Exclusive: ადამიანი 148 კგ-ს რომ მოიშორებ, უდიდესი სიამოვნებაა – როგორ ცხოვრობს 80-იანების კოლორიტი

ზაურ (ზაურიჩი) რეხვიაშვილი

„ადამიანი, 148 კგ-ს რომ მოიშორებ, უდიდესი სიამოვნებაა. სულ სხვა ადამიანი გავხდი – გამხდარი და ჯანმრთელი ზაურ ზაურიჩი, რომელიც აღარ ვამსხვრევ სკამებს და ლოგინს“... - ზაურ რეხვიაშვილი.  

80-იან წლების თბილისის კოლორიტი ზაურ(ზაურჩიკა) რეხვიაშვილი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში წარსულ ცხოვრება იხსენებს და ამბობს, რომ სინჯებზე, შპაგატში რომ ჩაჯდა, იქიდან დაიწყო მისი სასცენო მოღვაწეობა. 

- გაიხსენეთ ბავშვობის წლები, ადრეც მძიმეწონოსანი იყავი?

არცერთ ასაკში სკოლის ფორმა არ ჩამიცვამს, რადგან არ არსებობდა ჩემი ზომა. მშობლები, ძირითადად, სხვადასხვა ბრენდის შარვლებს და თეთრ პერანგებს მყიდულობდნენ.

1985 წელს დავამთავრე 99-ე საშუალო სკოლა, სადაც ბოლო ორი წელი მომიწია სწავლის გაგრძელება.

- რატომ გადაგიყვანეს, ცელქი ბავშვი იყავი?

მეორე სართულზე არ მიშვებდნენ. ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი და გამაფრთხილეს - არ ირბინო, შენი სირბილის გამო, შეიძლება იატაკი ჩაინგრესო (იცინის).

ყველაზე კურიოზული ის არის, რომ სასწავლებელი ძალიან პატარა, ორსართულიან შენობაში იყო განთავსებული და ამის გამო, „წრუწუნების სკოლას“ ეძახდნენ.

ორი წელი 42-ე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. მეორე კლასში, პირველ საშუალო სკოლაში გადამიყვანეს, სადაც მერვე კლასამდე ვსწავლობდი.

მერვე კლასიდან, გადავედი „წრუწუნების სკოლად“ წოდებულ, 99-ე საშუალოში და სწორედ, ეს სკოლა დავამთავრე.

სამი სკოლის გამოცვლის მიუხედავად, ყველა კლასელთან მაქვს ურთიერთობა. არცერთი სკოლის ბანკეტი არ გამომიტოვებია და დღემდე, სამივე სკოლიდან, უამრავი კარგი მეგობარი მყავს.

ძალიან კონტაქტური ბავშვი ვიყავი და ამის გამო, ჩემზე ხუთი წლით უმცროსს და ხუთი წლით უფროს ბავშვებთან, ერთნაირად ვმეგობრობდი.

ძალიან მიყვარდა ჭამა და გაკვეთილის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე ვთხოვდი მასწავლებელს, რომ გავეშვი. ყველამ იცოდა, რაც მინდოდა და უარს ვერ მეუბნებოდნენ.

- შესვენებაზე ვერ ასწრებდი ჭამას?

როგორ არა, მაგრამ ბუფეტში ბავშვები რომ მხვდებოდნენ, არ მინდოდა რიგში, დიდი დრო დამეკარგა.

-  სკოლის მენიუდან, რომელი კერძი გიყვარდა ყველაზე მეტად?

ჩემი მენიუ მქონდა - ყველაზე მეტად საბავშვო სოსისი და ცნობილი ნამცხვარი – „ენა“ მიყვარდა.

- გამოდის, რომ ბევრს და ხშირად იკვებებოდი?

სხვათა შორის, 2,700 კგ დავიბადე. ძალიან გამხდარი და ყვითელი ვიყავი. მამაჩემი, ჩემს სანახავად რომ მისულა სამშობიაროში, ყველაზე დიდ ბავშვს მიადგა, მაგრამ უთხრეს, რომ ყველაზე პატარა რომ არის, ის არის თქვენი შვილიო. აქედან დაიწყო, ჩემი ყველაზე დიდი უბედურება (იცინის).

