პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ხევსურთა სარწმუნოებრივი სისტემა სიმბიოზია წარმართობისა და ქრისტიანობისა. ღვთაებათა სიმრავლე ანუ პოლითეიზმი დასტურია იმისა, რომ უხსოვარ დროში, ხევსურები, ქრისტიანობამდელი რწმენა - წარმოდგენებით სარგებლობდნენ.
მათ სწამდათ ცა-ღრუბლისა და ლაშქრობის, მეკოპრობისა (მეკობრეობა) და მონადირეობის, სვილიერებისა და საქონლის მფარველ ღვთისშვილთა არსებობა. ეთაყვანებოდნენ და ემსახურებოდნენ ზეციური ძალების მიწიერ საბრძანისებს, ანუ ჯვარ-ხატებს.
მიჰქონდათ მათთვის შესაწირი, წლის გარკვეულ დროს. ჯიხვის და ირმის რქებით ამკობდნენ ნიშებს, სათემო და სასოფლო სალოცავებს, საკულტო ნაგებობებს. თემი ჯვარ-ხატის საყმოდ, ხოლო თითოეული მეთემე მამაკაცი, მის ყმად იწოდებოდა.
თემის მმართველობის უზენაეს ორგანოს წარმოადგენდა „დარბაზი“, რომელიც როგორც საშინაო, ისე საგარეო საქმეებს არჩევდა და გამოჰქონდა განაჩენი.
არათანაბარი ძალა და გავლენა ჰქონდათ იერარქიის სხვადასხვა საფეხურზე განმწესებულ ზებუნებრივ ძალებს. მათ, თავის მხრივ, ჰყავდათ თანაშემწეები მწევრების, იასულების, დობილების სახით. ჯვარ-ხატების საბრძანებელი წმინდა ადგილად ითვლებოდა.
ბოლო დროის კვლევებმა აჩვენა, რომ „ხევსურები, მართლმადიდებლები ქრისტეშობამდე იყვნენ! ანუ მაშინ, როცა ისინი „ძველი აღთქმის“ რჯულით ცხოვრობდნენ.
მესიის განკაცების შემდეგ ხევსურთა დიდი უმრავლესობა ე.წ. „თვითრჯულის“ მდგომარეობაში აღმოჩნდა და საღმრთო მადლის კლებაც ნელ-ნელა დაეტყო ამ კუთხეს.
ხევსურეთის საკრალური გარემო იცნობს რამდენიმე გამორჩეულ, სახელგანთქმულ მკადრეს. ესენია - მინანი, გაიდაური, ბასხაჯაური, გახუა მეგრელაური, მგელა ჯაბუშანური, საღირა ჭინჭარაული.
მკადრე - ჯვარის მსახური, იგივე ხელკაცი, რომელიც თან დასდევს ჯვარს მის მოგზაურობაში. მკადრე ის ადამიანია, რომლის სიახლოვესაც კადრულობს ჯვარი, ან რომელიც ბედავს (კადრების მეორე მნიშვნელობა) მასთან სიახლოვეს თავისი სიწმინდის გამო.
გუდანის ჯვრის ლეგენდარული მკადრე (მსახური) გახუა მეგრელაური იყო. მკადრეს ერთადერთი იარაღი სამკადრეოა, რომლის საშუალებითაც, ის მასპინძლობს ჯვარს.
ცოტათი განსხვავებული კატეგორიის სასულიერო პირი – „მკადრე“, ხატის მიერ იყო „დაჭერილი“. ღვთისშვილი მას ფრინველის, ცეცხლის ანდა ჯვრის სახით ეცხადებოდა და ხილულად ესაუბრებოდა.
გახუა გომელაური ჯვრის მკადრე იყო და როგორც ამბობდნენ, ჯვარი „ხელზე მოუდიოდა". თუმცა, მას მაინც არ შეეძლო ღვთისშვილებთან ყოფნა ხორციელი სახით, რადგან, როგორც მითოლოგიაში არსებული თითქმის ყველა განსხვავებული განზომილების სივრცეში მდებარე ქვეყანაში, ისე ქაჯავეთში შეღწევა მხოლოდ „უხორცო" მდგომარეობით იყო შესაძლებელი.
ამ მიზეზით, ღვთისშვილებმა მისი სული სხეულიდან ამოაძვრინეს. ამის შესახებ ის თავად ამბობდა:
„სულ ამამაძვრინესავ, თქვისავ გახუამა-დ’ გვამივ ქვიშაში ჩაღმარხესავ", „დამაწვინესავ, სულ ამამაძვინესავ. მეც ანგელოზებთან ვიარევ".
ამის შემდეგ, ხახმატიდან დაძრულებმა მისი გვამი დათვისჯვრის მისადგომებთან, სადღაც კლდეში, ან მიწაში დამალეს, რათა უკან დაბრუნებისას, კვლავ ჩაეძვრინათ მასში სული.
მათ ეს ვერ მოახერხებს, რადგან გლახუას გვამს, სუნი ასდიოდა და ამასთან, მხარზე თაგვის ნაჭამი ემჩნეოდა, რისი მომიზეზებიდან მისივე სული გაუძალიანდა ღვთისშვილებს. ამ მომენტიდან მისი კვალიც ქრება.
გახუა იყო ჭორმეშიონი, გვარად გოგოჭური. მისი ნასახლარი ჭორმეშავის უბანში, რომელსაც ფიცრული ჰქვია, დღემდე არის შემორჩენილი.
