"მითხრა, თუ ვერ ავდექი, ფანჯარაში გადმოვდგები და თქვენ ეზოში გაშალეთ სუფრაო. დაბადების დღისთვის ემზადებოდა..." - ვინ რა გაიხსენა ჯემალ ღაღანიძეზე 

jemal

89 წლის ჯემალ ღაღანიძე რუსთაველის თეატრიდან, სადაც 70 წელი გაატარა, ტაშით გამოაცილეს.  

პორტრეტიდან კეთილი ღიმილით მომზირალი ჯერ შეეგება, შემდეგ კი დაემშვიდობა ყველას...

"კეთილშობილი, კომფორტული და ნამდვილი" - ეს იყო შეფასებები, რომლითაც არტისტს ახასიათებდნენ. 

ორიოდ თვეში 90 წლის ხდებოდა. ვინაიდან ბოლო წლები, ძირითადად, საწოლში გაატარა, ნიკოლოზ წულუკიძეს უთხრა: ფანჯრიდან გადმოვიხედავ და ეზოში გაშალეთ სუფრაო...

ახარებდა ჟურნალისტების ზარი, ყოველთვის მზად იყო სრულყოფილი პასუხი გაეცა, ეხუმრა და კარგ გუნებაზე დაეტოვებინე. 

რობიკო სტურუას თილისმას ეძახდნენ. მის თითქმის ყველა სპექტაკლში თამაშობდა. გამოირჩეოდა განსაკუთრებული სცენური პლასტიკითა და მუსიკალურობით. წლები, რომელიც მან თეატრში გაატარა, იყო შთაგონების, წარმატების, ტკივილის, ძიების წლები. იგი რუსთაველის ეროვნული თეატრის ტრიუმფის მომსწრე და მონაწილეა. 

გახლდათ საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი, ,,ღირსების ორდენის“ კავალერი. როგორც კომედიურ მსახიობს გადაეცა იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი ,,იპო“, 2010 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის ,,ვარსკვლავი“. 

რუსთაველის თეატრი განსაკუთრებული თაობის ერთ-ერთ ბოლო წარმომადგენელს გამოემშვიდობა და თებერვლის ცივ დღეს, უკანასკნელი თბილი ტაში გააყოლა...

დავით კვირცხალია:  როდესაც თეატრში მოვედი, ბატონი ჯემალი უკვე ღვაწლმოსილი მსახიობი იყო. ის იყო პირველი მასპინძელი, ვინც მე გულში ჩამიხუტა. მისი დიდი სითბო გამომყვა. იყო ნამდვილი უფროსი მეგობარი. ძალიან მგულშემატკივრობდა. უაღრესად კომუნიკაბელური, უღალატო ადამიანი იყო. აკმაყოფილებდა ყველა პარამეტრს, რაც კი მსახიობს სჭირდება: კარგი მეტყველების ოსტატი, მოცეკვავე, მუსიკოსი, ამიტომაც არის მისი როლები განუმეორებელი. 

ასაკის გამო მისი გარდაცვალება არ უნდა გაგვიკვირდეს. მაგრამ ჩვენ გული გვწყდება იმაზე, რომ ჯემალი აღარ გვეყოლება და მისი შემოქმედების საოცარი პალიტრა აღარ გაგრძელდება. ეს წყვეტა გვანერვიულებს. 

რუსთაველის თეატრი, ისევე როგორც ჩვენი სამშობლო, მარადიულია. ბევრი ნიჭიერი თაობა მოვა, ჯემალი კი ერთი იყო და ასე დარჩება...

ნინო კასრაძე: ისეთი არაჩვეულებრივი ადამიანები მიდიან, რა ვთქვა, არც ვიცი... ბატონი ჯემალი ჩემი პირველი პარტნიორი იყო სცენაზე სპექტაკლში - "სეჩუანელი კეთილი ადამიანები". ძალიან ვაფასებ, როგორც მსახიობს და როგორც პიროვნებას. უკეთილშობილესი ადამიანი იყო. დიდი სიყვარულის გაცემა შეეძლო.

მე არ მახსენდება ჯემალის გაფუჭებული როლი. ის თავისი ადამიანობით იყო შეუდარებელი. საერთოდ, ოჯახი აქვს ძალიან კეთილშობილი. 

ძალიან დიდი დანაკლისია მისი წასვლა... მადლობა, რომ მომეცით ამის თქმის საშუალება...

მურმან ჯინორია: რა ხიბლი ჰქონდა ამისთანა ჯემალ ღაღანიძეს, რომ ის ხალხს უყვარდა? ეს ხიბლი ან გაქვს, ან არ გაქვს. მას ვერავინ მოგცემს. სცენაზე რომ გამოვიდოდა, ყველა მას უყურებდა, შენატროდა. იმ 70 წლის მანძილზე , რაც მან რუსთაველის თეატრის სცენაზე გაატარა, რამდენ ადამიანს მიანიჭა სიხარული. ეს სიხარული გაჰყვეს მას იმ ქვეყნად...

ერთია, რომ კარგი მსახიობი ხარ, მეორეა, რომ ხარ კომფორტული ადამიანი. ის კომფორტული იყო ოჯახშიც, თეატრშიც, სამეგობროშიც, სუფრაზეც, სიმღერის დროსაც... არ მეგულება ადამიანი, ვინც ჯემალ ღაღანიძეზე უარყოფითს იტყვის. ეს ხომ რთულია, იყო თეატრში, სადაც ნერვები უმაღლეს დონეზე გეძაბება და არავისთან არ გქონდეს კონფლიქტი. პირიქით, ყველას უყვარდე და ყველა გეფერებოდეს. 

ზეიმი იყო მასთან ერთად სცენაზე დგომა. ასეთი რომ არ ყოფილიყო, ბატონი რობერტ სტურუა თავის განსაკუთრებულად აღიარებულ სპექტაკლებში ჯემალ ღაღანიძეს ხომ არ დააკავებდა? ის იყო ფანატიკოსი მსახიობი და კომფორტული ადამიანი. არასდროს იბოღმებოდა. ქმნიდა  ხასიათებს. იყო დიდი მსახიობი და დიდი ადამიანი...

ნანა ფაჩუაშვილი: ყველასთვის თავის წილ სითბოს გასცემდა. ასეთი იყო ჯემალი. ჩვენი თეატრის ერთგული. არაჩვეულებრივი პარტნიორი. განსაკუთრებული იყო, როგორც მსახიობი ისე პიროვნულად. ამბობენ, შეუცვლელი არავინააო, მაგრამ თეატრს ჰყავს შეუცვლელი მსახიობები, თუ პიროვნულად თუ - ისე. 

გამოვეთხოვეთ ჯემალს, რომელიც არ არის შეცვლილი, უბრალოდ, დღეს მას აკლდა იუმორი, მაგრამ მას ჩვენ გადავდეთ ის სითბო და სიყვარული, რაც მისდამი გაგვაჩნია. 

ნიკოლოზ წულუკიძე: ჩვენ ერთი სოფლიდან ვართ, ღანირიდან. "ღანირსკი" - ასე მივმართავდით ერთმანეთს. დაბადების დღეებს ხუთ წელიწადში ერთხელ იხდიდა, მრგვალ თარიღებს. ორი კვირით ადრე ველაპარაკე და მითხრა, თუ ვერ ავდექი ასე გადავიხდი: ხომ პირველ სართულზე ვცხოვრობ,  მე ფანჯარაში გადმოვდგები და თქვენ ეზოში გაშალეთ სუფრაო. ემზადებოდა...