან გამორჩეულის, მადლიანისა და უასაკოსი. სუნელის სუნი რომ ასდის, მისი ძარღვიანი ხელების სითბო რომ ბოლომდე მიგყვება და მუდმივ ბავშვად რომ გაგრძნობინებს თავს. იყო პირდაპირი, რიხიანი, გურული იუმორით.
სესილიას ანდერძი ცნობილია, თუმცა, იქნებ არც იცოდეთ...
“ვგრძნობ, ძალიან ცუდად ვარ… რა ცუდია, ყველაფერი გტკივა, დადიხარ ძლივს და არ კვდები. ვთხოვ ჩემიანს ყველას, შემისრულონ თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არგადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი.
მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით. დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამომიძებნით ადგილს. საბურთალოში თუ შეძლებთ, მაგრამ გთხოვთ ორ ადგილს იმიტომ, რომ ჩემს გვერდით მოხვდება, ვინც ჩემს შემდეგ წავა ოჯახიდან და არ ვიქნები მარტო. იწამეთ თხოვნა. რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს, არავითარი სიტყვები! ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება! იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას”.
ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება…”
სესილიას "პრაიმტაიმთან" ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი, ქეთი დუმბაძე იხსენებს.
ქეთი დუმბაძე: – მე პირადად არ ვიცნობდი ოლღა ბებიას. სესილია, მთელი ცხოვრება ბებიაჩემი მეგონა. ის ბებიის სიმბოლოდ იქცა. ყველგან სხვადასხვანაირია.
უნიჭიერესი ქალბატონი იყო. მას ახასიათებენ როგორც არაჩვეულებრივ პიროვნებას. ჩემი დედამთილის და, ასმათ კიკვიძე ემეგობრებოდა, სესილია ოცი წლით უფროსი იყო მასზე. ახალგაზრდა მეგობრებთან საერთოს ნახულობდა. ასეთი ადამიანები უასაკონი არიან. როდესაც სულიერად მდიდარი ხარ, მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი შენზე ოცი წლით უფროსია თუ – უმცროსი.
მამამ რომ "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" დაწერა, 28 წლის იყო. და მალევე დადგა გიგა ლორთქიფანიძემ. გიგამ რომ სესილიას ოლღას როლი მისცა, 50 წელს ოდნავ გადაცილებული იყო. მახსოვს, გიგა ძია რომ ჰყვებოდა, ბუნებრივად რომ ეჩლიფინა, კბილები ამოუღია. მოითხოვა, რომ ქვასანაყში ქინძი და სუნელები ჩაეყარათ, რომ ხელებზე ეს სურნელი ასვლოდა და ოლღას როლში ასე ბუნებრივად შესულიყო. იაპონიაში გასტროლებზე რომ ყოფილან, სპექტაკლის შემდეგ დარბაზში წამომხტარა იაპონელი და ეს ჩემი იაპონელი ბებიააო, დაუძახებია.
ლანა ღოღობერიძე: – ამ საოცარმა ადამიანმა ჩემში განუმეორებელი კვალი დატოვა. სრულიად განსაკუთრებული იყო ყველანაირად. იყო გულწრფელი და პირდაპირი. მასთან ურთიერთობით სულ აღმოჩენების გზით მიდიოდი. თავმდაბალი იყო. მაშინ, როდესაც ის ჩემს ფილმებში – “მე ვხედავ მზეს” და “როცა აყვავდა ნუშში” გადავიღე, ფაქტობრივად, დამწყები რეჟისორი ვიყავი, სესილია კი უკვე აღიარებული და ტიტულოვანი მსახიობი იყო. მაგრამ ჩემთან ისე იყო, როგორც თანასწორთან, ვითომც ჩვეულებრივი ამბავი იყო. იუმორით სავსე და თანამედროვე გახლდათ.
“როცა აყვავდა ნუშში” სესიალის და დოდო აბაშიძის ეპიზოდის გადაღებას წინ უცნაური ფაქტი უძღოდა წინ. დოდო წრიალებდა, ბოლოს მოვიდა და მითხრა, რა ვქნა, არ შემიძლია ამის თამაშიო. ვერ ვაყენებ თავს ასეთი უსინდისო კაცის მდგომარეობაშიო. დოდოც გულწრფელი ადამიანი იყო და როლს პირადად აღიქვამდა. ეს მისთვის თამაში კი არ იყო, თავს აყენებდა გმირის ადგილას. ეს მომენტი ვერ მოირგო. გაჩერდა გადაღება.
