Exclusive: პირველი ქართველი მილიონერი, რომელმაც ამერიკას შობა „აჩუქა“ - ლეგენდადქცეულ გრიგოლ კობახიძეს რაჭაში მუზეუმი გაუხსნეს

გრიგოლ კობახიძე (ჯორჯ კობი) - ქართველი ბიზნესმენი და გამომგონებელი.

22 ოქტომბერს, ქართველი ბიზნესმენის გრიგოლ (გიგო) კობახიძის, იგივე ჯორჯ კობის მემორიალური მუზეუმი, რაჭაში, სოფელ თხმორში (ამბროლაურის რაიონი) გაიხსნა.

ჯორჯ კობი - გასული საუკუნის პირველი ქართველი მულტიმილიონერი ამერიკაში, რომლის სახელთან 70-მდე გამოგონება და უნიკალური პატენტია დაკავშირებული.

მის მიერ გამოგონილი ცემენტით, ამერიკის სახელგანთქმული ცათამბჯენები აშენდა. დანერგა სიახლე, რომლის გამოყენება მთელმა მსოფლიომ დაიწყო – ელექტროსანათები და შუშის ფერადი სათამაშოები ნაძვის ხის მოსართავად!

აშშ-ში ნაძვის ხის პირველი ფერადი მინის დეკორაციები გრიგოლ კობახიძემ 1954 წელს შექმნა. მან გამოიყენა ფერადი მინა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებისთვის და მათ „ორნამენტები" უწოდა.

ეს სათამაშოები, ხშირად ატარებდნენ ქართულ მოტივებს, როგორიცაა ყურძენი ან ვაზის ფოთლები. საქართველოს დროშის ფერებში გამოსახულ ყუთებს წარწერა ჰქონდა.

რამდენიმე ხნის წინ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „კულტურულ სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“, თსუ -ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეულმა პროფესორმა, კულტუროლოგმა ელენე გეგეშიძემ გაიმარჯვა, რომელსაც წარდგენილი ჰქონდა პროექტი - „ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში მემორიალური ფოტო მუზეუმის გახსნა“, რომელიც ჯორჯ კობის, იგივე, გრიგოლ კობახიძის სახელობის მუზეუმის დაარსებას ითვალისწინებს.

ქალბატონ ელენეს სურს – ჯორჯ კობის თაობაზე ცოდნის გადაცემა დააგვირგვინოს პრაქტიკული საქმით, რაც მისი სახელობის ფოტო მუზეუმის ფუნქციონირებას ისახავს მიზნად.

მემორიალური ფოტო მუზეუმის გახსნა, სოფელ თხმორში დაბადებული და გაზრდილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე პირველი ქართველი მინის მრეწველი მილიონერის - გრიგოლ (გიგო) კობახიძის - დაბადებიდან 140 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ფოტო მუზეუმის გახსნის ინიციატორი თსუ -ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი, კულტუროლოგი ელენე გეგეშიძე გახლდათ.

„პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, ქ-ნი ელენე აცხადებს, რომ ახლად გახსნილი მუზეუმი, ტურიზმის თვალსაზრისით, უფრო მიმზიდველს გახდის რაჭის ამ ულამაზეს სოფელს, რაც შესაბამისად ხელსაყრელია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე, რეგიონისა და სრულიად საქართველოსათვის:

„ჩემი პროფესიონალური ცოდნით, მე როგორც მეცნიერს, კულტუროლოგიის დოქტორს, სურვილი მქონდა, ჩემს მშობლიურ სოფელში, მუზეუმი დამეფუძნებინა, რისი პოტენციალიც, ჩემს სოფელს ჰქონდა,

რადგან ჩვენს სოფელში დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრების არსი შეიცნო, მსოფლიოში ცნობილმა ბიზნესმენმა, გამომგონებელმა და „ქიმიური მრეწველობის მეფედ" აღიარებულმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე გრიგოლ (გიგო) კობახიძემ, რომელიც ისტორიაში „ჯორჯ კობის" სახელით არის ცნობილი.

ბედნიერები ვართ, რომ ჩვენ, თხმორელებმა, ერთმანეთის მხარდაჭერითა და კულტურის სამინისტროს დახმარებით, ეს შევძელით.

