რატომ არის დღემდე სრულიად უხრწნელი იოანე ოქროპირის ყური

ioane

26 ნოემბერი წმინდა მამის, მღვდელმთავრის - იოანე ოქროპირის ხსენების დღეა.

მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა იოანე ოქროპირი, ბასილი დიდთან და გრიგოლ ღვთისმეტყველთან ერთად, განეკუთვნება მსოფლიოს უმთავრეს მღვდელმთავართა რიცხვს. ჭაბუკი იოანე თავისი დროის საუკეთესო ფილოსოფოსებთან და რიტორებთან სწავლობდა. მაგრამ მომავალმა მღვდელმთავარმა თავიდანვე უგულებელჰყო წარმართთა ამაო მეცნიერებანი და ადრევე ჩაუღრმავდა საღმრთო წერილის შესწავლასა და ლოცვით განმჭვრეტელობას. სამი წლის შემდეგ იოანე მკითხველად (მედავითნედ) იქნა დადგენილი ეკლესიაში. დედის გარდაცვალების შემდეგ წმინდა იოანე ბერად აღიკვეცა, რასაც იგი ”ჭეშმარიტ ფილოსოფიას” უწოდებდა. ოთხი წელიწადი გაატარა წმინდანმა მეუდაბნოე ცხოვრების მძიმე ყოფაში. შემდეგ კი ხორციელად დაუძლურებული იოანე იძულებული გახდა, ანტიოქიაში დაბრუნებულიყო, რათა ჯანმრთელობა აღედგინა. 381 წელს წმინდა მღვდელმთავარმა, მელეტი ანტიოქიელმა, დიაკვნად აკურთხა იგი. 

386 წელს წმინდა იოანეს ხუცესად დაასხა ხელი ანტიოქიის ეპისკოპოსმა ფლაბიანემ და ღვთის სიტყვის ქადაგება დაავალა ეკლესიაში. წმინდა იოანე მდაბლად შეუდგა ამ მორჩილების აღსრულებას და ბრწყინვალე მქადაგებელი აღმოჩნდა. სიტყვის იშვიათი, ღვთივსულიერი მადლისათვის მრევლმა მას ”ოქროპირი” უწოდა.

***

ათონის სიწმინდეთაგან ყველაზე განსაცვიფრებელია წმინდა იოანე ოქროპირის ყური, რომელიც სრულიად აუხსნელი გზით არის მიმაგრებული მის თავის ქალაზე. ამ ყურის გარდა წმინდა მღვდელმთავრის ქალაზე კანის ერთი ფრაგმენტიც არ არის დარჩენილი.

საინტერესოა, რატომ მაინცდამაინც ყური დარჩა უხრწნელი? შესაძლოა ამ კითხვაზე პასუხი წმინდა იოანე ოქროპირის ცხოვრებამ გაგვცეს.

ერთხელ მისმა მორჩილმა პროკლემ, მღვდელმთავრის კაბინეტის კარის ჭუჭრუტანიდან, დაინახა უცნობი სათნო მოხუცებული, რომელიც ოქროპირს ზურგს უკან ედგა და ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა.

ასე გაგრძელდა ზედიზედ რამდენიმე ღამე. წმინდა მღვდელმთავარი ამ დროს პავლე მოციქულის ეპისტოლეების განმარტებაზე მუშაობდა. დროდადრო ეჭვი აწუხებდა, ვაითუ, ჩემი ნაშრომი ღვთივსათნო არ იყოსო. შიშობდა, ვაითუ, სწორად არ ესმოდა ეპისტოლეების გაუგებარი ადგილები...

პროკლემ ცნობისმოყვარეობის დაოკება ვეღარ შეძლო და გადაწყვიტა, ეკითხა ოქროპირისთვის, ვინ იყო ის მოხუცებული, რომელიც გაურკვეველი გზით ხვდებოდა მღვდელმთავრის ოთახში და ასევე იდუმალად ქრებოდა იქიდან. ოქროპირმა გაოცებით უპასუხა, რომ მასთან არავინ შესულა. პროკლე ყურადღებით დააკვირდა წმინდა იოანეს მაგიდის თავზე დაკიდებულ ხატს და საოცარი მსგავსება აღმოაჩინა იმ მოხუცებულსა და ხატზე გამოსახულ წმინდანს შორის. ეს მოციქულთა თავის პავლე მოციქულის ხატი იყო.

იოანე ოქროპირი მიხვდა: მოციქულის გამოცხადება ნიშნავდა იმას, რომ მისი ნაშრომი ღვთივსათნო იყო.

ყური, რომლისკენაც არაერთხელ დახრილა პავლე მოციქული და უკარნახია მღვდელმთავრისთვის, თუ რას გულისხმობდა იგი თავისი ეპისტოლეების ამა თუ იმ ადგილას, ამ სასწაულის ნამდვილობის დასტურად უხრწნელი დარჩა.