განზე გავიყვანე, რა არ ველაპარაკე. არ გაჭრა. ვხედავდი, რომ მართლა წვალობდა. ასე გავიდა თითქმის მთელი დღე. უცებ გამოვიდა სესილია, დოდოს თავზე წამოადგა და ქუჩურად შეაგინა. არ შეგიძლია თამაში? შენი…. შეუკურთხა. ეს მისთვის დამახასიათებელი იყო. ეს გინებად არ აღიქმებოდა. მოიოხა გული. ცუდს ვერ თამაშობ, არა, წადი ქუჩაში მაშინ და კარგი კაცი იყავიო. სესილია ისეთი ავტორიტეტი იყო, რომ დოდო გაშტერდა, არ მოელოდა ასეთ გამოსვლას. და ითამაშა ის ეპიზოდი და სხვათა შორის, შესანიშნავად.
სესილია პირადადაც მაკლია და ჩვენს ხელოვნებას და საქართველოს აკლია. ბებიებს თამაშობდა, და ძალიან თავისებურ ბებიებს, ელისაბედ დედოფალიც უთამაშია და შეიძლებოდა დედოფალიც ყოფილიყო. ეს არის მასში საინტერესო.
ასმათ ტყაბლაძე: – ჩემს ცხოვრებაში არ მომწყინდება მასზე საუბარი. 40 წლით იყო ჩემზე უფროსი, მაგრამ მემეგობრებოდა. თანამედროვე იყო. მოსწონდა ჩემთან ურთიერთობა. ყველაფერს მიყვებოდა, მენდობოდა. ჩემი იუმორიც მოსწონდა. სულ მელოდებოდა. მივდიოდი და მთელი დღის ამბებს ვუყვებოდი და თეატრის ამბებით ვავსებდი…
ერთხელ ერთ თანამდებობის პირთან ვიყავით, თეატრზე უნდა გვეთხოვა რაღაც. როგორ ხართო, ჰკითხა ქალბატონმა სესილიამ. რაღაც ფეხებში პულსაცია აღარ მაქვსო, იმ კაცმა უპასუხა. სესილიამ ჩუმად ჩამილაპარაკა, დროზე მიაწოდე განცხადება, ხელებშიც არ გაუჩერდეს პულსაციაო. არაჩვეულებრივი იუმორი ჰქონდა.
პენსია ჰქონდა 120 მანეთი. თეატრიდან რომ წავიდა, გიგა ლორთქიფანიძემ ხელფასი დაუნიშნა, გეკუთვნის ამ თეატრიდანო. არ ვმუშაობ და რაში მაძავლევთო რასაც აკეთებდი მუშაობის დროს, მაგაში, იცი, რამდენი გეკუთვნისო, ეუბნებოდა გიგა. საზღვარგარეთ რომ იყო, იცი, რამხელა ხელფასს გადაგიხდიდნენო. ხომ არ ვარ საზღვარგარეთ, არ მინდა ეგ ხელფასიო, ჯიუტობდა. თეატრიდან წასვლის შემდეგ, არავის არ უთქვამს, ნუ მაძლევთ ხელფასსო, ერთადერთი სესილია იყო. ამ დროს, იცით, როგორ უჭირდა? იმას ამბობდა, ნეტა წნევა პენსიისოდენა მქონდეს და პენსია წნევის ტოლიო.
პარადზე, საპატიო პრეზიდიუმში მსახიობებს რომ ჩაამწკივებდნენ, სესილიას ვერასდროს მოკრავდით იქ თვალს. არ მიდიოდა. პატივმოყვარეობის ნასახი არ ჰქონდა. აი, თავმოყვარეობა კი მაღალ დონეზე გააჩნდა.
ვასო გოძიაშვილს რომ ეტყოდნენ, სესილია მოვიდა სპექტაკლზეო, ღელავდა. თუ სპექტაკლის მერე კულისებში ნახავდა ვასოს, ის ხვდებოდა, რომ მის ყოფილ ცოლს სპექტაკლში მოეწონა. სესილია მეტრი იყო და მისი შეფასება ყველასთვის მთავარი იყო.
მე მისი მეკვლე ვიყავი. პირველად რომ მივედი, ის წელი კარგი იყო მისთვის. და სულ მეუბნებოდა, შენს მეტს არავის შემოვუშვებო და მეკვლედ მივდიოდი…
ისეთი ბედნიერებაა, რომ მის დროში ვიცხოვრე, იმ დროს ვიმსახიობე და მისი მეგობარი ვიყავი, რომ ეს ჩემთვის ნამდვილი ბედის საჩუქარია.
ასევე დაგაინტერესებთ: