1728420497
„გადატვირთულია კლინიკები და არა კრემატორიუმი, როგორც ეს ზოგიერთ ჩვენზე უფრო ძლიერ ქვეყნებშია“ - თენგიზ ცერცვაძე
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა რესპირაციულ ვირუსებს, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნოემბერი-დეკემბერი და შემდეგ თებერვალი-მარტი არის რესპირაციული ინფექციების პიკის პერიოდი, საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის.
ამასთან, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ოდნავ შემცირდა და მცირედით იმატა კოვიდის შემთხვევებმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში კოვიდით გარდაცვალება მინიმუმამდეა დაყვანილი.
„მთელს მსოფლიოში ამ წელს იყო რესპირაციული ინფექციების ძალიან მაღალი გავრცელება, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ სამი წელი კოვიდის გამო იყო მკაცრი რეგულაციები და ის რესპირაციული ინფექციები მათ შორის გრიპები ფაქტობრივად არ იყო. ახლა ეს რეგულაციები რომ მოიხსნა, წამოვიდა ეს სეზონური რესპირაციული ინფექციები. საქართველოშიც ძალიან ბევრია შემთხვევები ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში. მაგალითად, ამერიკაში ყველაზე მაღალი რაოდენობაა რესპირაციული ინფექციების, 1990 წლის შემდეგ. არ ყოფნით საწოლები ხსნიან, დროებით ემერჯენსებს. საქართველოში ამ მხრივ გაუმჯობესდა ამჟამად სიტუაცია. სერიოზულად იყო გადატვირთული კლინიკები, თუმცა მოსახლეობა პანიკაში არ ყოფილა, რადგან ძალიან კარგად იმართება ყველაფერი, მაგრამ მოსახლეობის ცოტა ტენდენციურ ნაწილში მაინც იყო საყვედურები, რომ ძალიან ბევრია რესპირაციული ინფექციები, ვერ აუდის ჯანდაცვის სისტემა, არ არის სათანადოდ მომზადებული, – ეს არის დიდი სიცრუე. არ არის მომზადებული კი არა, ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა ჯანდაცვის სისტემა რესპირაციულ ვირუსებს. მართალია, ძალიან ბევრი რესპირაციული ინფექციაა, გადატვირთულია კლინიკები და არა კრემატორიუმი, როგორც ეს ზოგიერთ ჩვენზე უფრო ძლიერ ქვეყნებშია. ფაქტობრივად, ჩვენ კოვიდით გარდაცვალება მივიყვანეთ მინიმუმამდე. საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ოდნავ შემცირდა. კოვიდის შემთხვევებმა ოდნავ მოიმატა, მხოლოდ მცირედით, დღეში 200 შემთხვევაზე მეტი არ გვაქვს. ეს მაჩვენებელი არაფერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვაგან ათეულათასი შემთხვევებია. გრიპების პროცენტული წილი ცოტა შემცირებულია, მაგრამ ამ სეზონზე მაინც დომინირებს გრიპები კონკრეტულად კი A ტიპის ვირუსი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.