ცოლის ღალატს ვერ იჯერებდა, ეგონა კონკურენტები უგონებდნენ – თბილისელი მილიონერის საბედისწერო ისტორია

თბილისელი მილიონერი

კავკასიაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი – მიქაელ არამიანცი თბილისში, 1924 წლის 19 დეკემბერს, სიღარიბეში გარდაიცვალა. ამბობენ, რომ სიკვდილამდე, მას ხშირად ხედავდნენ სასტუმრო „მაჟესტიკთან“ ჩამომჯდარს, ხან კი გარს უვლიდა ამ მშვენიერ და იმ დროისათვის, უიშვიათესი არქიტექტურის შენობას, როგორ ეფერებოდა მის კედლებს და ამბობდა – „რა დრო იყოო“.

თბილისში მას ჰქონდა სახლები, მიწის ნაკვეთები, მამულები, კოტეჯები. მის მფლობელობაში იყო ახტალასა და კისლავოდსკში მდებარე სასტუმრო კომპლექსები. ხოლო მე-20 საუკუნის დასაწყისში, გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირი) სასტუმრო „მაჟესტიკის“ მშენებლობა გადაწყვიტა.

პროექტი საკმაოდ ამბიციური იყო, თუმცა, არამიანცს შეეძლო მისთვის თავის გართმევა. შენობის აგება იმ დროისათვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არქიტექტორს – გაბო ტერ-მიქელოვს დაავალა, რომელსაც ჰქონდა მისია, აეგო მეცენატის საყვარელი გემის – „მაჟესტიკის“ მსგავსი შენობა. ამისათვის, არამიანცმა იგი ორი წლით გაგზავნა ევროპაში, რათა გაცნობოდა და დეტალურად შეესწავლა საუკეთესო ევროპული სასტუმროების არქიტექტურა. მშენებლობა 1915 წელს დასრულდა.

„მაჟესტიკის“ პროექტი, რომელშიც განსაკუთრებული გემოვნებით იყო გამოყენებული ბაროკოსა და რენესანსის მოტივები, პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 1912-1915 წლებში გოლოვინის პროსპექტი ახალი არქიტექტურული შედევრებით დამშვენდა. მდიდრული სასტუმროს ფასადი ქუჩასთან ერთად უხვევდა და ერწყმოდა ქალაქის რთულ რელიეფს, თუმცა, სანამ სასტუმროს შესაბამისი ინვენტარით აღჭურვავდნენ, პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, დროთა განმავლობაში კი, მიქაელის შედევრი ხან ლაზარეთად გამოიყენებოდა, კომუნისტების დროს კი სასტუმრო „თბილისის“ სახელს ატარებდა. ბოლშევიკური რეჟიმის პირობებში, მეცენატს საკუთარ ქმნილებაზე უფლება არ ჰქონდა.

გარდა ამისა, ბიზნესმენმა ამ პერიოდში ააგო ძვირადღირებული სასტუმრო, რომელსაც შვილების სახელების პირველი ასოებისგან შემდგარი სახელი, „არფასტო“ უწოდა (შემდგომში – „პალას-ოტელი“, ახლა ამ შენობაში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტია განთავსებული). ამასობაში კი, არამიანცს დიდი უბედურება დაატყდა თავს: მისი ერთ–ერთი ვაჟი, სოღომონი გაიტაცეს და იმ დროისათვის დიდი გამოსასყიდი 100 ათა­სი მანეთი მოითხოვეს. არამიანცმა თანხა გადაიხადა და შვილი ტყვეობიდან დაიხსნა, თუმცა, მალე, მიუხედავად ექიმების ჩარევისა, მისი მეორე ვაჟი – ოვანესი გარდაიცვალა. ზოგიერთი ისტორიკოსი სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს ქალაქში პირველი კლინიკური საავადმყოფოს – არამიანცის აგების გადაწყვეტილებას.

***

მიქაელ არამიანცი, რამდენადაც წარმატებული იყო ბიზნეს საქმიანობაში, იმდენად წარუმატებლად ირეკლებოდა ეს მის პირად ცხოვრებაზე, თუმცა, სანამ მის ცხოვრებაში გამოკვეთილ ორ ქალზე ვისაუბრებდეთ, უნდა მოვყვეთ ისტორია მისი ნავთობმაგნატობის შესახებ, საიდანაც მან მისი ძირითადი კაპიტალი დააგროვა... ვრცლად