ეს ლოცვა პატრიარქმა დაწერა - „ნახავთ, უფალი სასწაულს მოგივლენთ“
1733291176
გაბრიელ ბერის ნათქვამი სიტყვა იმდენად სათნო იყო ღვთისთვის, რომ ის მაშინვე სრულდებოდა. ჩვენი დროის უდიდეს წმინდანს საქართველოს ყოველი გოჯი და მისხალი სტკიოდა. როცა საქართველოზე დარდი მოაწვებოდა, მონაზონს დაუძახებდა თურმე და "იავნანას" ამღერებდა. ვაი, იმ ბერსა და მონაზონს, ვისაც თავისი ერის სატკივარი არ სტკივაო, ამბობდა.
არ მოსწონდა, როდესაც ქართველები საქართველოს ტოვებდნენ და სამუშაოდ და საცხოვრებლად მიდიოდნენ უცხოეთში. ნაწყვეტი მისი სულიერი შვილების ნაამბობიდან.
მამა გაბრიელი: სამშობლოდან ქართველის გაქცევა, ღვთისმშობელს ძალიან სწყინს. არ მიატოვოთ საქართველო. არ განგირისხდეთ დედაღვთისმშობელი. ადამიანი სადაც დაიბადება, იქ გადმოდის მასზედ კურთხევა.
ნეტავ, ვინ იქნება ის ბედნიერი, ვინც თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელს გაიგებსო, უთქვამს ერთხელ და თვალი დახუჭა თუ არა, იხილა, როგორ დასდგომოდა თამარ მეფე საკუთარ საფლავს და გაბრიელს ეძახდა: აქ ვარ გაბრიელ, აქაო. მაშინვე ვიცანი ის ადგილიო, უყვებოდა მერე მამა გაბრიელი სულიერ შვილებს.
"მე ვიცი, სადაც არის თამარ მეფის საფლავი, ოღონდ თვითონ გამოჩნდება. სანამ მუზეუმიდან ანჩის ხატს არ გამოიტანენ, სანამ აწყურის ღვთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი არ ჩამოვა ათონის მთიდან, როგორ გაბრწყინდება საქართველო?"
ივერიის ღვთისმშობლის ხატი გამორჩეულად უყვარდა გაბრიელ ბერს, "ცისა და ქვეყნის დედუფალს" უწოდებდა და ქებით განადიდებდა.
1912 წელს ივერიის მთიდან შემოწირული ხატის წინ მამა გაბრიელი საათობით იდგა მუხლმოდრეკილი და ხელაპყრობილი, თავისი ბრწყინვალე ხმით "ღირს არსს" უგალობდა და საქართველოს მომავალს ევედრებოდა.
როცა ჰკითხეს, რატომ არ იქადაგა ქრისტიანობა დედაღვთისმშობელმა საქართველოშიო. მან კი უპასუხა: ის ხომ დედუფალია ცისა და ქვეყნისა და უფალს არ უნდოდა, მის დედას კარდაკარ ევლო...
მის სენაკში შეკრებილი ადამიანები დიდ სულიერ შვებას გრძნობდნენ, როცა გაბრიელ ბერის სიტყვა სასწაულებრივად აახლოებდა მათ უფალთან... ბერზე ღვთის მადლი გარდამოდიოდა და მისი ხმით უფალი საუბრობდა.
მამა გაბრიელი: ეს ჯვარი მე თქვენამდე სულ სისხლით ვატარე. ნეტავ, ცოტათი მაინც გამიგოთ, ნეტავ ცოტათი მაინც გესმოდეთ ჩემი. ადამიანთა სიყვარულმა შიო მღვიმელი 12 მეტრიან ჭაში ჩაიყვანა და იქ მოღვაწეობდა 15 წელიწადი. განა ეს ადვილი იქნებოდა?
ამას იტყოდა თვალცრემლიანი. მერე უეცრად შეიცვლებოდა, ხელებს გაშლიდა და სარკასტულად წამოიძახებდა: დაყუდებული ვიყავი, წმინდანი წმინდანზე მეცხადებოდა, გაბრიელ, გეყოფა, რას შვებიო?
მონაზონ პარასკევას ნაამბობიდან:
ერთხელ, როდესაც ფეხს ვბანდი, მითხრა, უფალმა შენს თვალთაგან საიდუმლოება დაფარა. დავიბენი და ვთხოვე განემარტა ნათქვამი. თუ საჭიროა, უფალი თვითონ მიგახვედრებსო, მიპასუხა. შემდეგ მივხვდი, რომ ფეხები ჰქონდა საოცრად ფაფუკი, ძალიან თეთრი, ოდნავ სხვანაირი მოყვანილობის, ძალიან ნაზი, მოვარდისფრო კანი, ჩვილ ბავშვებს რომ აქვთ. ანგელოზებს რომ ხატავენ, ისეთი ფორმის.
მამა გაბრიელი: ზოგი ამბობს, როდის გაბრწყინდება საქართველოო?.. კი მაგრამ, დალოცვილო, აღსარება თქვი, ეზიარე, ვინ გიშლის ცხონებას. ფიალა ავსებულია და სადაცაა უფალი გადმოანთხევს. ღვთისმშობელი მალე შეიწყალებს საქართველოს, ოღონდ ის სულ სხვა სიკეთე იქნება...