დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რეჟისორი, პუბლიცისტი, მწერალი - ლანა ღოღობერიძე 94 წლის გახდა. ასაკი არ ეტყობა არც ფიზიკურად, არც - პროფესიულად. დღემდე იღებს ფილმებს, კვირაში ორი დღე სტუმრობს ჩოგბურთის კორტებს, თამაშობს, წერს, საზოგადოებრივად აქტიურია.
2019 წელს მისი ბოლო მხატვრული ფილმი "ოქროს ძაფი" გამოვიდა ეკრანებზე. ფილმი უცხოურ კინოფესტივალებსაც არ დარჩენიათ უყურადღებოდ. ახლა დედაზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს ამონტაჟებს.
ახლახან კი ლიტერატურული პრემია "საბას" მფლობელი გახდა. "ვისთვის გალობს შაშვი" ჰქვია წიგნს, რომელიც ლანა ღოღობერიძემ პანდემიის დროს დაწერა და შარშან გამოსცა. წიგნი თანამედროვე სამყაროს მაჯისცემას გვიხატავს, თავისი პლუსებითა და მინუსებით.
„ლიტერატურაში პირველად დავჯილდოვდი. უნდა გითხრათ, რომ ლიტერატურა ჩემი პირველი სიყვარულია. შესაბამისად, ჩემთვის დიდი მნიშვნელობის ფაქტია ის, რომ ამ სფეროში მივიღე პრემია. „საბა“ ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან პრემიად მიმაჩნია. მიხარია.
მე მიყვარს „ვისთვის გალობს შაშვი“. ეს წიგნი გამოხატავს ჩემს დღევანდელ დამოკიდებულებას სამყაროსადმი" - გვითხრა მან.
თუმცა წლების წინანდელი მისი სამყაროსადმი დამოკიდებულება აი, ამგვარი იყო.
2014 წელს გადაღებულ ფილმში „ნაღვლისფერი სიხარულის ქრონიკა“ - რეჟისორი ამბობს:
„გადავაბიჯე 85 წელს და თითქოს სიცოცხლეც დასრულდა და მაინც ეს ისევ ის სიცოხლეა, შენი სიცოცხლე. სავსე შვილებითა და შვილიშვილებით, სიხარულითა და ტკივილებით, ყოველდღიური წვრილმანებითა და განსაცდელებით და ამავე დროს თანდათან სულ უფრო და უფრო გეუფლება ფიქრი, რომ როგორც ამბობდა ოთარ ჭილაძე: წინ მარადისობაა. ეს სევდის მომგვრელი და ამავე დროს სასიამოვნო ფიქრია.
თანდათან წავიდნენ ჩემი უახლოესი ადამიანები, მეგობრები და მთელ სივრცეში დასადგურდა სიცარიელე, ამას მარტოობაც ჰქვია. მაგრამ კიდევ გადის დრო და ნელ-ნელა სიცარიელეს ავსებს სახეები, ისინი ცოცხლდებიან აქვე ჩემს სივრცეში, ჩემს გვერდით და მე ვხვდები, რომ სანამ ჩვენ ვართ, ისინიც არიან. ჩვენ, ის ბავშვები გადავრჩით და ქვეყანაც გადარჩა. თუმცა ყველამ ერთად დავუშვით ბევრი შეცდომა, ზოგჯერ საბედისწეროც. მაგრამ გადავრჩით და გადავრჩებით, იმიტომ რომ ყოველთვის იარსებებს სადღაც ადამიანთა ჯგუფი, პიროვნებები, რომელთაც ექნებათ წარმოსახვა, ხილვა, ზმანება და შემდეგ ისინი შეძლებენ, რომ ეს ზმანება, ხილვა, ოცნება აქციონ რეალობად."
მას შემდეგ, რეჟისორს, შემოქმედებითად აქტიური პერიოდი, დღემდე არ შეუჩერებია.
