1740914281
„მეტყველება არ ესმოდა, მთვარეს უყეფდა...“ - როგორ ცხოვრობს ახლა ბიჭი, რომელსაც 6 წელი ძაღლი ზრდიდა

პატარა ვიქტორს დედა და ბებია ჰყავდა. მათთან ერთად ცხოვრობდა პატარა სახლში, მაგრამ ამ ქალებიდან არც ერთი ბავშვზე არ ზრუნავდა. წელიწადნახევრის ასაკიდან ბიჭი ძაღლთან ერთად ცარიელ ოთახში ცხოვრობდა. მასთან ერთად საერთო საფენზე ეძინა და ძაღლის თასიდან ჭამდა. ამ ფაქტის შესახებ ბავშვის პედიატრმა შეიტყო, რომელმაც შენიშნა, რომ ბავშვი აღრიცხვაზე დიდი ხანია არ იმყოფებოდა.
სახლში შესულმა პოლიციამ შემზარავი სურათი ნახა: ერთ-ერთ ოთახში პატარა შიშველი ბიჭი და გამოკეტილი ძაღლი დახვდათ. ბავშვი ოთხზე ცოცავდა, მისი ხმა ყეფას უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანის მეტყველებას, იღიმებოდა და ზოგადად, ძაღლივით იქცეოდა. ბავშვი უფროსების დანახვისას შეშინდა და კუთხეში მიიმალა. მოგვიანებით ერთ-ერთმა პოლიციელმა გაიხსენა: „ბიჭის თმა ტილებით იყო გაჟღენთილი, ხელების და ფეხის ფრჩხილები დაახლოებით ხუთი სანტიმეტრი იყო“.
ბავშვი ოჯახიდან წაიყვანეს, მისი დედა და ბებიები კი გაასამართლეს. თუმცა მხოლოდ პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, დედას მშობლის უფლება ჩამოერთვა. ბავშვთა სახლი ბიჭუნას სათანადოდ ვერ მოუვლიდა. საბოლოოდ მას გაუმართლა - იშვილა ოჯახმა, რომელსაც იმ დროს უკვე რამდენიმე ნაშვილები შვილი ჰყავდა.
„უფროსმა ბავშვებმა ასწავლეს ლაპარაკი, მაგრამ ყეფით პასუხობდა და საწოლის ქვეშ იმალებოდა“, - ამბობს მისი მშვილებელი.
ახლა ბიჭი 25 წლისაა. მიუხედავად რთული წარსულისა, ბევრი რამის მიღწევა მოახერხა ცხოვრებაში - ისწავლა სიარული და ლაპარაკი, სკოლაშიც კი დადიოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა და ორ პროფესიას დაეუფლა - კერვას და მებაღეობას. ვიქტორს უყვარს ყველაფერი, რაც ეხება მცენარეებსა და ცხოველებს - მისი მშვილებლის მიერ შექმნილ სარეაბილიტაციო ცენტრში კურდღლებზე ზრუნავს, ძროხებისთვის თივა მიაქვს და ყვავილებს უვლის.