3 თვიდან რომ დავიწყე წონაში მატება, იმხელა გავხდი, ფეხზე რომ დავდექი და სიარული დავიწყე, ფეხები გამეღუნა (იცინის). ექიმს უთქვამს, ბავშვს რაქიტი აქვსო და ჩემმა მშობლებმა, მოსკოვში, საუკეთესო კლინიკაში გამაქანეს.

დედაჩემს რჩევა მისცეს, ცოტა აჭამეთ და დასასვენებლად ზღვაზე წაიყვანეთო. მთელი სამი თვე აგუძერაში (აფხაზეთი), ჩვენს საკუთარ სახლში გავატარეთ და ფეხებიც გამისწორდა (იცინის).

- როდის გახდი ცნობადი სახე?

პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (თსპი), სტუდენტობის დროს დაიწყო ჩემი „კოლორიტობა“. პირველ გამოცდაზე რომ მივედი, არ შემიშვეს, გამაჩერეს – ეს შენ არ ხარ, სხვისი პასპორტით გამოცხადდიო.

ვერ დაუშვეს, რომ ეს ბიჭი, 1968 წელს იყო დაბადებული. წარმოიდგინეთ, 17 წლის ბიჭი ულვაშებით, სათვალით, დიდი ტანით (იცინის) – არ არსებობს, იტყუებაო. ერთი საათი გამაჩერეს, სანამ დააზუსტეს, რომ ნამდვილად მე ვიყავი.

იფიქრეს, სხვისი პასპორტით გავდიოდი გამოცდაზე, პოლიციასაც კი შეატყობინეს (იცინის).

ჩავაბარე გეოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც საუკეთესო ჯგუფი მყავდა. უამრავი მეგობარი შევიძინე. ამ ფაქტის გამო, ყველას დავამახსოვრდი.

 - და ყველასთვის საყვარელი „ზაურჩიკა“ გახდი...

ყოველთვის ხელოვნებისკენ მქონდა მიდრეკილება და ამიტომ „გპი“-ს თეატრალურ დასში მივედი, რომელსაც ბატონი ნუგზარ ბუცხრიკიძე ხელმძღვანელობდა და ვთხოვე ავეყვანე, რადგან სურვილი მქონდა, მონაწილეობა მიმეღო თეატრალურ წარმოდგენებში.

რამდენიმე ხანში გამოაცხადეს, რომ თბილისის ინსტიტუტებს შორის, შეჯიბრი იწყებოდა და უნდა დაგვედგა საუკეთესო წარმოდგენა - უმაღლეს სასწავლებლებს შორის, გამარჯვებული უნდა გამოევლინათ.

რისი გაეთება შეგიძლიაო მკითხეს. ვუთხარი, რომ ყველაფერი მეხერხება, ყველაფერი ვიცი, წყალშიც კი ვლაპარაკობ-მეთქი (იცინის).

- და სინამდვილეში რა გეხერხებოდა?

იმ დროს პირველად ვნახე კასეტაზე ბრეიქდანსის ცეკვა და ისე მომეწონა, გადავირიე. ამიტომ სახლში დავიწყე რეპეტიციები და ამ ცეკვის სწავლა.

დიდი წონის მიუხედავად, ძალიან ელასტიკური და ენერგიული ვიყავი, შპაგატშიც კი ვჯდებოდი (იცინის).

- ქორეოგრაფის გარეშე ისწავლე ცეკვა?

სინჯებზე რომ მივედი, რაც დამავალეს ყველაფერი საუკეთესოდ გავაკეთე, მაგრამ ფინალში, შპაგატში რომ ჩავჯექი, იქიდან დაიწყო ჩემი სასცენო მოღვაწეობა.

უამრავი როლი შემომთავაზეს, მახსოვს, პირველად, რესპუბლიკის მოედანზე (ახლანდელი „ვარდების მოედანი“) გამართულ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა.

მთელი ტერიტორია, სტუდენტებით იყო სავსე. ამდენი ხალხი ერთად, მიტინგზეც არ მინახავს. ეს ჩემი პირველი გამოსვლა იყო სცენაზე. შევასრულე ჩემი როლი და ბოლოს, შპაგატში რომ ჩავჯექი, აი იქ უკვე სერიოზული შოკი დაემართა ყველას (იცინის). არ იცით, რა ხდებოდა მეჯლისზე, ყველა ტაშს მიკრავდა!

დიდი მსახიობები რომ გამოდიან დიდ თეატრში, ისეთი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს გამოსვლას. დიდხანს არ წყდებოდა აპლოდისმენტები, კივილი, წივილი, სტვენა.

