„პროექტის ძირითადი მიზანია, განამტკიცოს დიასპორის თაობათა კავშირი სამშობლოსთან“- ისრაელში მოღვაწე ქართველი ებრაელი ბიზნესმენი ახალ ინიციატივაზე

ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი დავით აჯიაშვილი

„აქ, სადღეგრძელოებს არ ამბობენ, ქმედებით ამტკიცებენ ერის სიყვარულს... ასეთ ვითარებაში, ჩვენთან ისრაელში როდესაც ეროვნულ ინტერესებზეა საუბარი, ჩემს და საამაყოდ სიტყვა - „მე“, ხდება „ჩვენ“-ის ტოლფასი და მსურს, რომ ასეთივე მიდგომა საქართველოში დამკვიდრდეს და გახდეს მოქმედი! -  აცხადებს ისრაელში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ბ-ნი დავით აჯიაშვილი, „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ისრაელში (ქ. თელ-ავივი) მოღვაწე ქართველი ებრაელი, საინვესტიციო დეველოპერული კომპანია ENGELINVEST LLC -ის გენერალური დირექტორი, არქიტექტორი, ბიზნესმენი, ინვესტორი (ინვესტიციები ენერგეტიკაში, დეველოპმენტი, ახალი ტექნოლოგიები) ბ-ნი დავით აჯიაშვილი (ალონი), სოციალურ ქსელში, დიასპორაში მყოფი და მოღვაწე ქართველი მხატვრების, მოქანდაკეების და გამოყენებითი ხელოვნების დარგების ვირტუალური სამხატვრო გალერეა Diaspora Gallery - ის შექმნის თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ამ გალერეის მიზანია, ქართული დიასპორის ხელოვანთა გაერთიანება, მათი პოპულარიზაციისათვის ხელის შეწყობა და ერთგვარი ხელოვან დიასპორას ნამუშევრების ისტორიული მემატიანე გალერეა - მუზეუმის შექმნა.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა ამ ინიციატივით და ისრაელის და საქართველოს მოქალაქე ბიზნესმენს, ისრაელში დაუკავშირდა ახალ პროექტზე და სამომავლო გეგმებზე ექსკლუზიურად ესაუბრა.

- ბატონო დავით, რა დანიშნულების პროექტია DIASPORA-TV ?

პროექტი DIASPORA-TV - არის მრავალფუნქციური და მრავალენოვანი მულტიმედიური სამაუწყებლო პლატფორმა, რომლის მიზანია ქართული დიასპორის მოღვაწეობის და ცნობიერების გაზრდა, მისი პოპულარიზაცია და ეკონომიკური სიძლიერის განვითარება.

- რა მიზანს ემსახურება თქვენი პროექტი?

DIASPORA-TV (www.diaspora-tv.com) პროექტის ძირითადი მიზანია, განამტკიცოს დიასპორის თაობათა კავშირი სამშობლოსთან, გააძლიეროს მათი ეკონომიკური მდგრადობა და გააძლიეროს საქართველოს ცნობადობა საერთაშორისო ასპარეზზე.

ჩვენი საიტის ყოველი რუბრიკა, წარმოადგენს ცალკეულ პროექტს, რომლის მიზანია გააძლიეროს ქართული დიასპორის ჩართულობა მშობლიური საქართველოს საზოგადოებრივ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული მიზნების მისაღწევად, დაგეგმილი გვაქვს ქართული ენის და ისტორიის ონლაინ სკოლის შექმნა (იმედია, წლის ბოლომდე დავიწყებთ) და როგორც თქვენთვის ცნობილია, უკვე დავაანონსეთ სამხატვრო და გამოყენებითი ხელოვნების დარგების ნამუშევრების გალერეის Diaspora Gallery-s შექმნა (diaspora-tv).

პარალელურად, უკვე მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, უახლოეს დღეებში, დიასპორის „სილამაზის დედოფლის“ (მის დიასპორა) და  „ტალანტის“კონკურსების გამოსაცხადებლად.

- სამომავლო პროექტებზე მოგვიყევით... 

უახლოეს მომავალში, დაგეგმილი გვაქვს, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, დიასპორის წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობის გასაზრდელად, შევქმნათ საინვესტიციო ფონდი Investment Fund DIASPORA  (diaspora-tv) და ბევრი სხვა ინიციატივები, რომელნიც მოემსახურებიან ზემოთ აღნიშნულ მიზნებს.

დარწმუნებული ვარ, რომ კეთილი ზრახვები, ძლიერი საფუძველია წარმატების და ამიტომ იმედს ვიტოვებ, ჩემი მცირე წვლილი შევიტანო ქართული დიასპორის გაძლიერებაში, რომელიც სათანადოდ დაიკავებს ღირსეულ და მნიშვნელოვან ადგილს, საქართველოს კულტურის და ეკონომიკის გაბრწყინებაში.

ისრაელის დიასპორის მაგალითი მიგვითითებს, რომ ეკონომიურად ძლიერი ქართული დიასპორა, პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი, სტაბილური და წარმატებული საქართველოს ტოლფასი იქნება!