22 ოქტომბერს, ჩვენს მიერ გახსნილმა მუზეუმმა, დიდი ბედნიერება მოუტანა, არა მარტო სოფლის მკვიდრ მოსახლეობას, არამედ, სხვადასხვა კუთხიდან მოწვეულ სტუმრებს.

განსაკუთრებით, გრიგოლ კობახიძის ახლობლებს და ნათესავებს. აღფრთოვანებას და სიხარულს ვერ მალავდა, გამოფენაზე ჩამოსული გოჩა კობახიძე (გრიგოლ კობახიძის ძმის შვილიშვილი), რომელიც იმ დღისთვის ოჯახით ესტუმრა სოფელს, ველოდებოდით სხვა ახლო ნათესავებსაც, მაგრამ სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერ შეძლეს ჩამობრძანება.

ბ-ნი ლევან კობახიძე (ჯორჯ კობის ძმის (ერასტი) შვილიშვილი) გვირეკავდა და წუხდა, რომ ავად იყო და ვერ ახერხებდა ჩვენთან ყოფნას.

სამწუხაროა ისიც, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აპარატიც ვერ მობრძანდა, მაგრამ გამოფენის გახსნამდე, ადგილობრივი გამგებლობა, გამგებელი ბ-ნ ვასო ფოფხაძე, რამდენჯერმე ჩამოვიდა ჩვენთან დასახმარებლად.

ასევე გვყავდა, საპატიო სტუმრები თბილისიდან თსუ -ის პროფესურა, ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესურა, ჟურნალისტები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, მათ შორის ბ -ნი თემურ შაშიაშვილი, რომელიც გამოფენაზე დასასწრებად, თბილისიდან ტაქსით ჩამობრძანდა სოფელში. იყო დიდი ზეიმი, რომელსაც დაახლოებით, 200 კაცამდე ესწრებოდა.

პროექტის განხორციელების მიზანია, ჩვენი მაღალმთიანი ლამაზი სოფლის, თხმორის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, რეგიონში კულტურული ცხოვრების გააქტიურება.

იმედია, ახლად გახსნილი მუზეუმი, ტურიზმის თვალსაზრისით, მიმზიდველს გახდის რაჭის ამ ულამაზეს სოფელს, რაც შესაბამისად, ხელსაყრელია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე, ჩვენი რეგიონისა და სრულიად საქართველოსათვის".

შეგახსენებთ, რომ დღეს, 30 ოქტომბერს, ჯორჯ კობის გარდაცვალების 56 წლისთავია. გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი, 1967 წლის 30 ოქტომბერს აშშ -ში გარდაიცვალა.

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, დარეჯან ნანიკაშვილის, გრიგოლ კობახიძის (ჯორჯ კობი) საფლავიდან გადაღებული ვიდეო გავრცელდა.

„პრაიმტაიმი“ ქ-ნ დარეჯანს აშშ -ში დაუკავშირდა. დედით თხმორელი ემიგრანტი აცხადებს, რომ დიდი სურვილი აქვს, გრიგოლ (გიგო) კობახიძის საფლავისთვის, სოფლიდან მშობლიური მიწა ჩამოიტანოს:

„ეს ვიდეო, ნაჩქარევად ჩავწერე, სასაფლაო იკეტებოდა. ნიუ-იორკიდან ჩავედი, ამხელა გზა გავიარე და არ მინდოდა, ისე წამოვსულიყავი, რომ არ გადამეღო. ამ ვიდეოს შემდეგ, ბევრი ქართველი ემიგრანტი დამიკავშირდა, აქ თურმე, უამრავი თხმორელია.

მინდა, ტრადიციად ვაქციო და 30 ოქტომბერს, ვინც აქ ვიქნებით, კობის საფლავთან შევიკრიბოთ. გპირდებით, ამის ორგანიზებას, აუცილებლად მოვახერხებ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, თხმორიდან მშობლიური მიწა ჩამოვიტანო, თუ მოვახერხებ, აუცილებლად შეგატყობინებთ.