მეჯლისი რომ დასრულდა და სახლში წამოვედი, მთელი ეს ხალხი უკან გამომყვა – ყველა მკოცნიდა და კომპლიმენტებით მავსებდა. ამ დღის შემდეგ, უკვე ნამდვილი ცნობილი ადამიანი გავხდი.

- ეს დღე შენთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა

ამის შემდეგ შემომთავაზეს ფილმში გადაღება. იმ პერიოდში რეჟისორი გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი და მიშა ანთაძე „მთვარის გლობუსს“ იღებდნენ. ბატონი გოგის ასისტენტმა, მაია კახაძემ დამირეკა და მითხრა, ბატონი გოგი, სინჯებზე გიბარებსო.

ისე მივედი, არავის ვიცნობდი, მითხრეს, თქვენი ცეკვის გადაღება გვინდაო. მეც ვიცეკვე (იცინის). ეს იყო ჩემი პირველი კინოგადაღება, რასაც მოჰყვა რეჟისორ ოთარ შამათავას ფილმი – ჯ. პუჩინის „ტურანდოტი“(1989 წ.) და მიშა ანთაძის – „ოქროს ობობა“.

რუსულ ფილმშიც მივიღე მონაწილეობა – სამწუხაროდ, სახელწოდება არ მახსოვს, ასევე რეჟისორ ლევან კიტიას ერთ-ერთ ფილმში. ფილმის – „გლობუსი“ გამოსვლის შემდეგ, მთელი თბილისი უკან დამსდევდა, ფოტოებს მიღებდა და მეკითხებოდა – „შენ ის ზაურჩიკა ხარ, ფილმში რომ ცეკვავო?“.

ასევე, მონაწილეობა მაქვს მიღებული -„ოქროს საწმისის“ სატელევიზიო ფესტივალზე (1988 წ.).

 

ამ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა ბ-ნმა გოგი ლევაშოვმა დამირეკა და მკითხა,- შენ ხომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლიაო?

კი-მეთქი, ვუპასუხე. ჰოდა, მე მჭირდებიო. ფესტივალის ორგანიზატორი „ქართული ფილმი“ იყო, ქორეოგრაფი კი – გოგი ალექსიძე.

- ვისთან ერთად მონაწილეობდი ფესტივალის გახსნაზე?

რუსთაველის თეატრის მსახიობებთან და თბილისის ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის დასთან ერთად, სცენაზე ექვს სახასიათო როლს ვასრულებდი. სპექტაკლი იწყებოდა „ბერიკაობით“, სადაც ვირს ვასახიერებდი (იცინის).

ვითამაშე ნანა შონიასთან, ნანუკა ხუსკივაძესთან, ქეთი ჩხეიძესთან, დათო ბახტაძესთან, გოჩა კაპანაძესთან და ია ფარულავასთან ერთად.

მართლაც სასწაული იყო, ჩემი და თეონა ჩარკვიანის (გელა ჩარვიანის ქალიშვილი) სცენა, რომლითაც იწყებოდა სპექტაკლი. სპექტაკლში ვასრულებდი სტალინის, შოუმენის როლებს, ვკითხულობდი ლექსებს. ფესტივალის მონაწილეებისთვის, ეს მართლაც დაუვიწყარი დრო იყო.

ფესტივალის გახსნას, რომელიც ქ. ბათუმში მიმდინარეობდა ევროპის უამრავი ცნობილი მსახიობი და რეჟისორი ესწრებოდა - მას დიდი წარმატება მოჰყვა, დახურვა კი, ბიჭვინთაში გაიმართა.

მახსოვს, იმ დღეს, ისეთი დიდი შტორმი იყო, რომ ზღვის ტალღებმა სანაპიროზე დამონტაჟებული სცენა მოგლიჯა და ჩვენც ძლივს გადავრჩით.

ფესტივალის გახსნიდან რამდენიმე თვეში, ეს სპექტაკლი თბილისის ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვითამაშეთ.

მინდა აღვნიშნო ბატონების გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილის და გოგი ალექსიძის უდიდესი ნიჭი და საოცარი ენერგია. დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და ბევრ რამეს ვსწავლობდი ბატონი გოგი ალექსიძისგან, როდესაც ის ცეკვას მასწავლიდა, მართლაც სასწაული დრო იყო.

