წყალი 19 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1780942404
საავტომობილო გზების მიმდებარე ზოლებში შეუთანხმებელი ან შეთანხმების პირობების დარღვევით სამშენებლო საქმიანობაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.
პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ გზისპირა ზონებში, შეუთანხმებლად ან შეთანხმების პირობების დარღვევით ნებისმიერი სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას, ნაგებობის განთავსებისას, პირველ ეტაპზე, აღნიშნული გამოიწვევს ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის გაფრთხილებას და მისთვის გონივრული ვადის, ერთი თვის მიცემას, რომ პრობლემა აღმოფხვრას.
კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ ამ მითითების შეუსრულებლობა დადგენილ ვადაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 000 ლარის ოდენობით. პროექტში აღნიშნულია, რომ უფრო მკაცრი იქნება პასუხისმგებლობა, როდესაც ამას ჩაიდენს უკვე ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი. აღნიშნული გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 6 000 ლარის ოდენობით.
ცვლილებებით, ცალკე დაწესდება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედებას შედეგად მოჰყვა საავტომობილო გზის ან მისი შემადგენელი ნაწილის დაზიანება. პირველ ჯერზე მსგავსი ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 100 000 ლარის ოდენობით.