ჯორჯ კობისა და მისი მეუღლის - დაშა (ნოდვიკოვა) კობის საფლავი ქალაქ პროვიდენსში (Providence) აშშ-ის როდ-აილენდის (Rhode Island) შტატის დედაქალაქში მდებარეობს - Swan Point Cemetery -ის სასაფლაოზე. სამწუხაროდ, დაბადების თვე და რიცხვი ვერსად ვნახე, არც საფლავს აწერია.

უკვე, 9 წელია აშშ -ში ვცხოვრობ. აქაურ მცხოვრებ ასაკოვან ხალხს, ვისაც ვიცნობ, ყველას ვეკითხები, ნუთუ, კობის ნაძვის ხის სათამაშოები, არ გქონდათ -მეთქი!

ბევრმა არ იცის და გული მწყდება. ვცდილობ, ყველას მოვუყვე მისი მოღვაწეობის შესახებ. ამის შემდეგ, ნახულობენ - ხოლმე, გუგლში.

სასაფლაოზე რომ მივედი, ჯერ ოფისში შევედი, რომ მეთქვა, რატომ ვიყავი ჩასული. მათაც მოვუყევი, ყვავილების გამყიდველსაც კი ვუთხარი, ვინ იყო ჯორჯ კობი.

იქნებ, შემდეგი ჩასვლა უფრო ორგანიზებული გავხადო. როგორც გითხარით, ეს ვიდეო ნაჩქარევად ჩავწერე. სხვა დროს, უკეთ გავითვალისწინებ დროის ფაქტორსაც.

გარდაცვალების დღე 30 ოქტომბერია, 56 წლის წინ გარდაიცვალა. პირადად მე, რა ინფორმაციაც მაქვს კობიზე, მხოლოდ სოციალური ქსელებიდანაა.

რაც შეეხება სათამაშოებს, ყველგან ვეძებ. ერთი პატარა ყუთი ვნახე რამდენიმე წლის წინ და ვიყიდე. ძველი ფასიც კი აქვს შენარჩუნებული $1.47. გუშინ მეორე ყუთიც ვიყიდე, მაგრამ ეს სათამაშოები არის სერიული წარმოების, კობის ყუთშია, მაგრამ ნახატის გარეშე.

მე იმ პირველ გამოშვებას ვეძებ, ჯერ ვერ ვიპოვე. თუმცა, რასაც ვპოულობ მაინც ვყიდულობ, მთავარია, რომ ორიგინალურ ყუთში დევს. მე თვითონ მაქვს ჩაფიქრებული, რომ მოვიძიო და თხმორში ჩავიტანო, რომ რელიკვიად დარჩეს.

დედა მყავს თხმორიდან, ჩიტო გიორგობიანი, ამჟამად, 83 წლისაა, თბილისში ცხოვრობს, ჩემ დასთან. ბაბუა - დათიკო გიორგობიანი, სამამულო ომში დაიღუპა.

ბებია, ანეტა კობახიძე - მთელი ცხოვრება ელოდა მის ქმარს (ჩვენ დაკარგვის ცნობა გვქონდა მხოლოდ), მერე დავადგინე, რომ უკრაინაში გარდაცვლილა. სამწუხაროდ, დავაგვიანე, უკრაინის ომის შემდეგ, საფლავს ვეღარც მივაგნებთ.

ზაფხულის არდადეგებს სულ ბებიასთან ვატარებდით. თითქმის 30 წელი გავიდა, რაც თხმორში არ ვყოფილვარ, ძალიან მენატრება იქაურობა. ეზოც გვაქვს, პატარა ხის სახლიც.

ვფიქრობთ, რომ მივხედოთ მე და ჩემმა დებმა. მთავარია, გზა გაკეთდეს, სოფელში ბევრი დაბრუნდება.

უკვე 61 წლის ვარ და მთელი ცხოვრება ამ 7 კილომეტრზეა საუბარი, ვინ იცის, რამდენჯერ გამივლია ეს გზა - სოფელ შავრიდან თხმორამდე, სადაც ხშირად, ულამაზეს ჩანჩქერზე გავჩერებულვარ.

ღმერთმა ქნას, რომ ჯორჯ კობის მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით, გზის პრობლემაც მოგვარდეს".