„დრაკონის სახლის“ მეორე სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია

დრაკონის სახლი

HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის „დრაკონის სახლის“ მეორე სეზონი ეკრანებზე 2024 წლის ზაფხულში გავა. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სეზონში მხოლოდ 8 სერია იქნება - ორით ნაკლები ვიდრე პირველში. ამის მიზეზად HBO-ში სეზონის სიუჟეტს ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება სერიალის ბიუჯეტის შემცირებით არ არის განპირობებული.

„დრაკონის სახლის“ პირველი სეზონის პრემიერა 2022 წლის 21 აგვისტოს შედგა. სიუჟეტი ჯორჯ მარტინის რომანზე „ცეცხლი და სისხლი“ არის დაფუძნებული. სერიალი გამოგონილ სამყაროში - ვესტეროსში ტარგარიენების სამეფო დინასტიის წევრებს შორის სამოქალაქო ომზე მოგვითხრობს, რომელიც „დრაკონების ცეკვის“ სახელით არის ცნობილი. მოვლენები „სამეფო კარის თამაშების“ სიუჟეტამდე თითქმის 200 წლით ადრე ვითარდება.