1728312638
"ყველაზე მეტად მარინას გარეშე ცხოვრების მეშინიაო, ამბობდა. ძალიან დააკლდა, განიცადა და მალევე წავიდა კიდეც" - ნანა ფაჩუაშვილი თემო გოცაძეს იხსენებს
გამორჩეული ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თემო გოცაძე 82 წლის ასაკში 20 აგვისტოს გარდაიცვალა;
საყვარელი ცოლის - მარინა ჯანაშიას გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ ორი წელი გაძლო, მეტი ვერა;
"ყველაზე მეტად მარინას გარეშე ცხოვრების მეშინია"-ო, ამბობდა და აბა, რა ექნა?!
ნანა ფაჩუაშვილი "პრაიმტაიმთან" ხელოვან წყვილს იხსენებს...
ნანა ფაჩუაშვილი: მარინა გაწონასწორებული, მისაბაძი და მშვიდი იყო, როგორც გარეთ, ისე სახლში; ყველგან უყვარდა წესრიგი. ოჯახს დიასახლისი მართავს, ხელოვანი კაცი კი ხელშესაწყობია; მარის და თემოს სახლი სახელოსნოა, თემო სახლში მუშაობდა, მარინა კი ყველანაირად უწყობდა ხელს;
ვიცოდით, რომ მარინას შემდეგ თემოს ძალიან გაუჭირდებოდა და ასეც მოხდა; კი ვითომდა თავი ხელში აიყვანა, კუს ტბაზე დადიოდა, რომ გაევლო, გამოევლო, თითქოს სიძლიერე გამოიჩინა, მაგრამ მაინც არ გამოუვიდა.
მე ვფიქრობ, რომ მარინა რომ ცოცხალი ყოფილიყო, თემოს სიცოცხლე გახანგრძლივდებოდა. მამაკაცი უფრო სუსტია, მოსავლელია, ამიტომ თემოს მარინა ძალიან დააკლდა, განიცადა და დაეტყო კიდეც; საყვარელი ქალის წასვლის შემდეგ, თავადაც საკმაოდ მალე წავიდა...
ერთმანეთზე მზრუნველი ცოლ-ქმარი იყო, მათი ურთიერთობა იყო მყარი და ფაქიზი;
თემო როგორც მხატვარი, მოქალაქე ჩვენს ქვეყანას გვერდში ედგა. სტკიოდა თავისი ქვეყანა, განიცდიდა...
ძალიან დასანანია მისი წასვლა...
ასევე დაგაინტერესებთ: "ვღელავდი? უფრო მეტი… ბავშვივით მიფანცქალებდა გული. არ ვიცოდი, რით დამეწყო, ყელში მებჯინებოდა სათქმელი..." - რა შეაძლებინა გოგი ხარაბაძეს პატრიარქმა