„ოქროს ძაფში“ ასეთი საინტერესო ანსამბლი შეკრიბა - ზურა ყიფშიძე, ნანა ჯორჯაძე, გურანდა გაბუნია, დავით კვირცხალია, ნინო კირთაძე, თემიკო ჭიჭინაძე...
მსახიობები „პრაიმ ტაიმის“ მეშვეობით მაესტროს დაბადების დღეს ულოცავენ.
ზურა ყიფშიძე: - არაჩვეულებრივი ქალბატონია. ერთეულებს განეკუთვნება. თანამედროვე ქალია. რასაც ფიქრობს და გრძნობს, იმის გადმოცემა სურს. პირადსა და ადამიანზე იღებს ფილმებს. რაც ადამიანს აწუხებს, ის ეკრანზე გადააქვს.
ოპტიმისტი და ჯანმრთელია. არ ვარ დაზღვეული იმისგან, რომ კიდევ არ გადამიღებს ფილმში. უარს ვერ ვეტყვი…
დავით კვირცხალია: - ნება მომეცით, მივულოცო ეს შესანიშნავი თარიღი.
უზომოდ ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია, რომლის აზროვნებას დრო არ ეკარება. ცოტა ხნის წინ ლიტერატურული პრემია "საბას" მფლობელი გახდა. ძალიან დამაინტერესა მისმა წიგნმა, თუ როგორ აზროვნებს. შესანიშნავი ადამიანი, მწერალი, რეჟისორი, მოქალაქეა... და ყველაფერი, რასაც ის აკეთებს განუმეორებელი, მხოლოდ მისია. გადასარევი მთარგმნელია.
მის ფილმებს თუ გადახედავთ, მან თავისი ხელწერა შექმნა. ბევრი რეჟისორი ისე ამთავრებს თავის კარიერას, რომ თავის ხელწერას ვერ გთავაზობს. ლანას აქვს საავტორო ფილმები.
მე ერთ საიდუმლოს გავამხელ. იყო მომენტი, როდესაც მე მისი სტუდენტი ვიყავი. კინოსარეჟისორო ხელოვნებას მის სახელოსნოში ვეუფლებოდი. საუკეთესო წლები იყო. შესანიშნავი პედაგოგი გახლდათ.
რაც შეეხება ფილმს, რომელშიც მეც ვითამაშე - "ოქროს ძაფი", თითქოს მთელი მისი შემოქმედების ანალიზი გააკეთა. დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება მისი ბოლო ფილმი. მას შეუძლია კიდევ გაახაროს ქართველი მაყურებელი. ძალაუნებურად ფიქრობ, კიდევ გაუძლებს ეს ქალი ამოდენა დატვირთვას... თუმცა ის მაინც აგრძელებს.
რეჟისორობა მამაკაცის პროფესია უფრო მგონია, ვიდრე ქალბატონის, მაგრამ ქალბატონი ლანა გამონაკლისია. მთელი ცხოვრება ამ პროფესიას უმაღლეს დონეზე გაართვა თავი.
მადლობა მას თავისი შემოქმედებისთვის. გაუმარჯოს. ვულოცავ სულითა და გულით. ვუსურვებ ჯანის სიმრთელეს. მას კიდევ აქვს ჩანაფიქრები, რომ შემოგვთავაზოს ფილმები...
თავად რეჟისორი ასაკის მატებაზე კი შემდეგი აზრისაა.
„ასაკმა რა მომიტანა და სხვა ადამიანების მეტად გაგების უნარი. რაღაც ეტაპზე ხვდები, რომ შენ არ ხარ სამყაროს ცენტრი. ჯერ თვითდამკვიდრების სურვილი გაქვს, მერე ხვდები, რომ შეგიძლია ყველაფერი გაწირო და ხვდები იმასაც, რომ შენ ამის გჯერა, სხვას კი, სხვა რამის. სხვისი სიმართლის გაგების სურვილი თანდათან მოდის.
ადრე ვფიქრობდი, რომ 21-ე საუკუნეში ჩემი ადგილი არ იყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არის!“ - თქვა „პრაიმ ტაიმთან“ ლანა ღოღობერიძემ.