იგი გუდანის ჯვარის მკადრე იყო, მაგრამ უფრო ხახმატის ჯვართან ყოფილა დაახლოებული, სადაც კი წავიდოდა ჯვარი, გახუას თან წაიყოლებდა ხოლმე.
გახუა მეგრელაური: (ნახატის ავტორი - შოთა არაბული).
გახუას ჯვარი ხელზე მოუდიოდა - როცა იგრძნობდა ჯვარის მოახლოებას, სამკადრეოს (საკადრისი, სუფთა ხელსახოცი), გადაიფენდა-ხოლმე მკადრე ხელზე, რათა ზედ ღვთისშვილი მტრედის ან ჯვარის სახით დამჯდარიყო. საკადრისი იმიტომ ეწოდება, რომ მასზე დაჯდომას კადრულობს ჯვარი.
გახუა პირს გვერდზე გაწევდა, რომ თავისი სუნთქვით ღვთისშვილი არ შეეწუხებინა და ასე ისმენდა მის ნებას.
გახუა ხანდახან დაიკარგებოდა - ერთ-ორ თვეს არ გამოჩნდებოდა, საფარველ დადებული დაჰყავდა თურმე ხახმატის ჯვარს.
სხვა ღვთისშვილებს არ მოსწონდათ, რომ ხახმატის ჯვარი, ასე იახლოვებდა გახუას, ხორციელის სუნი არ ეამებოდათ და საყვედურობდნენ თავიანთ მოძმეს ჯვარს, ხახმატის წმინდა გიორგის: - რა არის, ეს დედაკაცის ნაშობი, ჩვენში გარიეო?
ერთ დღეს, როცა გახუა თავის ფიცრულში იყო, ხახმატის გიორგი გამოეცხადა და აცნობა, რომ ღვთისშვილები მისი წინამძღოლობით ქაჯავეთის დასალაშქრავად მიდიოდნენ და მათ შორის საყმოს წარმომადგენელი უსათუოდ უნდა ყოფილიყო, რათა თავისი თვალით ენახა ქაჯავეთის სამჭედლოს საიდუმლო.
რაკი სხვა ღვთისშვილები ადამიანის სუნს ვერ იტანდნენ, ხახმატის გიორგიმ უბრძანა გახუას, სამ დღეს ემარხულა.
ორ დღეს იმარხულა გახუამ, მაგრამ მესამე დღეს სულმოკლეობა გამოიჩინა და პური და ყველი შეჭამა, და ისევ აუვიდა გახუას ადამიანის სუნი.
რა ექნა ხახმატის გიორგის? გახუა თავად ჰყვებოდა ხოლმე - „წამიყვანეს ღვთისშვილებმა და ველკეთილზე ეხში (მღვიმე) დამაწვინეს და სული ამომიძვრინეს, გვამი კი იქვე მიწაში ჩამარხესო.
ასე გაიყოლიეს ღვთისშვილებმა გახუას სული, აიარეს ველკეთილი, გადავიდნენ დათვისჯვრის უღელტეხილი და უჩინრად გასწიეს ქაჯავეთსიკენ. ქაჯავეთის დალაშქვრის შემდეგ, უკანა გზაზე მივიდნენ იმ ეხთან, სადაც გახუას გვამი იყო ჩაფლული.
მისი სული ისევ სხეულში უნდა ჩაებრუნებინათ, მაგრამ გვამს თურმე მატლი ეხვეოდა და ისე ყარდა, რომ გახუას შეზიზღებია თავისი გვამი, აღარ მოუნდომებია ამყრალებულ გვამში შესვლა და გაქცევა დაუპირებია, სად გარბიხარ, მეპურყველე გახუაო, უთქვამთ ღვთისშვილებს, ჩაძვერი შენს გვამშიო და „ძალით ჩამაძვრინეს პირიდანო და ავდექი ხორციელი კაციო“.
გახუას, - ამბობდნენ, - თაგვის ამონაჭამი აჩნდა მხარზეო. თავად ჰყვებოდა თურმე: ქვიშაში თაგვს ჩემ მხარზე ხორცი ამოეჭამა და, რომ გავცოცხლდი, თაგვისაგან ამოჭმული მტკიოდაო.
მერე წამალი მასწავლეს ღვთისშვილებმა და, როცა შინ დავბრუნდი, ნასწავლი წამალი მოვისვი და მომირჩაო.
თავდაპირველად გახუა, არაფერს ამბობდა ღვთისშვილებთან თავისი სიარულის შესახებ. ღვთისშვილებისგან არ ჰქონია ლაპარაკის ნება.
ბოლოს, ხამში რომ შესულა, ნებაც მისცემია და საუბარიც დაუწყია თავის თავგადასავალზე და ღვთისშვილთა საიდუმლო ამბებზე. ამ დროს აღარც ხელზე მოუდიოდა ჯვარი.
გახუას, ცოლის მოყვანის უფლება არ ჰქონია ჯვრისგან, მაგრამ მაინც უთხოვია ცოლი. ბავშვს, რომელიც შეეძინა, თან ოქროს ჯაჭვი დაჰყვა დედის მუცლიდან.
იზრდებოდა ბავშვი, იზრდებოდა ჯაჭვიც, მაგრამ ბოლოს, ჯაჭვი აღარ გაიზარდა და მოახრჩო ბავშვი. ამბობდნენ, ჯვარის ნებას რომ არ დაემორჩილა, ამიტომ უძეოდ გადაეგო გახუაო.