"არავისტი არ ვყოფილვარ... ყოველთვის ძმაკაცისტი და თბილისისტი ვიყავი" - მიშა გომიაშვილი 62 წლის გახდებოდა

misha

მიშა გომიაშვილი 62 წლის გახდებოდა... მსახიობი გასული წლის სექტემბერში გარდაიცვალა. 

"პრაიმტაიმს" პანდემიის დროს ვრცელი ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ მის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუს პრესასთან. 

მიშა გომიაშვილი:  - ასაკი მხოლოდ ანკეტების შევსების დროს მახსენდება. მარტო რომ ვარ ოთახში, უცებ რაღაც ისეთ სიშტერეს ვიზამ, მერე გამახსენდება ასაკი, სირცხვილია-მეთქი და ვამუხრუჭებ. ეტყობა, გული არ ბერდება.

პატარა ბიჭი აღარ ვარ, მოწევას თავისი მიაქვს. ბევრს ვეწევი. ფიზიკურად მალე ვიღლები. სამაგიეროდ, დავდინჯდი, გამოცდილება მომემატა. ვიცვლები. არ ვარ ჯიუტი კაცი, რაკი ერთხელ ვთქვი, სულ იმ აზრზე დავრჩე. როცა ვხვდები, აღარ ვარ მართალი, ვიცვლი პოზიციას.

და სიყვარულშიც დიდი გამოცდილება გაქვთ…

– როგორც ყველა მამაკაცს, არაფერი განსაკუთრებული. ვისთანაც მიცხოვრია და პატარა პერიოდი გამიტარებია, ყველას ცოლი დაარქვეს. ჭორაობის დონეა. მე კიდე მეზარება დავჯდე და ავხსნა.

ამდენი ხანი, რაც მე და ქეთი ერთად ვცხოვრობთ, არავისთან არ მიცხოვრია. 11 წელია ერთად ვართ, ჯვარიც დავიწერეთ. ტფუ, ტფუ (ხეზე დააკაკუნა)…

მართლა გეუბნებით, ჩემი გაძლება იოლი არ არის. მძიმე ხასიათი მაქვს. მაგრამ ჩვენ ერთმანეთს შევეწყეთ და ეს ქეთის დამსახურებაა. ისეთი კომფორტი შემიქმნა, რომ მეტი არ შეიძლება. ეს მომწონს ამ ქალში…

- პანდემიამ რაზე დაგაფიქრათ?

– დიდი ფილოსოფოსი არ ვარ, თუმცა ღრმად ვარ იმაში დარწმუნებული, რომ უფალმა ბოლო გაფრთხილება მოგვცა. ტვინი გავანძრიოთ და ბოლოს და ბოლოს მივხვდეთ, რა არის ამ ცხოვრებაში მთავარი და რა – მეორე ხარისხოვანი.

მებაღე რომ “სეკატორით” კრეჭს ბუჩქებს, აიღო და ისე გადაგვფცქვნა. ყველა, მილიარდერი თუ ჩვეულებრივი მოკვდავი, ერთსა და იმავე მდგომარეობაში ჩააგდო. მიგვახვედრა, რომ სიმდიდრე და ქონება, არაფერიც არ არის. მაიბახით ივლი, თუ ველოსიპედით, მნიშვნელობა აღარ აქვს. ბევრი ფული არავის აძლევს იმის უფლებას, რომ სხვას ზევიდან უყუროს.

ძვირად ღირებული საათი, კარგი მანქანა თუ ვილა, ეს ყველაფერი ფურთხის ღირსი აღმოჩნდა…

ჩემ გმირს შევადარებ, რომელიც რუსეთში ვითამაშე. ეს კაცი თავში მძიმე საგნის ჩარტყმით გათიშეს და ოკეანის პირას იღვიძებს. არ ახსოვს ვინ არის, სადაურია, საიდან მოვიდა. ასეთი ძირფესვიანი რესტარტი გაგვიკეთა ჩვენმა შემოქმედმა.

უნდა ავწონ-დავწონოთ, მეტად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ეს მთავარია ამქვეყნად. ამაზე სულ ვფიქრობდი, მაგრამ ახლა უფრო მეტად დაფიქრების საშუალება მოგვეცა.

დააკვირდით, გამონაბოლქვისგან ქალაქში რა ნისლი იდგა?! ფუნიკულიორიდან თავისუფლების მოედანს ვერ ხედავდი. გაკრიალდა ჰაერია. მანქანებმა ორი დღეა დაიწყეს სიარული და უკვე გამონაბოლქვის სუნი მეცა.

ყველა სიტუაციაში პლუსი უნდა მონახო. მხოლოდ ნეგატივს არ უნდა ხედავდე, ცხვირაწეული მხოლოდ კრიტიკით არ უნდა იყო დაკავებული.

არასოდეს არავისტი არ ვყოფილვარ. პოლიტიკაში ცხვირი არ ჩამიყვია. ყოველთვის საქართველოისტი, ძმაკაცისტი და თბილისისტი ვიყავი.

ახლა იმის მაგივრად, რომ ყოველგვარი პარტიული ნიშნის და პოლიტიკური ხედვის მიუხედავად, ერთად შევიკრათ, უფრო ჭამენ ერთმანეთს. რა უბედურებაა? ქულები რომ დაიწერონ წინასაარჩევნოდ. რა არჩევნები, რის არჩევნები? ეს უბედურები…

მართლა ჰგონიათ, რომ ეს ვირუსი ვიღაცამ გამოიგონა. ეს ყველაფერი უფლისგან მოდის, რომელმაც ბოლო შანსი მოგვცა. ქრისტიანებს უნდა გვახსოვდეს ერთმანეთის პატივისცემა და ერთმანეთის გვერდში დგომა. მერე ყველაფერი დალაგდება თავისით.

დანარჩენი ზღაპრები და ჭორია, ბილ გეიტს და მის ქალიშვილს ვინ რას ჰკითხავს (იცინის)? მასონური მაიმუნობაა. ყველაფერი უფლის ნებაა, ოღონდ ხელი უნდა გავანძრიოთ.