ბავშვებში ჩუტყვავილას შემთხვევებმა მოიმატა - რა რეკომენდაციებზე საუბრობს ზაზა თელია

chutyvavila

ბავშვებში ვირუსულმა ინფექციამ, ჩუტყვავილას შემთხვევებმა მოიმატა​. რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა და რა სიმპტომებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება? - ამ კითხვებს დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია საუბრობს. 

მედიკოსმა ჩუტყვავილას მკურნალობის მეთოდებზეც  ისაუბრა:

„ჩუტყვავილა ბავშვებში იწყება გამონაყარით, რასაც თან შეიძლება ტემპერატურა დაერთოს. მოზრდილებში პირიქით არის - არის ტემპერატურა, თავის ტკივილი, შემცივნება და შემდგომში შეიძლება გამონაყარიც დაერთოს.

გამონაყარი იწყება თავის არიდან და შემდეგ ვრცელდება ქვემოთ. შეიძლება "ბუშტები" შეგვხვდეს და ჩირქოვანი ტიპის გამონაყარიც, რომელმაც შესაძლოა, ქავილი გამოიწვიოს.

ქავილის გამო შეიძლება დარჩეს ნაწიბური, უნდა ვეცადოთ, რომ ხელით მისი მექანიკური დაზიანება არ მოხდეს.

ჩუტყვავილა მიეკუთვნება თვითგანკურნებად ინფექციას. მკურნალობა, როგორც წესი, არის სიმპტომური. თუ ტემპერატურაა მაღალი, ვსვამთ სიცხის დამწევს. ქავილის დროს ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატები, რა თქმა უნდა, დასალევი სახით. შეიძლება დაინიშნოს გარეგანი გამოყენების მალამოებიც. შხაპის მიღება შეზღუდული არ არის. ბანაობა უნდა მოხდეს თბილი წყლით.

ბავშვებში დაავადება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე მოზრდილებში. მოზრდილებში მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მოხდეს დიაგნოზის დადგენა. თუ დადასტურებიდან 12 საათის განმავლობაში დავიწყეთ ანტივირუსული პრეპარატის მიღება, ეს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს მიმდინარეობას.

სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით გეგმური ვაქცინაციის კალენდარში ვარიცელას აცრა არ შედის.

იმედი მაქვს, მალე შევა, იმიტომ, რომ განვითარებულ ქვეყნებში 90-იანი წლებიდან უკვე დანერგილია ვაქცინაცია,“- ამბობს ზაზა თელია.