„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
„ისინი შექმნიან ერთ ძლიერ მართლმადიდებლურ სახელმწიფოს, რომელსაც ეყოლება მირონცხებული მეფე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის უნდა ვილოცოთ. უნდა ვევედროთ უფალს, რომ ესე მოხდეს“, – ეს სხალთელი ეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის განცხადებაა, რომელიც მრევლს რუსეთის, უკრაინის და ბელორუსის გაერთიანებისთვის ლოცვებს ურჩევდა.
უფრო მეტიც, მეუფე სპირიდონი მიიჩნევს, რომ პუტინის გადაწყვეტილებები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციაზე ჩვენი ცოდვების ბრალია.
გაგიკვირდებათ და ამ ცალსახად პრორუსული განცხადებების ავტორი ერისკაცობაში ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი იყო და უკომპრომისოდ უპირისპირდებოდა საქართველოში საბჭოთა რუსეთის პოლიტიკას.
დისიტენტურ მოძრაობაში აქტიური მონაწილეობის გამო 1983 წელს საბჭოთა უშიშროებას გოჩა აბულაძე დაპატიმრებულიც ჰყავდა.
90-იან წლებში კი უკვე სასულიერო პირის რანგში ზრუნავდა ობოლ და მიუსაფარ ბვავშვებზე.
ვნახოთ რამდენიმე ეპიზოდი სხალთელი ეპისკოპოსის საერო და სასულიერო ცხოვრებიდან:
მთავარეპისკოპოსი სპირიდონი, ერისკაცობაში გოჩა აბულაძე 1950 წლის 14 ივნისს ზესტაფონში დაიბადა.
1967 წელს გოჩა აბულაძემ დაამთავრა ზესტაფონის N4-ე საშუალო სკოლა.
სკოლის დამთავრების შემდეგ, 1967-1972 წლებში, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტზე, ხოლო 1972-1976 წლებში – უნივერსიტეტის ასპირანტურაში კიბერნეტიკის სპეციალობით.
1975 წლიდან ასპირანტი გოჩა აბულაძე აკადემიკოს ვ. ჭავჭანიძის ხელმძღვანელობით მუშაობდა მეცნიერ-მუშაკად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა კათედრაზე, 1976 წლიდან – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მართვის ავტომატიზირებული სისტემების კათედრაზე.
1978-1979 წლებში გოჩა აბულაძე ქირურგიის ინსტიტუტის, ხოლო 1979 წლიდან სახალხო მეურნეობის მართვის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი იყო.
აქ იგი ლექციებს უკითხავდა საქართველოს მთავრობის კაბინეტის თანამშრომლებს მართვის სისტემების მიმართულებით.
XX საუკუნის 80-90-იან წლებში გოჩა აბულაძე აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, ამხელდა ხელისუფლების ანტიქართულ, ანტიქრისტიანულ ქმედებებს.
მისი აქტიური საქმიანობის შედეგი იყო ის, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო იძულებული გახდა გაეუქმნებინა რელიგიის რწმუნებულის აპარატი, სახელმწიფოსაგან ეკლესიისათვის დაწესებული ყოველთვიური გადასახადები.
1990 წლის 21 სექტემბერს, ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე), გოჩა აბულაძე აკურთხა დიაკვნად და სახელად უწოდა გრიგოლი. იგი განწესებულ იქნა ბათუმის საკათედრო ტაძარში.
1991 წლის დასაწყისში ხულოში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, რომლის ხელმძღვანელობა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაევალა მამა გრიგოლ აბულაძეს.
1991 წლის 25 ნოემბერს მღვდელი გრიგოლი დაინიშნა ბოდბის ეპარქიის წმინდა ნინოს მონასტერთან არსებული წმინდა ნინოს სახელობის და ხირსის წმიდა სტეფანე ხირსელის მონასტერთან არსებული წმიდა სტეფანე ხირსელის სახელობის სასულიერო სასწავლებლის რექტორად.
მღვდელი გრიგოლი იმ დროიდან მსახურობდა წმიდა სტეფანე ხირსელის მონასტრის წინამძღვრად და ბოდბის წმიდა ნინოს მონასტრის ღვთისმსახურად.
1994 წლის იანვარში ზესტაფონში გაიხსნა წმიდა ნიკოლოზის სახელობის სასულიერო სასწავლებელი, რომელიც ამზადებდა სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებს და მოწყალების დებს.
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მამა გრიგოლი დაინიშნა ამ სასწავლებლის რექტორად.
1994 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სიონის საკათედრო ტაძარში მღვდელ გრიგოლს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დეკანოზის წოდება და მიტრის ტარების უფლება მიანიჭა.
მამა გრიგოლის ინიციატივით 1995-1998 წლებში ზესტაფონის მოსწავლეთა ბანაკში ზაფხულობით ჩამოჰყავდათ საინგილოდან 100-150 ბავშვი და ერთი თვის განმავლობაში ასწავლიდნენ საქართველოს ისტორიას, ქართულ ლიტერატურას, ქრისტიანულ მრწამსს.
1997 წლის 25 თებერვალს დეკანოზმა გრიგოლმა ზესტაფონში დააარსა ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი.
2004 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დეკანოზ გრიგოლს დაავალა ჯავახეთში, ნინოწმინდაში, ბავშვთა სახლის შექმნა.
2006 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა დეკანოზი გრიგოლი ახლადშექმნილი სხალთის ეპარქიის მღვდელმთავრად გამოარჩია.
2006 წლის 22 დეკემბერს, ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ლავრის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარში დეკანოზი გრიგოლი ბერად აღკვეცეს და სახელად სპირიდონი უწოდეს.
23 დეკემბერს მღვდელ-მონაზონ სპირიდონს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 24 დეკემბერს არქიმანდრიტი სპირიდონი უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეპისკოპოსად აკურთხა.