Exclusive: "ბოლოს არ ახსოვდა არაფერი, მაგრამ ახსოვდა "სუხიშვილები", ყველა დეტალით..." - ლეგენდარულ ომარ მხეიძის უკანასკნელ დღეებზე შვილიშვილი გვიყვება

omari

ომარ მხეიძეს, რომელიც 17 ივლისს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, "პრაიმტაიმთან" შვილიშვილი - ნატალია მხეიძე იხსენებს. როგორც ნატალია გვიყვება, ბოლოს, როდესაც ბაბუს მეხსიერების პრობლემა ჰქონდა, ახსოვდა მშობლიური ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", სხვა არაფერი... ასეთი იყო ლეგენდარული მოცეკვავის უკანასკნელი პერიოდი.

ნატალიას თვალით დანახული ბაბუა - ომარ მხეიძე

ნატალია მხეიძე: 

რაც ომარისთან ასოცირდება, ემოციური კუთხით

ბებო-ბაბუები ყველაზე ტკბილები არიან, ასეთი იყო ომარიც. მიუხედავად იმისა, რომ სახლში იშვიათად იყო, მასთან გატარებული 1 საათიც კი ისეთი ნაყოფიერი და საინტერესო იყო, დიდხანს მიმყვებოდა. სულ მიყვებოდა ისტორიებს, მიზიარებდა თავის გამოცდილებებს, ამ ყველაფერზე კი ისეთი სიყვარულით საუბრობდა, თვალები უბრწყინავდა. მიხაროდა, ასეთ ბედნიერს რომ ვხედავდი.

როგორ ჩარჩა ჩემს მეხსიერებაში, გულში, გონებაში

ჩემი თვალით დანახული ომარი, უდიდესი ენერგიით და სიყვარულით სავსე, მუდამ პოზიტიური ადამიანია. ბაბუ საოცრად კეთილი და პატრიოტი იყო, ამას მის ყოველ სიტყვაში ვხედავდი. თავისი პროფესიით ცხოვრობდა, ეს იყო მისთვის ყველაფერი. საოცარი გრძნობებით და ემოციებით ლაპარაკობდა "სუხიშვილებზე", მის საქმეზე. ემოციების გარეშე ვერ მოუსმენდი. მისი სახელი ყოველთვის სიამაყით ამავსებს.

ისტორიები, ამბები

ბაბუ არ ტოვებდა არც ერთ კონცერტს, შეკრებას, დაჯილდოებას და მსგავს ღონისძიებებს. ძალიან ბევრს და ხშირად დადიოდა მთასა თუ ბარში. მისი პროფესიით ცოცხლობდა. მამა ხშირად სთხოვდა, რომ ასაკის გამო ამდენი აღარ ევლო, ცუდად რომ არ გამხდარიყო; ამაზე ომარი ბრაზდებოდა, რა დროს ეგ არისო. 86 წლამდე ამ რეჟიმით იცხოვრა. ძალიან უყვარდა სიცოცხლე. ბოლოს, როდესაც აღარც ჯანმრთელობა უწყობდა ხელს და აღარც მეხსიერება, არასოდეს დავიწყებია "სუხიშვილების" პერიოდი, არც ერთი დეტალი. არ ახსოვდა არაფერი, მაგრამ ახსოვდა "სუხიშვილები". ახსოვდა ყველა კონცერტი, ყველა ჯილდო.

ტკბილი მოგონებები

ბავშვობაში, როდესაც ბებო-ბაბუსთან მივიდოდი, მახსოვს, ჯერ ძლიერად ჩამიკრავდა გულში, მაკოცებდა, შემდეგ მაღაზიაში ჩუმად ჩაიპარებოდა და შოკოლადით და ნაყინით ბრუნდებოდა. იცოდა, რა და რომელი მიყვარდა და ყოველ ჯერზე, როდესაც ვსტუმრობდი, ცდილობდა გავეხარებინე. სულ ფეხით დადიოდა, რამდენი მანქანით გავივლიდი და დავინახავდი, ვთხოვდი, ბაბუ, ჩამიჯექი გაგიყვან-მეთქი, იმდენი უარზე იყო - ბაბუ, კი არ დავბერებულვარ, ფეხით გავისეირნებ და მივალო.

უკანასკნელი დღეები

უკანასკნელი დღეები და თვეები არა მხოლოდ მისთვის, თითოეული ოჯახის წევრისთვის ძალიან მტკივნეული იყო. ნებისმიერ ასაკში წარმოუდგენელია იმის გააზრება, რომ ერთ დღეს შენი ოჯახის წევრი, შენს გვერდით აღარ იქნება. უდიდესი გულის ტკივილი და სიცარიელე დაგვიტოვა მთელ ოჯახს. სულ ვფიქრობ, რამდენი შექმნა, რამდენი სიკეთე გააკეთა, ხალხის რამხელა სიყვარული დაიმსახურა და თვალები ცრემლებით მევსება, რა კარგი და ამავდროულად რა რთულია, ასე ღირსეულად იცხოვრო.

უკანასკნელი საუბარი

ბაბუ ბოლო წელიწად-ნახევარი ებრძოდა ჯანმრთელობის პრობლემებს. უკანასკნელი საუბარი 1 წლის წინ გვქონდა, როდესაც დაოჯახება გადავწყვიტე. ასე მითხრა, სწორი ღირებულებებით გაზარდე შვილები, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერიაო. რამდენიმე თვეში გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა; ჩვენ საუბარი ვეღარ შევძელით.

ყოველთვის მემახსოვრება მისი სიტყვები და ვეცდები, იმედი არ გავუცრუო.

ყოველთვის ორ რამეს, მეუბნებოდა: 1. თითოეული ნაბიჯის გადადგმამდე, ჯერ ჩემს ოჯახზე მეფიქრა 2. ვყოფილიყავი ღირსეული ქართველი. მისთვის ეს ორი რამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ბაბუმ 2 შვილი, 3 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი დატოვა და გაფრინდა. მჯერა, რომ ის ჩვენი ოჯახის ანგელოზი იქნება. ჩემს შვილებს ძალიან ბევრს მოვუყვები მასზე. ის ყოველთვის იცოცხლებს ჩვენს გულებში. ეს არის ტკივილი, რომელიც არასდროს გამინელდება. 

ასევე დაგაინტერესებთ:  "შტრიხკოდიან პროდუქტს ჯვარი გადასახეთ და ისე მიიღეთ, არ გავნებთო, ამბობდა..." - რას გვიყვება მამა გაბრიელის სულიერი შვილი

„ტაძრის კედლებმა ზანზარი დაიწყო, ცეცხლის ალიც ავარდა, შეშინებულები გამოცვივდნენ ეზოში...“ - რა მოხდა სვეტიცხოველში

"ერთხელ კელიის კარი ღია დარჩა, შევედი და ვხედავ..." - რას გვიყვება მამა გაბრიელის დისშვილი