- ოჯახზე მოგვიყევი...

დედაჩემი ყველა ჩემი მეგობრის ისეთივე მეგობარი იყო, როგორიც ჩემი. ეს ოჯახის ტრადიცია იყო. ყველა ქეიფი, თუ დროსტარება, ჩემს სახლში იმართებოდა. ჩემი მეგობრებიც, თავისუფლად გრძნობდნენ თავს დედასთან.

მამა, 1981 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა და დედა მარტო მზრდიდა. ის ჩემთვის ყველაფერი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ღმერთის ნებით, ჩემმა სიყვარულმა გადამარჩინა, რომელიც შემდეგ ჩემი მეუღლე გახდა.

- ამბობ, რომ შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, მეუღლეა…

ჩემი მეუღლე, მთელი ჩემი ცხოვრების სტიმულია. რასაც ვაკეთებ და მომავალში გავაკეთებ, ყველაფერი ჩემ მეუღლეს ეკუთვნის. ეკა რომ არა, არც ვიცი, იგივე ზაური დავრჩებოდი თუ არა.

- როგორ მოხდა შენი გარდასახვა?

ყველაფერი ეკას დამსახურებაა. ჩემმა მეუღლემ და ქირურგმა დათო აბულაძემ, რომელიც ასევე, ჩემი ბავშვობის მეგობარია, ჩემ გადასარჩენად, ერთიანი ძალებით შეიმუშავეს გეგმა.

- გადასარჩენად რატომ, ცუდად იყავი?

ბოლო ორი წელი, ძალიან ცუდად ვიყავი. ჩემმა წონამ 278 კილოგრამს მიაღწია და უკვე სიარულიც მიჭირდა.

- და მანამდე რამდენი იყავი?

ახალგაზრდობაში, ჩემი წონა 160-დან 170 კგ-მდე მერყეობდა. ცოლი რომ შევირთე, გაძლიერებულ კვებაზე გადავედი(იცინის). სასწაული სიდედრი მყავს, მანანა ივანოვნა.

ჩემი ცოლი რომ დაიძინებდა, სამზარეულოდან მეძახდა - წამო, გემრიელად მივირთვათო. ისიც გურმანია და ღამის 12 საათზე, გემრიელად გეახლებოდით.

ჩემი სიდედრი და სიმამრი, იგივე  ჩემი მშობლები არიან. ისე მიმიღეს, არ მიგრძნია, რომ სიძე ვარ. მართლაც, შვილივით მიმიღეს. ეკას ძმასთანაც ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობები გვაქვს. ნამდვილად დიდი ოჯახი გვაქვს და მე ეს, ძალიან მიხარია.

- ახლა რამდენი ხარ წონაში?

130 კილოგრამი გავხდი, თავს ძალიან ენერგიულად ვგრძნობ. ვიტყოდი, რომ თავიდან დავიბადე. ადამიანი, 148-კგს რომ მოიშორებ, დიდი სიამოვნებაა. ვცდილობ, ფეხით ბევრი ვიარო. დღეში, მინიმუმ 10 კილომეტრს დავდივარ.

რასაც მინდა იმას ვიცვამ. ჩვეულებრივ მაღაზიაში შევდივარ და ვყიდულობ ჩემი ზომის ტანსაცმელს(იცინის).

მე ხომ თავიდან დავიბადე. მართალია, არც მანამდე მქონდა კომპლექსები, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ სულ სხვა ვარ, არც არავისგან გამორჩეული.

ერთხელ ქორწილში ვიყავი და ჩემი უახლოესი მეგობარი შემხვდა. ისე ჩამიარა, არც კი შემომხედა. მივედი და ვკითხე, რატომ არ მესალმები-მეთქი. რომ შემომხედა, ვინ ხარ, არ გიცნობო.

ისეთი შეცვლილი ვარ, ვერც კი წარმოიდგინა. რომ ვუთხარი, გაგიჟდა, რა გჭირს, ცუდად ხომ არა ხარო (იცინის).

სულ სხვა ზაურიჩი გავხდი. უფრო ენერგიული, ჯანმრთელი. კვების რაციონიც შევამცირე. უკვე პატარა ულუფაც კი მაკმაყოფილებს, სხვა დატვირთვით და რეჟიმით ვცხოვრობ.

მართალია, ხალხის დამძიმებულ სახეებს ვხედავ, მაგრამ დამიჯერეთ, ყველაფერი კარგად იქნება. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სტიმული.

- რა არის შენი სტიმული?

ჩემი სტიმული ჩემი ქვეყანაა, ჩემი მშობლები. ჩემი მეგობრები, რომლებსაც ხშირად გამოვუყვანივარ მძიმე სიტუაციიდან. ჩემი მეუღლე, ხომ ჩემთვის მთავარი სტიმულია.

- თუ საიდუმლო არ არის, როდის გეწვია პირველი სიყვარული?

ნამდვილი სიყვარული ერთხელ მეწვია და ისიც ჩემი მეუღლეა. ადრეც მქონდა გატაცება, მაგრამ სიყვარულს ვერ დავარქმევდი. ამ გადმოსახედიდან, ვთვლი, რომ ეს უფრო ემოცია და მოწონება იყო.

სულ სახლში მივიჩქარი და სულ ჩემს მეუღლესთან ერთად მინდა. სხვათა შორის, ჩემს ცოლს „ჩემი ცოლის დაქალებიც“ მოჰყვა (იცინის), ყველასთან საუკეთესო ურთიერთობა მაქვს. ამ ქვეყნიდან ბედნიერი წავალ, რადგან ნამდვილი სიყვარული განვიცადე და ვიგრძენი.

- როგორ გადაწყვიტე ხელის თხოვნა?

ჩემს ნათესავებთან ლაურა რეხვიაშვილთან (ეგონა – ფილმიდან „ჩცდ“) და მის მეუღლე დათო ნაცვლიშვილთან ვიყავით სახლში. დათომ მითხრა, რაღას უყურებ უთხარი ამ ლამაზ გოგოს რომ გიყვარს და მოიყვანეო.

მეც პირდაპირ შევაჭერი ოთახში და ეკას ვუთხარი, ძალიან მიყვარხარ და გამომყევი ცოლად მეთქი. საბედნიეროდ, ისიც დამთანხმდა. ჩემი მეგობრები დათო აჯიაშვილი და ვახო ბეგიაშვილი სულ მეუბნებოდნენ - ეს გოგო არსად გაგექცეს, რა ქალს ყვარებიხარო.

- ოპერაცია დაგეხმარა ცხოვრების წესის შეცვლაში...

რა თქმა უნდა, სულ სხვა ზაური ვიყავი და ახლა გამხდარი და ჯანმრთელი ზაურ ზაურიჩი ვარ, სულ სხვა სამყაროში ვარ, სხვა ენერგია მაქვს, ბევრი დისკომფორტი მომეხსნა – უკვე აღარ ვამტვრევ სკამებს და ლოგინებს, ჩემი ზომის ტანსაცმელს, უკვე ადვილად ვშოულობ.

ადრე თვითმფრინავის სკამში ვერ ვეტეოდი, ეკონომკლასის ბილეთს ვყიდულობდი, სკამზე რომ ვერ ვეტეოდი, ბიზნესკლასში გადავყავდი(იცინის). ვამტვრევდი სკამებს. ახლა უკვე ჩვეულებრივ ვჯდები.

სტუდენტობის დროს, ყველა ტაქსისტი მიცნობდა, წინა სავარძელს სულ ვამტვრევდი და უკანა სავარძელზე მსვამდნენ. ახლა უკვე ნებისმიერ მანქანაში ვჯდები (იცინის).

სულ ვამბობ, რომ ეს ოპერაცია, არის პრევენცია, რომ ადამიანს არ დაემართოს უამრავი დაავადება, რაც მოაქვს სიმსუქნეს.

ჩემი გადმოსახედიდან უნიჭიერესი ქირურგი დათო აბულაძე, ჩემი გადამრჩენელია, რომელიც ამავე დროს, ჩემი ძმაკაცია. საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი, ვალდებულია, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ.

ჩვენ ვართ უნიკალურ ქვეყანაში მცხოვრები ხალხი. ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, გავუღიმოთ დ რაც მთავარია, გვიყვარდეს ერთმანეთი. 

არასდროს ვუღალატოთ და მაშინ, ნამდვილად გადავრჩებით ყველანი. არცერთმა თანამდებობამ, კარიერულმა და ფინანსურმა სვლამ, არ უნდა მოახდინოს, პიროვნებაზე გავლენა – მივუტევოთ და დავეხმაროთ ერთმანეთს!